ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს 2003 წლის სცენარის განმეორებას
გვანცა ღვედაშვილი
19.12.2017

 "ქართულ ოცნებას" მოულოდნელი გადაწყვეტილებები ახასიათებს, თუ გავითვალისწინებთ ჯერ - თავად ივანიშვილის, შემდგომ ღარიბაშვილის გასვლას პოლიტიკური ასპარეზიდან. ღარიბაშვილი გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსენებით გამოვიდა და მისი მმართველობის მიღწევებზე ისაუბრა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"ეს მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვილმა მიიღო, მაგრამ თუ პოლიტიკური ვითარებიდან გამოვალთ, არ მგონია, დღეს კვირიკაშვილის ჩანაცვლება სწორი იყოს", - განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტან ძაბირაძემ.

მისივე თქმით, პრემიერად გახარიას დანიშვნა არ იქნება ეფექტური გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრემიერი ისევ "ძაფზე იქნება ჩამოკიდებული, რეალურად, მისი უფლებამოსილება შეზღუდული იქნება".

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ამას უმრავლესობა გაითვალისწინებს?

ვახტანგ ძაბირაძე: არის პარლამენტართა გარკვეული ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს არა მარტო ვეტოს, არამედ მზად არის, გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები. ვფიქრობ, ეს იქნება სწორი ნაბიჯი. არ მგონია, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს რეკლამის აუცილებლობა ჰქონდეს. თუ ასე მოხდება, მაშინ მას იმავე რაოდენობით უნდა შეეზღუდოს დაფინანსება ბიუჯეტიდან.

მგონია, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და უმრავლესობა არ იქნება ერთგვაროვანი. თუკი ამ შენიშვნებს მხარს დაუჭერენ, ეს მათი მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯად ჩაითვლება.

"რ": თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა "უცნობისა" და პრემიერის სკანდალს "ქართულ ოცნებაში" ფრაქციების შექმნა?

ვ.ძ.: არ მგონია, ეს დაპირისპირების შედეგი იყოს. ამის გარეშეც მოსალოდნელი იყო "ოცნებაში" ფრაქციების შექმნა. აქ ორი საკითხია: ერთი წმინდა მერკანტილური მიზნებია, რადგან აქ არის დამატებითი ხარჯები, მომსახურება, მანქანა და ა.შ. მოკლედ, ის სარგებელი, რასაც მიიღებს ფრაქცია ცალკე ჩამოყალიბების შემთხვევაში და მეორე, რომელიც, შესაძლოა, ჯერჯერობით წინა პლანზე არ ჩანს, მაგრამ გარკვეული დინებები უკვე არის.

ეს არის ის, რომ "ქართული ოცნება" არ არის ერთგვაროვანი არც მენტალური და არც იდეოლოგიური თვალსაზრისით. 2020 წლისთვის სულაც არ არის გამორიცხული, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს რამდენიმე ჯგუფად გაყოფილი შეხვდეს. უფრო სწორად, ცალ-ცალკე შეხვდეს არჩევნებს და არა როგორც ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია.

ამის პრეცედენტები არის და, ამასთან, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია. როგორც ჩანს, მისი გამოსწორება ვერ მოხერხდება, ამიტომ "ოცნებაში" დაიწყება ფიქრი ოპოზიციური ნაწილის შექმნაზე. ანუ ეს პროცესი დღეს შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს "ოცნებაში" ფრაქციების შემქნას, თუმცა ირიბად მაინც არის მოძრაობა ამ მიმართულებით.

"რ": ანუ ვარაუდობთ, რომ 2020 წლისთვის "ქართული ოცნება" დაიშლება და შესაძლოა, მათგან გამოყოფილმა ძალებმა ცალკე პარტიების სახით მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა?

ვ.ძ.: ვვარაუდობ, რომ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასე მოხდება. თუ სიტუაცია მკვეთრად დადებითად შეიცვალა, მაშინ ყველა შეეცდება ადგილის შენარჩუნებას, მაგრამ საკმაოდ რთულია, ვიფიქროთ, რომ 2020 წელს "ქართულ ოცნებას" წარმატებისა და მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი ექნება. ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, განმეორდეს 2003 წლის სცენარი.

"რ": მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილის გადადგომაზე საუბარი, დიდი ხანია, მიმდინარეობს, ბოლო დღეებში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტიური გახდა. თქვენ რამდენად ელოდებით, რომ უახლოეს პერიოდში პრემიერი გადადგომის შესახებ განაცხადებს?

ვ.ძ.: ზოგადად, "ქართულ ოცნებას" მოულოდნელი გადაწყვეტილებები ახასიათებს ამ საკითხზე, თუ გავითვალისწინებთ ჯერ თავად ივანიშვილის, შემდგომ ღარიბაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან გასვლას.

გახსოვთ, ღარიბაშვილი მოხსენებით გამოვიდა, მისი მმართველობის მიღწევებზე ილაპარაკა და რამდენიმე დღეში გადადგა. ეს მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვნილმა მიიღო, მაგრამ თუ პოლიტიკური ვითარებიდან გამოვალთ, არ მგონია, დღეს კვირიკაშვილის ჩანაცვლება სწორი იყოს.

მართალია, ვითარება ძალიან კარგი არ არის, მაგრამ კვირიკაშვილი მეტ-ნაკლებად არეგულირებს მას, მეორე მხრივ, საზოგადოების მისადმი დამოკიდებულება არ არის ნეგატიური. ამიტომ მისთვის თანამდებობის ჩამორთმევა თუ გადადგომა არ იქნება გამართლებული. თუ ასეთი რამ იგეგმება, უმჯობესია, ეს ან შემოდგომაზე მოხდეს, ან საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. შესაძლოა, უფრო შემოდგომაზე, უფრო მისაღები იქნებოდა.

"რ": კვირიკაშვილის შემცვლელად გიორგი გახარია მოიაზრება, თქვენი აზრით, გაართმევს ის თავს პრემიერის მოვალეობებს?

ვ.ძ.: გააჩნია, რას ველოდებით ამ პრემიერ-მინისტრისგან. ჩემი გადასახედიდან, ჩვენი მმართველობის სისტემა, რომელიც საპარლამენტოა, ყოველ შემთხვევაში, ასე ვლაპარაკობთ, ასეთ მკვეთრ მოძრაობებს არ ითვალისწინებს. მოდის გუნდი თავისი ლიდერით, ამ არჩევნებში კი ლიდერი კვირიკაშვილი იყო და თუკი ის უნდა გადადგეს, მაშინ უფრო სწორი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ გახარია შეცვლის მას, ეს არა გუნდის, არამედ ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება, რეალურად, ასეა.

რას ველოდებით გახარიასგან?! - როცა გუნდის ერთიანობაზე ვლაპარაკობ, იმ პროგრამას ვგულისხმობ, რომელსაც ის წარადგენს, ამ შემთხვევაში კვირიკაშვილმა მოიტანა ეს პროგრამა, რომელიც დღეს გვაქვს. თავი დავანებოთ იმას, როგორია ეს პროგრამა, მაგრამ არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ის მიდის. მაშინ ის გუნდი და პროგრამა როგორ რჩება, რანაირად ხდება ეს?!

კი, ბატონო, შეცვლა შეიძლება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი პრემიერი ისევ ძაფზე იქნება ჩამოკიდებული, მისი უფლებამოსილება კი შეზღუდული იქნება. რა თქმა უნდა, არა კონსტიტუციურად, არამედ რეალურად. ამიტომ რთულია, ვილაპარაკოთ, რომ გახარია პრემიერობის შემთხვევაში რამე მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×