მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, "ქართული ოცნება" იმ გუნდით ვეღარ ვიხილოთ, როგორითაც ის დღეს არის წარმოდგენილი. პოლიტოლოგთა ნაწილმა უკვე დაიწყო საუბარი, რომ პარტია ნელა, მაგრამ მაინც მიდის დაშლისკენ.
პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2020 წლისთვის სულაც არ არის გამორიცხული, რომ "ქართულ ოცნებას" გამოეყოს ჯგუფი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო და 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალად იქცა.
კოალიცია "ქართული ოცნება" ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ: ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ირაკლი ალასანიას "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", დავით უსუფაშვილის "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" და კახა შარტავას "ეროვნული ფორუმი". მოგვიანებთ კოალიციას შეუერთდნენ კონსერვატორები და მრეწველები.
კოალიციამ დაშლა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების წინ მასში შემავალმა პარტიებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებდნენ.
ამის შემდგომ "ქართულმა ოცნებამ" არაერთი რეორგანიზაცია განიცადა და უკვე მესამე პრემიერ-მინისტრი გვყავს. აღსანიშნავია, რომ, წინამორბედების მსგავსად, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილიც თავისი სურვილით გადადგეს თანამდებობიდან. თუმცა სანამ იგი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანადე პარტიას ორი ფრაქცია გამოეყოფა და, რეალურად, სამ ნაწილად იყოფა.
ფრაქციების გამოყოფის შესახებ ინფორმაცია 15 დეკემბერს გაცხადდა - რომ საგაზაფხულო სესიაზე 86-კაციანი ფრაქცია "ქართული ოცნება" პარლამენტში სამ ახალ ფრაქციად წარდგება. ერთი ახალი ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე იქნება, მეორე ახალ ფრაქციას კი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, ბიზნესპარტნიორი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, ცოტათი შემცირებული ძირითადი ფრაქციის ლიდერი ისევ მამუკა მდინარაძე იქნება.
პარტიაში არსებულ რთულ ვითარებაზე "რეზონანსთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ თუკი "ქართულ ოცნებაში" სიტუაცია არ გამოსწორდება, შესაძლოა, პარტია გაიყოს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კი "ოცნებას" გამოეყოს ჯგუფი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
"2020 წლისთვის სულაც არ არის გამორიცხული, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს რამდენიმე ჯგუფად გაყოფილი შეხვდეს, უფრო სწორად ცალ-ცალკე შეხვდეს არჩევნებს და არა როგორც ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. ამის პრეცედენტები არის. თანაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია. როგორც ჩანს, მისი გამოსწორება ვერ მოხერხდება, ამიტომ "ოცნებაში" დაიწყება ფიქრი ოპოზიციური ნაწილის შექმნაზე. ანუ ეს პროცესი დღეს შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს "ოცნებაში" ფრაქციების შექმნას, თუმცა ირიბად მაინც არის მოძრაობა ამ მიმართულებით. ვვარაუდობ, რომ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასე მოხდება. თუ სიტუაცია მკვეთრად დადებითად შეიცვალა, მაშინ ყველა შეეცდება ადგილის შენარჩუნებას, მაგრამ საკმაოდ რთულია ვიფიქროთ, რომ 2020 წელს "ქართულ ოცნებას" წარმატებისა და მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი ექნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
"ქართული ოცნების" პარტიიდან სამომავლოდ ჯგუფების შექმნასა და ოპოზიციაში გადასვლას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც. მისი თქმით, ისეთი დიდი პარტია, როგორიც "ოცნებაა", დიდხანს ვერ იქნება უძრავად, ამიტომ მომავალში შესაძლებელია, რომ გამოეყოს გარკვეული ჯგუფი, რომელიც მას ოპოზიციაში ჩაუდგება.
"როცა ქვეყანაში ოპოზიციის დეფიციტია და ერთ-ერთი პარტია ძალიან დიდი ზომისაა, ასეთი გზა გამორიცხული არ არის. მთავარი ისაა, რომ ასეთი დაშლა იყოს იდეოლოგიური პრინციპიდან გამომდინარე. ანუ ერთ ჯგუფს მეორესთან რეალურად ჰქონდეს საკამათო და არა ის, რომ ფორმალურად სხვადასხვა სახელები ერქვათ. ამასთან, ამ თვალით თუ შევხედავთ, მე მეეჭვება, რომ "ოცნებაში" ფრაქციების გამოყოფა სამომავლოდ მსგავს პროცესებთან იყოს კავშირში, რადგან ამ ფრაქციების ლიდერებიდან აქამდე არც ერთი არ ყოფილა იმ პოლიტიკურად განსხვავებულ პლატფორმაზე, რომელზეც პარტია დგას. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, სხვა ჯგუფებიც წარმოიშვას, რომლებიც ამ პლატფორმის განმსაზღვრელნი იქნებიან, რადგან, ბუნებრივია, ამხელა პარტია ასე უძრავად დიდხანს ვერ გაძლებს", - განაცხადა საყვარელიძემ.
"ქართული ოცნების" პარტიის დაშლასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, პარტიის დაშლაზე საუბარი შეთქმულების თეორიას უფრო ჰგავს, რადგან არც ერთ ლიდერს, რომელიც "ოცნებაში" მოიაზრება, არ სურს, ბიძინა ივანიშვილის ფულს შეელიოს.
"მე ვფიქრობ, ეს უფრო შეთქმულების თეორიას ჰგავს, განა იმიტომ, რომ მათ უყვართ ერთმანეთი. რეალურად, შეიძლება, ეზიზღებათ კიდეც, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" არ არსებობენ ის ლიდერები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებენ. ფაქტობრივად, ყველა ჯგუფი, რომელთა უკანაც ლიდერები მოიაზრებიან, არის ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე. აქედან გამომდინარე, მისი მხრებიდან გადმოსვლა არავის უნდა. შეიძლება ამ მხრებზე ამხედრებულებმა ერთმანეთს მუჯლუგუნები უთავაზონ, უკბინონ, მაგრამ იქედან ჩამოვარდნა არავის უნდა. სამწუხაროდ, იქ არ არიან ლიდერები, რომელთაც ამის თავი აქვთ, ამიტომ ამ მოსაზრებას, როგორც შეთქმულების თეორიას, ისე განვიხილავ", - გვითხრა პოლიტოლოგმა.