ხანძარგამოვლილ ბორჯომის ხეობაში სტიქიური მოვლენების რისკი ძალიან გაიზარდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულის პერიოდი, როცა ღვარცოფების საფრთხე დიდია და წინასწარ გადაუდებელი ზომებია მისაღები. როგორც აღმოჩნდა, მაღალი რისკის ზონაა სოფელი დაბა, რომელიც ბორჯომის ხეობის სიახლოვესაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, სოფელში ბუნებრივი კატასტროფების რისკი, შესაძლოა, ერთიორად გაიზარდოს.
ქართველი ეკოლოგების შეფასებით, საფუძვლიანად უნდა მოხდეს ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა, რაც მოიცავს როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერიოდს გადამწვარი ტერიტორიის აღსადგენად.
როგორც სუ##-ში აცხადებენ, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ბორჯომის ხეობაში მდგომარეობა მძიმეა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. განმეორებითი ხანძრის შედეგად სტიქიური რისკფაქტორები ერთიორად გაიზარდა. 20-26 აგვისტოს ცეცხლი 752 ჰექტარზე გავრცელდა, საიდანაც 525 ჰექტარი ტერიტორია მეორედ დაიწვა და პირწმინდად განადგურდა 2008 წლის ნახანძრალზე გადარჩენილი ხეები.
განსაკუთრებით მძიმეა უშუალოდ სტიქიის ზონაში - მდინარე ნაღვარევის ხეობაში, შექმნილი მდგომარეობა. ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელი საშიში გეოლოგიური პროცესები საფრთხეს უქმნის სოფელ დაბის მოსახლეობას და დაუყოვნებლივ საჭიროა ზომების მიღება.
"სოფელი დაბა ახალი სტიქიის მოლოდინშია. ადგილობრივები შეშფოთებულნი არიან და ამბობენ, რომ მდინარემ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს სოფელს. ნაღვარევის ხეობის გადაღმა მცხოვრები მესხიძეების ხუთსულიან ოჯახს კი ყველაზე ცხელ წერტილში უწევს ცხოვრება. ოჯახის უფროს სერგო მესხიძის თქმით, წვიმის დროს მდინარე ნაღვარევი, იგივე დაბისწყალი, ისე დიდდება, რომ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მთლიანად იხერგება და მათი ოჯახი გზის და სასმელი წყლის გარეშე რჩება. ილონა დიასამიძე კი ამბობს, რომ 2008 წლის ხანძრის შემდეგ ადიდებული მდინარე მრავალჯერ გადმოსულა კალაპოტიდან და არაერთხელ დაუტბორავს ადგილობრივების ნაკვეთები", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
2008 წლის ხანძრის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ 2010 წელს სოფელი დაბა ერთხელ უკვე გადაურჩა დამანგრეველ სტიქიას. გარდა ამისა, სუ##-ის ინფორმაციით, დასკვნაში არაერთხელ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მდინარე ნაღვარევის ხეობაში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და გადაუდებელია სასწრაფო ზომების მიღება, რათა სოფლის მოსახლეობა მოსალოდნელი კატასტროფებისგან დაცული იყოს.
"სოფელ დაბისთვის განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულის პერიოდი. ზოგიერთ ფერდობზე მეწყრული პროცესები უკვე დაწყებულია. გაზაფხულზე უხვი ნალექის შედეგად, შესაძლოა, ხეობაში დაგროვილი ნარჩენი, დამწვარი ხეები, ლოდები და ჩამოშლილი ნიადაგი ღვარცოფულ მასად იქცეს და სერიოზული დარტყმა მიაყენოს სოფელს. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ნახანძრალი ფერდობები უკვე საძოვრებად იქცა და ხანძრის შემდეგ აქა-იქ წამოსულ ბალახზე ადგილობრივი მოსახლეობა საქონელს აძოვებს", - განმარტავენ ორგანიზაციაში.
სპეციალისტების რეკომენდაციით, ნახანძრალ ტერიტორიაზე საჭიროა ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ნიადაგის აღდგენა და ტყის საფარის გაშენება. მდინარე ნაღვარევის ხეობაში კი, პირველ რიგში, აუცილებელია მდინარის კალაპოტის გაწმენდა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რათა ხეობაში დაგროვილმა ღვარცოფულმა მასამ საფრთხე არ შეუქმნას ადგილობრივთა სიცოცხლეს.
