"კვირიკაშვილს ცუდი მდგომარეობა შეუქმნა ჯერ განათლების ყოფილმა მინისტრმა, რადგან მისი მოყვანილი იყო და იცავდა ჯეჯელავას, რომლის მიმართ უპრეცედენტოდ კრიტიკული, კრიტიკულიც კი არა, დამცინავი დამოკიდებულება გაჩნდა. ახლა თუ ამოტივტივდება ტენდერების თემა და ა.შ., შეიძლება კვირიკაშვილს გარკვეული გამოცდის გავლა მოუწიოს," - პრემიერ-მინისტრისა და "უცნობის" დაპირისპირებაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"მთელი კვირა": ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ნაწილად იყოფა და ახლად შექმნილ ერთ ფრაქციას - "უცნობის" მეგობარი ბიძინა გეგიძე, მეორე ფრაქციას კი ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. ეს ფაქტი დროში დაემთხვა "უცნობის" მიერ ტენდერების თემაზე გახმოვანებულ სკანდალს და, თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა ფრაქციის სამ ნაწილად გაყოფა "უცნობის" დაპირისპირებას ტარიელ ხეჩიკაშვილსა და კვირიკაშვილთან?
რამაზ საყვარელიძე: პრაქტიკულად, ყველა თავყრილობა, ნებისმიერი ქეიფი თუ ადამიანთა დიდ თავყრილობას მოიცავს, იქ ყოველთვის იპოვით ვიღაცების ნაცნობ-მეგობრებსა და ნათესავებს. დამთხვევის გარდა, ლოგიკაც ხომ უნდა არსებობდეს? ფრაქცია პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი ერთეულია. არც გია გაჩეჩილაძეს და არც გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკური დაპირისპირება არ ჰქონიათ. თქვენს პოლიტიკურ გაერთიანებას მხარს არ ვუჭერო, არ უთქვამს გაჩეჩილაძეს, არც კვირიკაშვილს უთქვამს მისთვის, პოლიტიკური მტერი ხარო და ამ ფონზე რატომ უნდა შექმნილიყო ორი ფრაქცია?!
"მ.კ.": თქვენ გამორიცხავთ, რომ "უცნობის" სკანდალთან იყოს დაკავშირებული ორი ახალი ფრაქციის შექმნა.
რ.ს.: არ გამოვრიცხავ, საკითხის დაყენების ლოგიკას ვერ ვხედავ.
"მ.კ.": თავად კვირიკაშვილსა და "უცნობს" შორის დაპირისპირებას როგორ შეაფასებთ? "უცნობმა" თქვა, რომ ტენდერებში მინისტრ ხეჩიკაშვილის კომპანია იმარჯვებს, რაც კარტელური შეთანხმებაა, პასუხად კი პრემიერმა განაცხადა, რომ თუ ეს დამტკიცდა, გადადგება თანამდებობიდან, თუ არ დამტკიცდა, გამობრძანდეს გაჩეჩილაძე და ბოდიში მოიხადოსო. რამდენად ადეკვატური იყო, რა თქვა ამით კვირიკაშვილმა?
რ.ს.: ამ განცხადებაში გია გაჩეჩილაძის გამო გადავდგებიო კი არ იგულისხმება, არამედ ის, რომ თუ ბრალდება მართალია, როგორც პრემიერ-მინისტრი, გადადგება. ამ ფრაზის თქმა საბავშვო ბაღი იყო, მაგრამ ნათქვამში არ იგულისხმება, რომ გაჩეჩილაძე და კვირიკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური პოლუსია. მთელი ქართული ჟურნალისტიკა გაჰყვირის, ახალი ფრაქციები ამ ჩხუბის გამო შეიქმნაო და ეს ლოგიკა არ მესმის.
"მ.კ.": როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილმა ამ განცხადებით ხეჩიკაშვილის მხარე დაიჭირა?
რ.ს.: ხეჩიკაშვილის მხარე დაიჭირა თუ სახელმწიფოს სრულფასოვნების პოზიცია დაიცვა? პრემიერის განცხადებაში ხეჩიკაშვილი იყო მთავარი თუ ის, რომ სახელმწიფო სრულფასოვანია და რასაც გაჩეჩილაძე ამბობს, არ შეიძლება მოხდეს? საკითხი ასე დგას. კვირიკაშვილს არ უთქვამს, მე ხეჩიკაშვილი მიყვარს და ნუ გამინაწყენებთო.
"მ.კ.": ის ფაქტი, რომ მოქმედი მინისტრის კომპანია იგებდა თურმე ტენდერებს, გარკვეულ კითხვებს აჩენს თუ არა კორუფციაზე? თქვენი აზრით, არის ეს პრობლემა?
რ.ს.: ამ საკითხის დაყენებაში ორი ხელით გეთანხმებით. ეს პრობლემა ადრეც იდგა და მედიას რომ თვალი მოუდუნდა, ნაწილობრივ ამიტომაც ისევ დაიწყო ტენდერების პრობლემურობაზე ლაპარაკი. გაჩეჩილაძე თვალში საცემი ფიგურაა და მისმა ფრაზამ მიიქცია ყურადღება, თორემ ბევრი ამბობს იმავეს, რომ ტენდერები არ ტარდება ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს და მთელი სულითა და გულით მივესალმები იმას, რომ ეს თემა ისევ მოექცეს ყურადღების ცენტრში.
რამდენად არის ამაში სახელმწიფო ვერტიკალი დამნაშავე, პრემიერს და იქიდან მომდინარე ინიციატივებს ვგულისხმობ, და შეიძლება თუ არა კვირიკაშვილისკენ იყოს პასუხისმგებლობა მიმართული, ამაში ზუსტად არ ვერკვევი. თუმცა უნდა გაირკვეს, არის თუ არა ტენდერები ხარვეზიანი და ვინ არის ამ ხარვეზებზე პასუხისმგებელი. ხელისუფლების წარმომადგენლების კუთვნილ კომპანიებს, როდესაც თავად ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობენ, თუ რაიმე შეზღუდვა არ დაუწესდათ, მათი მფლობელების თანამდებობა, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს.
