საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამჯერად, შესაძლოა, ვეტოს დაძლევა აღარ მოხდეს
თიკო ოსმანოვა
18.12.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, შესაძლოა, ვეტო დაადოს. იგი ამ საკითხით დაინტერესდა და დღეს ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას და პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობაშიც. აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, ცხარე დებატების მიუხედავად, მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით დაამტკიცა და მიმდინარე კვირაში მესამედაც უყრის კენჭრს, რის შემდეგაც პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

ამ ცვლილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისებაზე, ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებასა და მაუწყებლობის გარემოს ხელშეწყობაზე მიმართოს.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. ამასთან, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა - 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს.

პროექტით, იმიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სამსახურისა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და მასვე შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება, მარგველაშვილს საკუთარი პოზიციის გამოსახატად 10-დღიანი ვადა აქვს. მანამდე კი ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის განცხადებით, "მაუწყებლის შესახებ" კანონში შემავალი ცვლილება ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს - მედიას, გამოხატვის თავისუფლებასა და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს.

"ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, შეხვდეს ყველა იმ მხარეს, ვინც ეს მოსაზრებები გამოთქვეს - მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეხვედრას, დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ყველა სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის - ნიკა გვარამიას თქმით, "პირველი არხი" სარეკლამო ბაზარს გააფუჭებს, რაც დიდ ტელევიზიებს ზიანს მიაყენებს, პატარებს კი საერთოდ გააქრობს. ამიტომ იგი პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

"სარეკლამო ბაზარი ისედაც შავ დღეშია და ახლა კიდევ მაუწყებელი თავის წილს ითხოვს. თან ამ კომპანიამ რატომ უნდა წაიღოს ბაზრის წილი ცალკე, როცა ისედაც ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება?! მაშინ აღარ დაფინანსდნენ სახელმწიფოსგან, იყვნენ ჩვენთან კონკურენციაში. მაშინ კი, ბატონო.

"ამ ტელევიზიის ბიუჯეტი ყველა ტელევიზიის ბიუჯეტზე დიდია, მათ შორის "რუსთავი 2"-ზეც. შესაბამისად, სარეკლამო ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოვლენ. ამ ვითარებაში ეს არის უზარმაზარი დარტყმა კერძო ტელევიზიებისთვის იმიტომ, რომ ჩვენი შემოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბაზარი. რეალურად, ეს არის სირთულეების შექმნა დიდი ტელევიზიებისთვის, პატარა ტელევიზიები კი გაქრებიან, ვეღარ იარსებებენ", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გვარამია.

მის აზრს იზიარებს "ტვ პირველის" კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კანონის ინიცირებას ახირებას უწოდებს.

"ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენის დროს. ტელევიზიამ, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეკლამების წილი აღარ უნდა აიღოს. მთავარ კონკურენციას გაუწევს პატარა ტელევიზიებს და მათ სარეკლამო წილში ჩაჯდება. თან რეკლამებთან ერთად ითხოვს სასპონსორო უფლებასაც, რაც ყოვლად მიუღებელია.

"ეს ორი მილიონი, რომელზეც ასე აგდებით და ქილიკით საუბრობენ ხოლმე, ოთხ არხზე რომ განაწილდეს, უამრავი რაღაცის გაკეთება იქნება შესაძლებელი და კიდევ უფრო გადავასწრებთ რეიტინგით საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამიტომ მათი მხრიდან ეს ახირებას უფრო ჰგავს", - გვითხრა ნანა აბურჯანიძემ.

პრეზიდენტის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტეს კანონის მიზანი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით შერეულ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო მზად არის, პირადად შეხვდეს პრეზიდენტს, დეტალურად განუმარტოს მაუწყებლის პოზიცია და არგუმენტები, რათა გიორგი მარგველაშვილი სრულად იყოს ინფორმირებული საკანონმდებლო ცვლილებების არსსა და მნიშვნელობაზე.

"კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში ჩვენ მუდმივად ვხვდებოდით ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს და ვუხსნიდით ჩვენს პოზიციას. მხოლოდ მივესალმებით, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლით და მზად ვართ, მას ვესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გამოწვევებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერების გზებზე. მხოლოდ ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე. მანამდე კი ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას და შედეგისთვის მხოლოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.

"იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი მიუღებლად მიგვაჩნია, ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე.

"იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უშუალოდ შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ველოდებით, რომ ბატონი პრეზიდენტი დათანხმდება შეხვედრის ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატს და გულწრფელად შეეცდება, გაერკვეს "პირველი არხის" წინაშე მდგარ გამოწვევებში, რომელთა გადაჭრა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია," - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კანონი პარლამენტს უკან დაუბრუნდება, მაგრამ შემდგომ რა ბედი ეწევა, უცნობია. ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

"ამ კანონპროექტთან დაკავშირებით "ოცნებაში" განსხვავებული მოსაზრებებია, ამიტომ გამიჭირდება წინასწარ პროგნოზი. ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ვეტოს დაძლევა. მე პირადად ამ კანონის მიღებას მხარს ვუჭერ. ჩემი დაცვის ობიექტია მაყურებელი, მოქალაქე და არა კერძო ტელევიზია. შესაბამისად, ვიხელმძღვანელე მოქალაქის გადასახედიდან და კანონპროექტის მიღებას მხარი დავუჭირე", - უთხრა "მთელ კვირას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×