სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს, 39 წლის გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი და ტერორისტთა რიგებში მებრძოლებიდან ეს უკვე 26-ე დაღუპული პანკისელია. სხვადასხვა მონაცემებით, პანკისიდან ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში 50-დან 300-მდე ახალგაზრდაა წასული, ზოგი ოჯახებითაც კი.
მათი ნაწილი "ისლამური ხალიფატის" რიგებში იბრძვის, ნაწილი - "ალ ქაიდას" დაჯგუფება "ალ ნუსრაში" და საქართველოდან წასულებს ორივე დაჯგუფებაში დღესაც რამდენიმე გავლენიანი მეთაური ჰყავთ, მათ შორისაა მურად (მუსლიმ) მარგოშვილი "ალ ნუსრაში", "ხალიფატში" კი გავლენიანია დაღუპული თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილი, რომელსაც კონტრდაზვერვის მიმართულება აბარია და, ასევე, ადამ გუმაშვილი, რომელიც "ხალიფატის" ე.წ. იუსტიციის მინისტრია.
ქართველი ექსპერტების განცხადებით, ბოლო დროს საქართველოდან რეკრუტირება შეჩერებულია, რადგან წასვლას აზრიც არ აქვს, "დაეში" პოზიციებს ყველგან აგებს და ახლა "ხალიფატი" ახალი ბირთვის შექმნაზე მუშაობს, მათ შორის საქართველოშიც.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდეს ახალი ბირთვის შექმნა, ასევე საქართველოშიც აქტიურად მუშაობს იდეოლოგიის ხაზი და აჰმედ ჩატაევის საქართველოში გადაადგილებამ დაადასტურა კიდეც ის ვარაუდი, რომ ახალი ბირთვის ჩამოყალიბება და დიდი იდეოლოგიური მობილიზაცია ხდება ჩვენთანაც.
"ხალიფატში" აპირებენ "კავკასიური იმარატის" აღორძინებას, რაც ალბათ დეკემბრის ბოლოსთვის მოხდება. სტრუქტურები უკვე მზადაა და იგი "ისლამური სახალიფოს" ერთგვარი შვილობილი დაჯგუფება იქნება. ჩვენთან და აზერბაიჯანში რომელი დაჯგუფებები მოქმედებენ, ესეც საინტერესოა.
"იდეოლოგია ისევ აქტიურად მუშაობს და შეიძლება თავისი მომხრეების ერთგვარი მობილიზაცია აქაც მოახდინონ. ჩატაევის საქართველოში გადაადგილება იწვევს ინსინუაციას, რომ აქაც ჰყავთ მიძინებული ქსელი და ახალი ბირთვის ჩამოყალიბება აქაც მოხდება", - მიიჩნევს მაისაია.
ვინ იყო ფეიზულა კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი და რამდენი ადამიანია ტერორისტთა რიგებში საქართველოდან? ექსპერტები ამბობენ, რომ კუშტანაშვილი იყო "ალ ქაიდას" ბაზაზე შექმნილი დაჯგუფების საველე მეთაური და, ასევე, 2012 წლის ლაფანყურის ჯგუფის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრი.
კუშტანაშვილის ოჯახის წევრები სოფელ დუისში სამძიმარს უკვე იღებენ. მას პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა, მეუღლე კი სირიაშია.
ცნობისათვის, 2012 წელს, ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტანში გადასვლას ცდილობდა შეიარაღებული ჯგუფი, რომლის 7 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. ითქვა ისიც, რომ დანარჩენებმა, საუბარია 5-დან 10-ადამიანამდე, ხეობიდან თავის დაღწევა მოახერხეს. ექსპერტების მტკიცებით, ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გაკეთებული დერეფნის მეშვეობით დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. მათგან ერთ-ერთმა - მანსურ შუდინოვმა თავის ჩვენებაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გაავრცელა, თქვა, რომ სწორედ ფეიზულას ევალებოდა ლოპოტას ხეობიდან შეიარაღებული ჯგუფის საქართველო-დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა.
ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ ჯგუფის რამდენიმე წევრი 2013 წელს სირიაში გადავიდა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.
