“ქართული ოცნება” არ იზიარებს, ევროპარლამენტარების მოწოდებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელ გაათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ეს ევროპარლემენეტის რამდენიმე წევრის განცხადებაა, რომელიც მთლიანი ორგანოს მოსაზრებას არ წარმოადგენს.
ამასთან, მერაბიშვილის განთავისუფლება არც პოლიტოლოგთა ნაწილისთვის არის მისაღები. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი `რეზონანსთან” აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე სრული უმოქმედობა მომავალში იმ ზეწოლის გაზრდას გამოიწვევს, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს და მათ ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, პატივი სცენ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მერაბიშვილის საქმეზე ასეთი მაღალი რანგის გამოხმაურება ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.
„ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოხმაურებები უკვე იყო ესტონეთის პარლამენტართა და პოლიტიკოსთა ჯგუფის, ლიტვის და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან. იყო მოწოდებები, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.
“განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ წერილს ხელს აწერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და დიდი იმედი გავქვს, რომ განსხვავებით წინა შემთხვევებისა, საქართველოს მთავრობა პატივისცემით მოეპყრობა მაღალი რანგის სიგნალს ბრიუსელიდან”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
“ქართული ოცნების” წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ წერილი არ გამოხარტავს ზოგადად ევროპარლამენტის აზრს და ეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის მოსაზრებაა.
“ევროპარლამენტი არის ევროპის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილი პარლამენტარები და თითოეულ მათგანს თავისი აზრი აქვს. ევროპარლამენტარების ჯგუფის აზრი არ გამოხატავს მთლიანი ევროპის ან ევროპული საზოგადოების აზრს.
“მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” 4 წლიანი მცდელობისა, რომ ყველა რეზოლუციაში შეეტანათ ის, რომ მერაბიშვილი იყო პოლიტპატიმარი და მას ტიმოშენკოსა და სხვა პოლიტპატიმრებს უთანაბრებდნენ, ევროსაბჭოს არცერთ რეზოლუციაში მერაბიშვილი, როგორც პოლიტპატიმარი მოხსენიებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს ერთიანი დამოკიდებულება ის არის, რომ ვანო მერაბშვილი პოლიტპატიმრად არ განიხილება.
“რაც შეეხება პარლამენტარების ცალკეულ ჯგუფებს, ზოგ მათგანს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აქვს მჭიდრო ურთიერთობა, ზოგს თავისი შეხედულება აქვს და მიაჩნიათ, რომ მერაბიშვილზე ასეთი რაღაც უნდა ჩაიწეროს. რა თქმა უნდა, მათ უნდა მოვუსმინოთ, ისვე როგორც ჩვენს პარლამეტში არსებობს განსხვავებული აზრები და ვუსმენთ ასეთ ადამიანებს”, - განაცხადა გუგული მაღრაძემ და “რეზონანსის” კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ რასაკვირველია, ხელისუფელბა არავითარ რეაგირებას არ მოახდენს ამ წერილზე.
“რაც არის სასამართლოს დადგენილებაში, იმას ვიზიარებთ. იქ არსად არ წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. ის სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულებისთვის. თუ იყო პროცედურული დარღვევები, ვინც დაარღვია, ამისთვის შესაძლოა გარკვეული დისციპლინარული პაუხისმგებლობა დადგეს. ამის განხილვა შესაძლებლია, თორემ ის, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, ამას ყველა აღიარებს უცხოეთშიც და საქართველოშიც. ასე რომ, აქ არავითარი რეაგირება საჭირო არ არის”, - გვითხრა გუგული მაღრაძემ.
რამდენად სწორია უმრავლესობის მხრიდან ასეთი ტიპის დამოკიდებულება, ამის შეფასებას “რეზონანსი” პოლიტოლოგებთან შეეცადა. როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, ხელისუფლების მხრიდან ყველაზე სწორი იქნებოდა იმ პიროვნების დასჯა, რომელმაც პროცედურები დაარღვია. ეს შეამცირებდა იმ ზეწოლას რომელიც დღეს ევროპარლამენტარების ნაწილისგან ხორციელდება.
“ეს არასასიამოვნოა. მართალია, ეს არ არის საპარლამენტო ასამბლეის განცხადება და რამდენიმე დეპუტატის მოსაზრებაა, მაინც არასასიამოვნო პროცესია, რადგან სავაარუდოდ მხოლოდ ამ განცხადებით არ შემოიფარგლებიან ეს დეპუტატები და საკითხი მუდმივად იქნება სხვადასხვა ფორუმებზე წამოწეული. ეს სასიამოვნო არ არის.
“მეორეს მხრივ, რაც შეეხება გამოშვების საკითხს, გასაგებია, რომ დარღვევები იყო, მაგრამ საკამათოა, არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. სხვა საკითხია ის, დასჯის თუ არა ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებმაც უკანონო ქმედებები ჩაიდინეს მერაბიშვილის მიმართ. თუ ასე მოხდება ეს იქნება კომპენსაცია და მთავრობას ექნება სათქმელი, რომ მათ რეაგირება მოახდინეს ამ უკანონო ქმედებაზე.
“თუ არც არავის დასჯის და არც მერაბიშვილს გაათავისუფლებს, აქ იბადება პრობლემა. ერთ-ერთი უნდა გაკეთდეს, რადგან, როცა არაფერის გაკეთება გინდა, მაშინ პრობლემა იზრდება. საქართველოს რომ ვინმე დაესაჯა, ეს შეასუსტებდა იმ ზეწოლას, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებიდან უკვე წამოსულია და ხვალ შეიძლება უფრო მეტი გაჩნდეს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.