თიკო ოსმანოვა
18.12.2017

 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს თუ არა თავის კონსტიტუციურ უფლებას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო სექტორისგან ყველა ის არგუმენტი მოისმინა, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას.

განსხავებული არგუმენტი აქვს თავად საზოგადოებრივ მაუწყებელსაც და ამასთან დაკავშირებით თავის პოზიცია დააფიქსირა არხის გენერალურმა დირექტორმაც.

"მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აყენებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ვასილ მაღლაფერიძეს მიმართა კითხვით – „როდესაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი გაქვთ, ამ პირობებში რატომ წარმოადგენს საჭიროებას, დამატებით ამ ცვლილებების გატარება“, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა.

„ეს არის ძალიან კარგი პროექტი და ხელს შეუწყობს მთელი პრესის განვითარებას. თუ გაინტერესებთ, უპირატეს მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, როდესაც მილიონებზეა საუბარი, განსაკუთრებით თქვენს ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს ვთხოვ, გაიხსენოს ის სახელმწიფოდან ნაპატიები, ბიუჯეტიდან ნაპატიები თანხები, რომელიც ერთი ტელევიზიის დაარსებას ეყოფა“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მათთვის სასურველი გადაწყვეტილებაა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.

თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა.

"შეთანხმებით არაფერზე შევთანხმებულვართ. პრეზიდენტს ვუთხარით ჩვენი არგუმენტები ყველა ასპექტში - დაწყებული კომერციული ნაწილით, დამთავრებული გამჭვირვალეობით და ა.შ.

პრეზიდენტმა მოისმინა ეს არგუმენტები, შეხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსაც და საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არის, რომ მან ვეტო დაადოს კანონპროექტს",- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს, - ასე აფასებს გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ტუღუშიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ამ ცვლილელებს ვეტო უნდა დაადოს.

"არ შეიძლება ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ყველა ტელევიზიას. ეს არასწორია. ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს.

“თუ ტელევიზიებს ექნებათ დიდი პროტესტი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს",- განაცხადა ტუღუშმა.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობაშიც. აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, ცხარე დებატების მიუხედავად, მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით დაამტკიცა და მიმდინარე კვირაში მესამედაც უყრის კენჭრს, რის შემდეგაც პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

თუმცა სანამ პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში მოტივირებული შენიშვნები გაითვალიწინონ.

როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, პარლამენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე თავისი პოზიცია გამოხატა, ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ხელს მოაწერს თუ არა დოკუმენტს.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მმართველი გუნდი, უპირველეს ყოვლისა, ჩახედავს მოტივირებული შენიშვნების შინაარს და "თუ პარლამენტისთვის მისაღებია, რა თქმა უნდა, არასდროს არ არის გამორიცხული, რომ ეს შენიშვნები იყოს გათვალისწინებული".

"მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია იყო თავად პარლამენტში. პირველად ვერსიაზე ბევრი შენიშვნა გამოითქვა და ბევრი რამ იყო გათვალისწინებული. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე ჩვენი კოლეგების მხრიდან სახელდებოდა როგორც პრობლემა, მათ შორის კომერციული რეკლამის და სტარტაპების ნაწილი.

მიუხედავად ამისა, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და თვისობრივად გადამუშავდა კანონპროექტი, პარლამენტმა მხარი დაუჭირა",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ ცვლილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისებაზე, ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებასა და მაუწყებლობის გარემოს ხელშეწყობაზე მიმართოს.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. ამასთან, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა - 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს.

პროექტით, იმიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სამსახურისა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და მასვე შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×