ლელა ოჩიაური
18.12.2017

თანამედროვე ეთნოლოგიური კვლევა წარსულის, ისტორიისა თუ საზოგადოების ყოფის შესწავლა-ანალიზიდან უფრო მეტად იხრება დღევანდელობისა და მომავლის პერსპექტივების პრაქტიკაზე დაფუძნებული ვარაუდებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის საფუძვლის განსაზღვრისკენ.

მეცნიერული კვლევების თავისთავადი მნიშვნელობისა და მეთოდოლოგიის საერთაშორისო ნორმების გაზიარების გარდა, ასეთი მიდგომა საქართველოსთვის -ნახევრად საომარ მდგომარეობაში მყოფი, ეთნოკონფლიქტებგამოვლილი და ტერიტორებდაკარგული ქვეყნისთვის - განსაკუთრებულ აზრსა და დატვირთვას იძენს და ლოკალური სფეროდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობამდე ფართოვდება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტი - ქართულ-ოსური ურთიერთობის პერსპექტივა ყაზბეგის რაიონში.

ეთნოლოგების ჯგუფმა ფსიქოლოგთან ერთად პროექტზე ორწელიწადნახევარი იმუშავა და კვლევა რამდენიმე მიმართულებით ჩაატარა. ეს იყო - ექსპედიციები, საველე საქმიანობა, სპეციალური ლიტერატურისა და საარქივო მასალების შესწავლა-ანალიზი, ადგილობრივი მოსახლეობის წარსული და დღევანდელი გამოცდილების დაფიქსირება, პუბლიკაციები, კონფერენციები და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება.

პროექტის ფარგლებში გადაიღეს სამი დოკუმენტური ფილმი: "ვაჩილობა", "ოსები ყაზბეგის რეგიონში", "ათენგენობა კობში". შეიქმნა და გამოიცა (გამომცემლობა "მწიგნობარი") ორი წიგნი: "ოსთა საკითხი ყაზბეგის რეგიონში" (ქართულ-ოსური თანაცხოვრების პერსპექტივა ყაზბეგის რეგიონში), ავტორი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლავრენტი ჯანიაშვილი (რედაქტორები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლია მელიქიშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნათია ჯალაბაძე, რეცენზენტები:ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა იოსელიანი და ანთროპოლოგიის დოქტორი გიორგი მამარდაშვილი, დამკაბადონებელი თამარ ტყაბლაძე) და ნათია ჯალაბაძის "ყაზბეგის რაიონის ოსები ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში" (რედაქტორები: ლია მელიქიშვილი და ლავრენტი ჯანიაშვილი, რეცენზენტი გულდამ ჩიქოვანი, ტექნიკური რედაქტორი ნინო ბურდული, გარეკანის დიზაინი ირაკლი ხუციშვილის).

ამ წიგნებისა და პროექტის დასრულების წარდგინება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა მეცნიერების ვიწრო წრეში. სამწუხაროდ, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელობის ღონისძიების ფუნდამენტური კვლევებისადმი ყურადღება ხელისუფლების არც ერთ რგოლს არ გამოუხატავს, მათაც კი, ვისაც უშუალოდ ეხება საქართველოში ერთაშორისი პრობლემების მოგვარება. ეს კი უფრო მეტად მეტყველებს სახელმწიფოს გულგრილობაზე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ვიდრე მხოლოდ წიგნების პრეზენტაციით დაინტერესებას შეიძლება გულისხმობდეს.

წარდგინება ლია მელიქიშვილს მიჰყავდა. მან საზოგადოებას გააცნო პროექტის არსი, მონაწილეები, წარმოდგენილი წიგნები და მათი ავტორები, ისაუბრა ჩატარებული კვლევების მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა საქართველოში ოსების ჩამოსახლების ისტორიაზე, ქართველებისა და ოსების განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღებ. აღნიშნა, რომ, ვითარების მიუხედავად, მისი პოზიცია ოპტიმისტურია, სჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება.

ლავრენტი ჯანიაშვილმა განმარტა, რომ პროექტის მიზნები და ამოცანები იყო გარკვევა, აქვს თუ არა პერსპექტივა ამ ურთიერთობის აღდგენასა და დაბრუნებას. ისაუბრა კვლევის მეთოდებსა და გზებზე, რომლებიც ეთნოლოგების ჯგუფმა განზრახვიდან წიგნებამდე გამოიყენა და გაიარა. ეს იყო ექსპედიციები, საველე მუშაობა, აქტივობა, რაც პროექტის გარშემო ჩატარდა - კონფერენციები, პუბლიკაციები, მონოგრაფიები. საკითხისადმი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესის გამომხატველი იყო ისიც, რომ ნათია ჯალაბაძე აშშ-ში კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა და კვლევის დასკვნებითა და შედეგებით ყურადღების ცენტრში მოექცა.

ალექსანდრე დაუშვილის (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი) თქმით, პროექტში ჩართული ჯგუფი შედგებოდა - ეთნოლოგების, ფსიქოლოგის და ახალგაზრდებისგან, რომლებიც შეიძლება სხვა პროფესიისა იყვნენ, მაგრამ აქტიურად შრომობდნენ პროფესიონალების გვერდით. მეცნიერები ისტორიულ-ეთნოლოგიურ საკითხებს იკვლევდნენ და მათი შეჯერება საინტერესო იყო. როგორც მან აღნიშნა, კვლევის მეთოდები აპრობირებულია კავკასიის ეთნოლოგიური კვლევების ცენტრის წლების განმავლობაში შემუშავებული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიღებული გამოცდილებით. მთავარი იყო შედეგები და დასკვნები, შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილების გზები, შეთავაზებები ამ მიმართულებით და აღნიშნა, ამ მასალას ხელისუფლება რომ კითხულობდეს, შეიძლება ერთაშორისი ურთიერთობა ასეთი არ იყოს.

