პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ნაწილად იყოფა და უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს გაყოფა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილსა და მომღერალ გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერების თემაზე დაწყებული ღია დაპირისპირების შედეგია. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ეს სკანდალი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლითაც კი დასრულდეს, ხოლო მის ნაცვლად მთავრობის ახალ მეთაურად შს მინისტრი გიორგი გახარიაც კი მოიაზრება.
არის სხვა მოსაზრებაც, რომ "ოცნების" სამ ნაწილად გაყოფა დროში დაემთხვა კვირიკაშვილ-გაჩეჩილაძის დაპირისპირებას, რეალურად კი "ოცნებაში" უფრო მეტი შემოსავალი თუ გარკვეული პრივილეგიები მოუნდათ, რადგან ორი ახალი ფრაქცია ნიშნავს: დამატებით ხელფასს ფრაქციის 2 თავმჯდომარისთვის, დამატებით ხელფასს მათი მოადგილეებისთვის, დამატებით სამსახურებრივ მანქანებს, დამატებით საწვავის ფულს, დამატებით ფულს ფრაქციის აპარატისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს "ახლობლებისთვის" ფრაქციის აპარატში და დამატებით ადგილებს დელეგაციებში, ანუ დამატებით მივლინებას თუ მოგზაურობას საზღვარგარეთ.
პარასკევს, დღის ბოლოს, გაცხადდა, რომ საგაზაფხულო სესიაზე 86-კაციანი ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ახალ ფრაქციად წარდგებოდა პარლამენტში. ერთი ახალი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის", მეგობარი ბიძინა გეგიძე, მეორე ახალ ფრაქციას სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნეს პარტნიორი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, ცოტათი შემცირებული ძირითადი ფრაქციის ლიდერი ისევ მამუკა მდინარაძე იქნება.ფრაქციის სამ ნაწილად გაყოფასა და იმაზე, რომ პრემიერისთვის ეს ჯერ ცნობილი არ არის, მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, საგაზაფხულო სესიისთვის გადაჯგუფება ხდება და ჯერჯერობით გადაწყვეტილება იმ კონდიციამდე არ არის მიყვანილი, რომ პრემიერი ჩაეყენებინათ საქმის კურსში.
ამ მოულოდნელმა განცხადებამ და ახალი ფრაქციების ხელმძღვანელებად ხეჩიკაშვილის მეგობარ ენუქიძისა და გაჩეჩილაძის მეგობარ გეგიძის დანიშვნამ მედიაში მაშინვე გააჩინა ვარაუდი, რომ ეს დაყოფა გია გაჩეჩილაძის მიერ დაწყებულ სკანდალს, ტარიელ ხეჩიკაშვილის მისამართით ბრალდებებსა და ამის გამო კვირიკაშვილთან დაპირისპირებას უკავშირდება.
მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირებაზე კულუარებში, უკვე ერთი თვეა, საუბრობენ, თუმცა "ოცნების" წევრები ამას ოფიციალურად უარყოფენ და საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, "რაც ნორმალურია". ამასთან, თითქმის ერთხმად ამტკიცებენ, რომ ახალი ფრაქციები არა დაპირისპირების, არამედ მართვის სისტემის გაუმჯობესების გამო, უფრო კარგი კოორდინაციისა და კარგი მენეჯმენტისთვის იქმნება.
გოჩა ენუქიძე "მთელ კვირასთან" საუბარში აცხადებს, რომ ერთი თვეა, ახალი ფრაქციების შექმნაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, გადაწყვეტილება კი პარასკევს მიიღეს და ის საჭირო 6 კაცზე მეტ დეპუტატს შეიყვანს ფრაქციაში, მათ შორის უმეტესად მაჟორიტარები იქნებიან. ამბობს, რომ მის ახალ ფრაქციაში ილია წულაია, პაატა მხეიძე და ოთარ დანელია იქნებიან, დანარჩენ წევრებსა და ფრაქციის სახელწოდებას კი ორშაბათს იტყვის.
ენუქიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ "უცნობის" მიერ ტენდერების თემაზე ატეხილი სკანდალისა და სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კორუფციაში დადანაშაულების გამო "ოცნებაში" რაიმე დაპირისპირება გაჩნდა და ამას უკავშირდება ახალი ფრაქციების შექმნაც.
"ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვიყავი 5 წლის წინ. ის დღესაც ჩემი მეგობარია და მე მისი შვილის ნათლია ვარ, ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები კი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ეს დაპირისპირება მოხდებოდა.
"ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ტენდერის მოგებაში არანაირი კორუფციის ნიშნები არ არის. ხეჩიკაშვილის კომპანია, 20 წელია, ბაზარზეა. ამის გამო პარლამენტში განხილვა არ ყოფილა," - დასძენს ენუქიძე.
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ "დაშლა" ცუდი სიტყვაა, "ოცნების" ფრაქცია არ იშლება, უბრალოდ, ახალი ფრაქციები იქმნება. ის ადასტურებს, რომ გია გაჩეჩილაძის მეგობარია, მაგრამ გაჩეჩილაძის ხეჩიკაშვილ-კვირიკაშვილთან დაპირისპირებასა და ახალი ფრაქციების შექმნას შორის კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ დროში დაემთხვა.