"მ.კ.": თქვენი აზრით, პრემიერ-მინისტრის საპასუხო განცხადება ადეკვატური იყო?
რ.ს.: ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ცუდად გვაქვს გააზრებული, სახელმწიფო მოხელეში ემოციურობისა და სახელმწიფოებრიობის აღქმის პროპორცია როგორი უნდა იყოს. ამიტომ სახელმწიფო მოხელეები ემოციურ ფრაზებს ძალიან ხშირად ამბობენ. ადრეც არაერთხელ და არაერთი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია ასეთი რამ. ამ ხელისუფლებაში ირაკლი კობახიძე აპირებდა გადადგომას, თუკი პროპორციული სიებით არ იქნებოდა არჩევნები, მაგრამ მოუწია საკუთარი განცხადების ღალატი. ასეთი განცხადება ემოციურად გასაგებია, მაგრამ ამ რანგის თანამდებობის პირებმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ემოციები გვერდზე უნდა გადადონ. მათ მორალური უფლება არ აქვთ, ამ ტიპის ინციდენტის გამო გადადგნენ და ქვეყანა გაუგებარ მდგომარეობაში დატოვონ.
"მ.კ.": ახალი სამთავრობო ცვლილებების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ მომავალ პრემიერად გიორგი გახარია განიხილება; ახლა კი, როდესაც კვირიკაშვილი დაიმუქრა, პრემიერობას დავტოვებო, ესეც მიება ამ ვარაუდს და თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?
რ.ს.: მე რომ ვთქვა - შესაძლებელია, ან არ არის შესაძლებელი, ორივე პასუხი საეჭვოა, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. ფაქტია, რომ კვირიკაშვილს ცუდი მდგომარეობა შეუქმნა ჯერ განათლების ყოფილმა მინისტრმა, რადგან მისი მოყვანილი იყო და იცავდა ჯეჯელავას, რომლის მიმართ უპრეცედენტოდ კრიტიკული, კრიტიკულიც კი არა, დამცინავი დამოკიდებულება გაჩნდა; ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებაშიც" იყო ჯეჯელავათი უკმაყოფილება. ახლა თუ ამოტივტივდება ტენდერების თემა და ა.შ., შეიძლება კვირიკაშვილს გარკვეული გამოცდის გავლა მოუწიოს.
"მ.კ.": ტენდერების თემა კონკურენციის სააგენტომ უნდა განიხილოს, რომლიც ხელმძღვანელი ნოდარ ხადურია და როდესაც კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ დადგინდა არასწორად იყო ტენდერი ჩატარებული, გადავდგებიო, ეს "უცნობმა" შეაფასა, როგორც წნეხი სააგენტოზე, რადგან ხადურმა ახლა იმაზე უნდა იფიქროს, კვირიკაშვილს არ მოუწიოს გადადგომაო. არის თუ არა ეს წნეხი?
რ.ს.: ეს ისეთი განცხადებაა, ხადური რომ სხვა დაჯგუფებაში იყოს, დადებდა ფაქტებს, რის გამოც კვირიკაშვილს გადადგომა მოუწევდა. ასეთი ფრაზა შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი გახდეს. ტყუილი იქნება ამგვარი ფაქტები თუ არა, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანიც არაა. ამიტომ დიდ პოლიტიკაში არ შეიძლება ასეთი დათქმით ფრაზა - "მე გადავდგები, თუ..."
კვირიკაშვილი პატიოსანი პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, ასე წნეხად ჩაფიქრებული არ იყო. მეორე მხრივ, ეს ფრაზა ამა თუ იმ სახის ზემოქმედებად, ბუნებრივია, გადაიქცევა.
"მ.კ.": ასევე, დიდი ინტერესია, რა მოხდება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, ჩასვამენ მას უკრაინულ ციხეში თუ საქართველოს გადმოსცემენ. რა პროგნოზი გაქვთ თქვენ?
რ.ს.: სააკაშვილის ექსტრადიცია რომ მოხდეს, შესაძლოა, ქუჩაში ამოძრავდეს ის 20%, რომელიც მას უჭერს მხარს, ოღონდ ამავე დროს ქუჩაში ამოძრავდება ის პროცენტებიც, ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა" მიუღებელია. ასეთი, მგონი, 39-30%-ია და სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ, "ნაციონალები" კი ფიზიკურად ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან. საქართველოს ასე არევას, მე მგონი, უკრაინა თავის თავზე არ აიღებს, ნამდვილად არ სჭირდება. უკრაინას აქვს სხვა გზაც, უკრაინიდან გაუშვას სააკაშვილი, ან დააკავოს იმ დარღვევების გამო, რასაც ედავებიან. მეოთხე გზაც არის - სააკაშვილის პოზიციაა, პოროშენკოს უნდა მოველაპარაკო, რომ უკრაინის დაქუცმაცება არ მოხდესო. შესაძლოა, მისი რადიკალურად დაპირისპირება შეწყდეს და ესეც გამოსავლის გარკვეული ფორმაა.
რომელი სცენარი განვითარდება, სამკითხაოა, მაგრამ ქართველებს გვაწუხებს ის, რომ თუ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, საზოგადოებაში დაპირისპირება, დესტაბილიზაცია იქნება, რაც არასასურველია. თუ ასე მოხდა, სააკაშვილი უარეს დღეში აღმოჩნდება, ვიდრე ციხეში ემუქრება.