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე: "ჩემთვის, როგორც ამ ინსტიტუტის საბჭოს ერთ-ერთი წევრისთვის, მშვენიერი დღეა. საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგული აქვს. როდესაც ჩვენი ყოფილი "უფროსი ძმის" საგარეო საქმეთა მინისტრისგან ვიგებთ, რომ: ცნობს საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ცინიზმი და, მეტიც, დაცინვაა.

დასასრული

"სხვათა შორის, კვლევა სცილდება მეცნიერულ ინტერესს და პოლიტიკურ დატვირთვას იძენს. კარგი იყო, ვინმე იმ უწყებიდან მოსულიყო და მოესმინა. თვითონ იდეაა ძალიან მნიშვნელოვანი და მის განხორციელებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. კარგი იქნებოდა ინგლისურენოვანი ვერსიის შექმნა"

დასასრულ, ლია მელიქიშვილმა უფრო გაშალა კვლევის მეთოდოლოგიის თემა და საზოგადებას მთავარი პრინციპები განუმარტა.

ლია მელიქიშვილი: "ბევრი რაღაც გამოვეცით - ჯავახეთზე, პანკისზე და ჩვენი სტილია, ვაჩვენოთ ყველაფერი, რა აზრის არიან ოსები, რას ფიქრობენ, ისევე, როგორც ის, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ; ყველაფერი, რაც ისტორიას შეეხება და რაც თანამედროვეობას. თუ მკითხველი ისტორიაში არ შეიყვანე, მისთვის ბევრი რამ გაურკვეველი დარჩება. ამ წიგნებში ყველაფერი ერთადაა მოცემული. ისტორიები იწყება ყველა მხარის ჩვენებებით, ისტორიისა და პოლიტიკური ვითარების ასახვით. ჩვენ ვაჩვენებთ რელობას როგორც ეთნოლოგიური სიტუაციის, ისე ეთნოცენტრისტული მდგომარეობის მხრივ".

ნათია ჯალაბაძის წიგნი სამი თავისგან შედგება - ინტერკულტურული ურთიერთობა სასაზღვრო რეგიონებში, ქართულ-ოსური ურთიერთობა ჰიბრიდული ომის კონტექსტში, "ოსური სივრცეები", ყაზბეგის ბრენდინგი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

ავტორი წერს: "ნაშრომში, რომელიც ეყრდნობა ავტორის საველე მასალას, სპეციალური ლიტერატურისა და მედია მონაცემებს, ნაჩვენებია ყაზბეგის რაიონის ქართველთა და ოსთა ურთიერთობის რეალური სურათი, მათი ურთიერთდამოკიდებულების სპეციფიკა, ის ცვლილებები, რაც ამ ხალხთა ტრადიციულმა ურთიერთობამ განიცადა უკანასკნელ პერიოდში და ამ ურთიერთობის პერსპექტივები ბოლო დროის პოლიტიკური პერიპეტიების კონტექსტში".

ლავრენტი ჯანიაშვილის ნაშრომი, ასევე, სამ ძირითად თავსა და ქვეთავებს შეიცავს: ყაზბეგის რეგიონი და ოსთა საკითხი სამეცნიერო ლიტერატურაში; ქართულ-ოსური ურთიერთობის ეთნოკულტურული დისკურსი; ჰიბრიდული ომის თეორია და რუსული პოლიტიკა ყაზბეგის რეგიონში.

მეცნიერი აღნიშნავს: "ქართულ-ოსური/რუსული კონფლიქტი მრავალშრიანი მოვლენაა. ამ კონფლიქტის ინსპირირებაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ეთნოკულტურული ასპექტების გვერდით ზეგავლენა აქვს თითოეული მხარის პრეტენზიას, დაიბრუნოს მისთვის ისტორიულად მინიჭებული ადგილი. ამრიგად, მეცნიერულ ნაწილს საშუალება ეძლევა, კონიუნქტურის შესატყვისი გეოპოლიტიკური დაკვეთა შეასრულოს და ამა თუ იმ ხალხის ისტორიული როლის გაზვიადებით ზემოქმედება მოახდინოს ეთნოცენტრისტულ განწყობაზე".

სწორედ ასეთი გავლენისა და დაკვეთის წინააღმდეგ და რეალური ვითარების საჩვენებლად წარმოდგენილი წიგნები ერთ-ერთი ძლიერი საშუალება იქნება.

პრეზენტაციის ბოლოს აჩვენეს ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმი "ვაჩილობა" ნათია ჯალაბაძისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, რომელიც ასახავს რელიგიური დღესასწაულის ჩვენამდე შემორჩენილ რიტუალს, მისი წარმოშობის, სახელწოდებისა და სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტის კვლევას დღევანდელობის წარმოდგენისა და ცოცხალი კადრების მაგალითზე.

ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროექტი, მის ფარგლებში შესრულებული კვლევები, შექმნილი წიგნები და ფილმები მართლა ის შემთხვევაა, როდესაც მეცნიერება, პირდაპირი მნიშვნელობით, იძენს სახელმწიფოებრივ მასშტაბს და არსებული პრობლემების მოგვარების საფუძვლიან, უშუალო დაკვირვებაზე დაყრდნობილ პერსპექტივას აჩვენებს.

ორივე წიგნი საკმაოდ მწვავედ სვამს ქართულ-ოსური ურთერთობის საკითხს, საფუძვლიანად ავსებს ერთმანეთს და ქართული სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან მონაპოვრად იქცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×