ქართველი ეკოლოგების ნაწილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სტიქიური მოვლენების შესაძლო საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. მათი ვარაუდით, ჯერჯერობით ეს რისკი არ არის დიდი, მაგრამ ზომები აუცილებლად მისაღებია.
როდის აღდგება დამწვარი ტყე, უცნობია, თუმცა ნახანძრალზე მცენარეები თვითაღდგენას დაახლოებით 3 წელიწადში ახერხებენ. როგორც "მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე განმარტავს, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ტერიტორია შემოიღობება და პირუტყვი არ შევა. ჯერ უნდა აღდგეს ბალახის საფარი, შემდეგ ბუჩქოვანი მცენარეები, რის შემდეგაც ბუნებრივი განახლების პროცესს ხე-მცენარეებიც დაიწყებენ.
რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ რიკს, ეკოლოგი ამბობს, რომ ეს ცნობილი გახდება კომისიის მუშაობის შემდეგ და გაიცემა სათანადო რეკომენდაცია, რა უნდა გაკეთდეს ნახანძრალი ტერიტორიის აღსადგენად.
"ზედაპირულად თქმა მიჭირს, სანამ კვლევის და კომისიის მუშაობის შედეგი არ გვეცოდინება. ფაქტია, რომ არ შეიძლება დამწვარი ხეების გამოტანა ტყიდან, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ შემაკავებელი ფუნქცია. პრაქტიკაში ტყის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს, კერძოდ, სატყეო შეთესვა, ნერგის შეტანა ან ბუნებრივი განახლება, რაც მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვასა და ნებისმიერი ჩარევის შეზღუდვას გულისხმობს", - განმარტავს ჩხობაძე.
სპეციალისტების რეკომენდაციით, საფუძვლიანად უნდა მოხდეს ნიადაგის შესწავლა და ყველა შესაძლო რისკის გათვლა, რაც შეიძლება ნახანძრალ ტერიტორიაზე გააქტიურდეს, პირველ რიგში, ეს ღვარცოფების მოსალოდნელი საფრთხეა.
"მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ასეთი რისკი, შესაძლოა, არ იკვეთება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია, რისთვისაც შესაბამისი ზომებია მისაღები.
"ნახანძრალ ტერიტორიაზე სტიქიის საფრთხე ყოველთვის იკვეთება, პირველ რიგში, ეს არის ღვარცოფის საშიშროება. ამ მხრივ საფრთხე მოსალოდნელია, რის ასაცილებლადაც ზომები უნდა მიიღონ. პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ნახანძრალი ტერიტორიის საფუძვლიანი, ღრმა შესწავლა, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და რისკის ასაცილებლად ზომებიც მიიღონ.
სოფელ დაბას ღვარცოფული მოვლენები თუ ემუქრება, მოსახლეობის დაცვა აუცილებელია, მაგრამ არ მგონია, ეს საფრთხე ჯერჯერობით იკვეთებოდეს. წყალმოვარდნის პერიოდი არის განსაკუთრებით გასათვალისწინებელი გაზაფხულზე, მაგრამ დასაბუთების გარეშე ამის თქმა მიჭირს. ცხადია, უნდა შეისწავლონ ნიადაგიც, რა მდგომარეობაა, მცენარეული საფარი როგორ განადგურდა. მასშტაბური ხანძარი იყო და იგი სამომავლოდ აბსოლუტურად ყველაფერზე იმოქმედებს. მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებებია მისაღები, რისი გათვლაც სპეციალისტების მიერ სწორად და დროულად უნდა მოხდეს", - აცხადებს სიმონიძე.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიების მდგომარეობის შესაფასებლად 2017 წლის 23 სექტემბერს, "გლობალ ფორესტ უოჩის" პროექტის ფარგლებში, იმყოფებოდა. სპეციალისტებმა ადგილზე შეაფასეს ბორჯომის ექვსდღიანი ხანძრის შედეგები, ნიადაგის საფარის მდგომარეობა და სტიქიის ზონაში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები. ვიზუალური შეფასების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი პირველადი ანგარიში და რეკომენდაციები.