"მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" პარტიის შიგნითაც უნდა არსებობდეს ბირთვი, რომელიც კრიტიკული იქნება გარკვეული პროცესების მიმართ. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც მიკროფონთან არც კი მისულან, მუდმივად ერთი და იგივე ხალხი საუბრობს და გამოთქვამს მოსაზრებას, რაც მტკივნეულია. იქნებ ამ ფრაქციების შექმნამ აამოძრაოს ეს ხალხი და მისცეს შესაძლებლობა, ენა ამოიდგან", - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ "რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის ვეტო გასართობ საშუალებად იქცა, რომლითაც ის თვეში ერთხელ ერთობა. პოლიტოლოგი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს, დავით ნარმანიას სემეკის წევრად მიღებასა და ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხსაც შეეხო.
"რეზონანსი": "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებულ ცვლილებებს როგორ აფასებთ?
იგორ კვესელავა: საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ტელევიზია, რომელსაც მოსახლეობა აფინანსებს. იგი ობიექტურად უნდა აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და უნდა იყოს ნეიტრალური. ვფიქრობ, ამ პროცესის დაწყება სწორია, რადგან წლების განმავლობაში ტელევიზიაში ძალზე მძიმე ვითრება იყო შექმნილი.
"რ": თქვენი მოსაზრებით, როგორი იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ელოდებით, რომ ამ პროექტს ვეტოს დაადებს?
ი.კ.: ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუმცა ახლა ჩვენ გვყავს ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც უხარია, რომ თვეში ერთხელ ვეტო დაადოს რომელიმე კანონპროექტს. დღეს პრეზიდენტის მოვალეობა ვეტოს დადებაა, მე ასე გავაცნობიერე მისი ფუნქცია. მაგრამ ამით მოგებული რჩება პრეზიდენტი?!
"რ": თუმცა აღნიშნული ცვლილებები პირველ მოსმენაზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ჩააგდო.
ი.კ.: ის, რაც დარგობრივ კომიტეტში მოხდა, არა ცვლილებების ჩაგდება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა და მოსაზრებების გაცვლა იყო. გამოითქვა მოსაზრებები, ხომ არ აჯობებს, მაუწყებლისთვის სწორედ ასე განვითარდეს მოვლენები და არა სხვანაირად. ეს ჩაგდება კი არ არის, არამედ აზრთა ურთიერთგაცვლაა. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ცვლილებებს კომიტეტები არ წყვეტენ, არამედ პარლამენტი. შესაძლოა, კომიტეტმა მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ ის გავიდეს პრალამენტში. აქ საუბარია, როგორია პარლამენტის გეზი და პლატფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენი ტელევიზიის მუშაობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტი იყო და ახლა მიდის იმის მცდელობა, რომ ეს გამოსწორდეს.
"რ": როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ვგულისხმობთ ფრაქციების გამოყოფას და პარტიის სამ ნაწილად გაყოფას.
ი.კ.: მე წავიკითხე თქვენს გაზეთში, რომ ეს პროცესი თითქოს "ოცნების" გახლეჩის დაწყებას ნიშნავს. ადრე გითხარით კიდეც, რომ გამორიცხული არ არის, 2020 წლისთვის "ოცნების" შიგნით მოხდეს გარკვეული ძალების გამოყოფა.
გულახდილად რომ გითხრათ, ეს იყო უზარმაზარი ფრაქცია, საქმის განხილვისა და უკეთ წარმართვის თვალსაზრისით კი ყოველთვის სჯობს, გარკვეული ფრაქციები არსებობდეს და იქ იხარშებოდეს პრობლემები. ეს ცუდი არ იქნება.
მიმაჩნია, რომ პარტიის შიგნითაც უნდა არსებობდეს ბირთვი, რომელიც კრიტიკული იქნება გარკვეული პროცესების მიმართ. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც მიკროფონთან არც კი მისულან, მუდმივად ერთი და იგივე ხალხი საუბრობს და გამოთქვამს მოსაზრებას, რაც მტკივნეულია. იქნებ ამ ფრაქციების შექმნამ აამოძრაოს ეს ხალხი და მისცეს შესაძლებლობა, ენა ამოიდგან.
"რ": როგორ შეაფასებდით დავით ნარმანიას სემეკის წევრობის კანდიდატად წარდგენას?
ი.კ.: ნარმანია გახლავთ მეცნიერი, დოქტორის ხარისხი გერმანიაში აქვს მიღებული. იგი სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს პროფესორად და მისთვის ამ ეტაპზე სემეკის წევრობა საუკეთესო ადგილია, მათ შორის მატერიალური თვალსაზრისითაც. მოგეხსენებათ, რომ ხელფასი 10 000-ზე მეტია სემეკში. ასე რომ, ვფიქრობ, მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა. იგი დამშვიდდება იმ ორომტრიალისგან, რომელიც მერიაში იყო და დიდი წარმატება ვერ მოუტანა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მას სემეკის წევრად დაასახელებენ.
"რ": გვინდა, გკითხოთ გაეროში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებაზეც, რომ ამერიკა კიევს იარაღით ამარაგებს. თქვენი აზრით, რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ამ ფაქტმა უკრაინაში?
ი.კ.: ამერიკა თუ გადაწყვეტს, უკრაინას იარაღი მიაწოდოს, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესების დაძაბვას ნიშნავს, ეს ევროპაში ომის შეჩერებას კი არა, გაგრძელებას ნიშნავს. ამერიკას არასდროს უომია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პირველ მსოფლიო ომს და იმ წერტილოვან დარტყმებს, რომელსაც ის ვიეტნამის ომის დროს იღებდა. რა მოუტანა ამან ამერიკას, ყველასთვის ცნობილია, ამას ყოველთვის უარყოფითად იხსენებდა. თუკი ამერიკა მართლაც გადაწყვეტს ამას, რუსეთი იძულებული იქნება, საპირისპირო მოიმოქმედოს. იგი იარაღს იარაღს დაუპირისპირებს, ხოლო ძალას ძალით შეხვდება.
მგონია, რომ აშშ-ში შემუშავებულია და დევს პროექტი, რომ უკრაინა გაიხლიჩოს ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებად. ის პროცესები, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს უკრაინაში, მგონია, რომ მას გახლეჩისკენ მიაქანებს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება თუ ჩუქება როგორ უნდა წაადგეს იმ პროცესებს, რაც უკრაინის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარეობს. აშშ-ის საპასუხოდ რუსეთი მიიღებს შემხვედრ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის არ იქნება კარგი.