"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ კუშტანაშვილი საკმაოდ ავტორიტეტული საველე მეთაური იყო, რომელიც ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩენილი 5 ადამიანიდან ერთ-ერთია.
მისი თქმით, პანკისის ხეობიდან ტერორისტთა რიგებში კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფიგურაა, მაგალითად, მუსლიმ მარგოშვილი, მაგრამ ის არ არის "ისლამური ხალიფატის" წევრი, ის "ალ ნუსრას" ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ასევე, გავლენიანია თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა, რომელსაც კონტრდაზვერვის სამსახური ჰქონდა ჩაბარებული.
"როგორც წესი, ქისტები კარგი მებრძოლები არიან და კარგად ჩანან ბრძოლებში. აჭარიდან და ქვემო ქართლიდანაც არიან საბრძოლველად წასულები და დაღუპულებიც, მაგრამ ვინაობას ოჯახები მალავენ.
"პანკისელების ამბავსაც ვერ გავიგებდით, რომ არა ის ტრადიცია, რომელიც გარდაცვლილის პანაშვიდზე კარის გაღებას და სამძიმრის მიღებას გულისხმობს და ამით ხდება ცნობილი. საქართველოდან, ჩემი აზრით, 100-120 ადამიანი იქნება წასული, თუმცა ზოგიერთ კვლევაში 300-საც ასახელებენ, მაგრამ მე ამის არ მჯერა", - ამბობს არეშიძე.
ექსპერტის თქმით, ბოლო დროს საქართველოდან სირიასა და ერაყში საბრძოლველად უკვე აღარ მიდიან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი, აზერბაიჯანელი, ქისტი თუ ქართველი, აღმოჩნდეს ერაყში და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს.
ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ კუშტანაშვილი "ალ ქაიდას დაჯგუფების წარმომადგენელი და "კავკასიური იმარატის" საექსპედიციო კორპუსის უფროსის მოადგილე იყო. მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა დაჯგუფებაში.
"ის "ალ ქაიდას" წარმომადგენელი იყო, რომელიც, "ისლამური ხალიფატის" მსგავსად, ტერორისტული ორგანიზაციაა. კუშტანაშვილიც იყო ტერორისტთა სიაში. მონაწილეობდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში, მას გაუკეთეს კორიდორი საქართველოს სპეცსამსახურებმა და გაატარეს თურქეთში. შემდეგ შეუერთდა სირიაში მებრძოლებს და გახდა "კავკასიური იმარატის" საექსპედიციო კორპუსის ხელმძღვანელი. მის დაჯგუფებაში შედიოდა ის ხალხი, ვინც "კავკასიის იმარატის" მიერ იყო სირიასა და ერაყში წარგზავნილი ჯერ კიდევ 2013-14 წლებში, რათა "ალ ქაიდას" მხარეს ებრძოლათ", - ამბობს მაისაია. მისი თქმით, საქართველოდან წასული მებრძოლებიდან დღეს, ასევე, გავლენიანი არიან მუსლიმ მარგოშვილი, ადამ გუმაშვილი და კიდევ რამდენიმე.
"საუბარია, რომ სირიაში ძალიან ცოტა მებრძოლია დარჩენილი, ძირითადად ისინი ავღანეთში გადავიდნენ, რამდენიმე გადავიდა იემენში. დღეს "ისლამური ხალიფატი", იგივე "დაეში", ახალ ბირთვს ქმნის და ეს ძირითადად ავღანეთის, ლიბიისა და იემენის მიმართულებებია.
"საქართველოდან წასულები ძირითადად "ხალიფატის" რიგებში იბრძოდნენ, დაახლოებით 150-200-მდე კაცი, "ალ ქაიდას" შემადგენლობაში კი დაახლოებით 30-კაცამდე იბრძოდა და ამ 30 კაცში ორი - მუსლიმ მარგოშვილი და ახლა მოკლული კუშტანაშვილი საკმაო გავლენით სარგებლობდნენ. საერთო ჯამში, საქართველოდან 300-400 კაცი იქნება წასული, არა მარტო "სახალიფოს", არამედ სხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში", - აღნიშნავს მაისაია.