2004 წელს დიდუბის პანთეონთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ამბობს, რომ შესაძლოა, მისი ლიკვიდაცია მოხდეს, რისი თქმის საფუძველსაც ის სასამართლო პროცესი აძლევს, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესზე უამრავმა მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი იმ ადამიანებმა მიიტანეს, რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე სხედან.
"გახსოვთ ალბათ, ზურა ვაზაგაშვილს რაც უქნეს. ახლა ჯერი ჩემზეა და მთელი ეს "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა მე მიპირისპირდება იმის გამო, რომ ცოტა დრო დარჩათ, რადგან ძალიან მალე დაიჭერენ. ამის გამო ხდება ჩემზე შეტევა", - განაცხადა მეტრეველმა.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს - დავით იაშვილს, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძეს, ზაზა ბაქრაძეს და ზურაბ მიქაძეს უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან.
ია მეტრეველი: ბუტა რობაქიძის საქმეზე ბოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. თითქმის კვირაში სამჯერ იყო სხდომები ჩანიშნული. ბოლო სხდომებზე პროკურატურამ მოიყვანა მოწმეები, რომლებიც ბიჭების უდანაშაულობას ადასტურებენ, ამბობენ, რომ იარაღი ადგილზე მოგვიანებით მიიტანეს. ამ იარაღის მიტანაში დამნაშავეები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს საბრალდებო სკამზე სხედან. ისინი გირაოთი არიან დროებით გათავისუფლებულები.
ახლა, როცა სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, გააქტიურებულია "ნაციონალური მოძრაობა" და მთელი მანქანაა ჩართული ჩემ წინააღმდეგ. სასამართლო დარბაზშიც და გარეთ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ. ამიტომ ვამბობ, არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს ვაზაგაშვილივით მკვდარს მიპოვიან. დამნაშავეები ძალიან ცინიკურად და თავხედურად იქცევიან, განსაკუთრებით გამოირჩევა ფირცხალავა.
"მთელი კვირა": სიტყვიერ შეურაცხყოფას ახლავს თუ არა მუქარაც?
ი.მ.: მუქარა არა. ძირითადად შეურაცხყოფაა. ყველანაირად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციასა და რეპუტაციის შელახვას, რათა ჩემს სახელს ჩირქი მოსცხონ. ახლა მათმა წარმომადგენელმა, რომელმაც ფირცხალავასთან ერთად დააფუძნა "სამართალდამცველების რეფორმირების ცენტრი", ზვიად კუპრავამ, ჩემ წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ეს არის სამარცხვინო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კრიმინალებისგანაა დაკომპლექტებული.
კუპრავა ადრე პატრული იყო და სამსახურიდან გაგდებულია სამარცხვინო საქციელის გამო, თუმცა არ დავაკონკრეტებ, თავად ჩემზე უკეთ იცის. პროკურატურაში "ქომაგის" წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომ ვითომ თანხა არამიზნობრივად იხარჯება, რაც სრული აბსურდია. ჯერ ერთი, გასარკვევია, "თიბისი ბანკმა" რა უფლებით მისცა ჩემი პირადი ანგარიში, მაგრამ რაც უნდათ, ის უქნიათ, თანხის ხარჯვა გამჭვირვალეა და თუ უნდათ, სტრასბურგში შეიტანონ სარჩელი.
კარგად იცის საზოგადოებამ, რომ "ქომაგში" რაც ჩაირიცხა, იქვე გაიყინა, დაყადაღებული იყო ანგარიშები. ახალი ხელისუფლების შემდეგ, როდესაც ყადაღა აეხსნა, გვარებით არის გაწერილი, ვის ჩაერიცხა თანხები. ვისაც უნდა, იმან ნახოს და შეამოწმოს.
ისეთ შეტევაზე არიან გადასული, რომ არ გამიკვირდება, თუ მომკლავენ. ჩემთვის გულდასაწყვეტია ის, რომ 13 წელია, ომში ვარ. 5 წელი გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მაგრამ დღესაც ამ ომში მიწევს ყოფნა. იური ვაზაგაშვილი ამ კრიმინალებმა ახალი ხელისუფლების პერიოდში მოკლეს. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ მეც იგივე დამმართონ, რადგან ძალიან გამწარებულები არიან, იციან, რომ ცოტა დრო დარჩათ და მალე ციხეში აღმოჩნდებიან.
"მ.კ.": თქვენს შესაძლო ლიკვიდაციაზე ადრეც საუბრობდით.
ი.მ.: ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობს, რომელსაც დაავალეს ჩემი ლიკვიდაცია. ახლა იგი დაკავებულია. ჩემი მკვლელობა იგეგმებოდა 2008 წელს, თუმცა ომი დაიწყო და გადავრჩი. დღეს კი ხელს არაფერი უშლით. ხომ ხედავთ, რა დღეში არიან?! ეს კი იმის ბრალია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. 13 წელია, ამათ ვებრძვი, არადა, ციხეში უნდა ყოფილიყვნენ.
"მ.კ.": პროკურატურის ან სასამართლოსთვის დაცვის გამოყოფაზე ხომ არ მიგიმართავთ?
ი.მ.: არა. სიკვდილის არ მეშინია, ის ახლა ჩემთვის ყველაზე ახლობელია, რადგან ბუტა იქ მყავს. სიკვდილთან ერთად ვცხოვრობ. ვერც სიკვდილით და ვერც ვერაფრით შემაშინებენ. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ისინი ახლა აგონიაში არიან. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა სასამართლო პროცესი, მაქსიმუმ, 2 თვეში დასრულდება და მალე ეს ადამიანები იქ ამოყოფენ თავს, სადაც საჭიროა.