გეგიძე ფრაქციის სავარაუდო წევრებს არ ასახელებს, თუმცა უკვე გავრცელდა რამდენიმე გვარი, ვინც მის ახალ ფრაქციაში იქნება - ლევან გოგიჩაიშვილი და ზაზა პაპუაშვილი.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" შიგნით უთანხმოება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ორი ახალი ფრაქციის გამოყოფას მაინც უფრო ფინანსებისა და დივიდენდების მოპოვების სურვილად მიიჩნევს, ვიდრე რაიმე ამბოხად.
"ერთმანეთთან მაინცდამაინც კომფორტულად თავს არ გრძნობენ, ხშირ შემთხვევაში ეჯავრებათ კიდეც ერთმანეთი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მთელი "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებს, საკუთარი პოლიტიკური თამაშის წამოწყების თავი არავის არ აქვს.
"ამიტომაც სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ვიღაც ახალ თამაშს
იწყებს. ვადასტურებ, ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ ივანიშვილის მხრებიდან ჩამოსვლა არავის უნდა. უნდათ, რომ მის მხრებზე ისხდნენ და ერთმანეთს მუჯლუგუნები უთავაზონ, უჩქმიტონ, უკბინონ. ამ დონეზე არიან და ამიტომ გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ეს რეალური განხეთქილებაა, რადგან ასეთი ტიპის განხეთქილება და საკუთარი პოლიტიკური თამაში ნებისმიერ მათგანს ძალიან ძვირი დაუჯდება. ნებისმიერი ზედმეტი ფაფხური მხრებიდან ჩამოვარდნას გამოიწვევს. პოლიტიკურად ყველა არარაობაა," - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, "ამას ვერანაირი პოლიტიკური შედეგი ვერ ექნება", უბრალოდ, "სახლობანას თამაშობენ" - აქვთ ფრაქციის შექმნის საშუალება და რატომაც არა, ახალი დამატებითი მანევრის, ვაჭრობის საშუალებას იძლევა, დამატებით სიკეთეს იძლევა - ტრიბუნასთან დამატებით დროს, ახალ კაბინეტებს, მოადგილეებს, უფრო მაღალ ხელფასს, მივლინებებს და ა.შ.
ხუხაშვილი ფრაქციის შექმნას არ უკავშირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ იყოს.
"ეს ადამიანი ამ ქვეყანაზე არ არის. თვითონ იმუქრება, გადავდგებიო და თავის პრემიერობას გვაყვედრის. სინამდვილეში მისი პოლიტიკური წონა ნულის ტოლია. მას ილუზია აქვს, რომ რაღაცას წარმოადგენს. გადადგება თუ არა, ეს არაფერს შეცვლის, ერთ კვირაში არავის ემახსოვრება, რომ პრემიერ-მინისტრი იყო. ისიც წვალობს, იმაზე მეტი ტვირთი აქვს აკიდებული, ვიდრე ზიდვა შეუძლია და ვუყურებთ, რომ ძალიან სუსტია. რატომ წვალობს? ლიდერი ნამდვილად არ არის," - დასძენს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, მთელი დღეებია, უმრავლესობა თავს იმართლებს, რომ ეს დაშლა კი არა, კრეატიული მიგნებაა - მეტი კოორდინაცია და მეტი კომუნიკაცია. თუ უმრავლესობაში ყველაფერი წესრიგშია, ეს ფრაგმენტაცია რა საჭიროა? ცხადია, რომ რა შიდა დაპირისპირებასაც აქამდე მალავდა "ოცნება", უკვე შეუძლებელი გახდა. დანიის სამეფოში ყველაფერი წესრიგში არ არის. თუმცა ყველამ ვიცით, რომ უმრავლესობა მორჩილია ერთი კაცის მიმართ და ისინი ბუნტზე ვერ წავლენ, ჯანყი არ იქნება. ამიტომ ახლა მხოლოდ მცირე გადაჯგუფებას გეგმავენ, რათა სამომავლოდ მაინც, თუკი რამე მოხდება, თქვან, რომ არ მოსწონდა უმრავლესობა და ამიტომ გავიდა მთავარი ფრაქციიდან," - მიიჩნევს ცინცაძე და დასძენს, რომ ეს გაყოფა უარყოფით შედეგს მოიტანს.
"ოპოზიციამ მხოლოდ იქიდან შეუტია, რაც ზედაპირზე დევს, რომ ახალი ფრაქციები ახალი ხარჯებია. როდესაც ბიუჯეტი დამტკიცებულია, ორი ახალი ფრაქცია წელიწადში ზედმეტი რამდენიმე ასეული ათასი ხარჯია, რაც მშიერ ობივატელზე ცუდად მოქმედებს.
"მშივრები ვართ, პენსიებს არ უმატებენ და თურმე თვითონ იმის მარიფათი აქვთ, რომ ახალი ფულიანი თანამდებობები შექმნან მთელი თავისი ყოფითი სიკეთეებით, მივლინებების ხარჯებით, მეტი ხელფასებით, მანქანებით და ასე შემდეგ. ეს კეთილსინდისიერება არ არის. აგერ თალაკვაძე და ვოლსკი თვალებში გვიყურებდნენ და გვატყუებდნენ, რომ კოორდინაციის გასაუმჯობესებლად ხდება ეს. რისი კოორდინაცია, ამათ ვინ რას ეკითხება, ერთი უფროსი რასაც ეტყვის, ყველამ იცის, რომელ ღილაკზე დააჭირონ ხელი," - დასძენს ცინცაძე.