(რეზონანსი) სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამბიონზე ბავშვები იხმო, დალოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა ახალგაზრდების აღზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკს, რაც დიდი ცოდვაა.
პატრიარქმა ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ისინი ნარკოტიკს არასოდეს გაეკარებიან.
„დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი - ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად - თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა ქადაგებისას ასევე დალოცა უცხოეთში მყოფი ქართველები და ისურვა, რომ ისინი სამშობლოში მალე დაბრუნდნენ.
„ბევრი ახალგაზრდა დღეს წასულია უცხოეთში, ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ცხოვრობს უბრალოდ, ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ღმერთმა მალე დააბრუნოს სამშობლოში", - ბრძანა ილია მეორემ.