ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ჯ. 9 იანვარს სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, პროცესზე დეტალურად ისაუბროს, რა მოხდა 1 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, საქმეში მტკიცებულებად გ.ჯ.-ს ჩვენება არ დევს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი თქმით, მას ადვოკატი შეეცვალა, ამიტომ მის მაგივრად ვერ ისაუბრებს და ვერც სახელს და გვარს გვეტყვის, თუ ვინ იცავს გ.ბ.-ს უფლებებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ დაკითხულა. პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაიკითხება. შემდეგი პროცესი 9 იანვარს არის ჩანიშნული. ის ისაუბრებს დეტალებზე ობიექტურად. აპირებს, სრულყოფილად მოყვეს, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
პროკურატურის მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული, რის საფუძველზეც წაუყენეს ბრალი დანაშაულში მონაწილე პირებს და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მტკიცებულებები სრულად გადაეცა დაცვის მხარეს.
"ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის განუხრელი დაცვით. კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულებს წარედგინათ ბრალდება და სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, მტკიცებულებები, ასევე კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულად არის გადაცემული დაცვის მხარისათვის", - აცხადებენ პროკურატურაში.
შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზე გარკვეული პირები კვლავ დაიბარონ. იგი არ პასუხობს კითხვას, შესაძლოა თუ არა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
"ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამოვრიცხავთ, რომ გამოძიების ფარგლებში მოხდეს როგორც სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება, ისევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება. დაველოდოთ გამოძიებას და იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი - მკვლელობის ბრალდებით, რომელთაგან ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორივე არასრულწლოვანი პირველი ექსპერიმენტულ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. გ.ჯ. დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით კი იგი მოგვიანებით, დაკითხვისას ისაუბრებს.
დამოუკიდებელი ექსპერტის - მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ძალიან ბევრი კვლევაა დანიშნული, ამიტომ ფიქრობს, საკმარისი დრო არ გასულა, რომ გამოძიებამ რაიმე კონკრეტული თქვას.
"დაზარალებულებს ჩემთვის არ მოუმართავთ და ექსპერტიზაში მონაწილეობა არ მიმიღია. დასკვნას ველოდები და მერე გამოჩნდება, რა მოხდა. გვამის ექსპერტიზა, ხელზე დაზიანებები, ძალიან ბევრი რაღაც უნდა შედარდეს.
"ობიექტური მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, მაშინ ითქმევა ზუსტად, საქმეში რამდენი დანა შეიძლება არსებობდეს და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მკვლელობაში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუნდაც ლოგიკის დონეზე. საკმარისი დრო ნამდვილად არ არის გასული, ძალიან ბევრი კვლევაა დანიშნული და ამას დრო სჭირდება", - გვითხრა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.