შერიგება, საქართველოში დეპორტაცია თუ უკრაინაში პატიმრობა
ეკატერინე ბასილაია
20.12.2017

 მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აქციებს წყვეტს, თუმცა მხოლოდ დროებით, საახალწლო დღესასწაულების ჩამთავრებამდე და კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ამ შეწყვეტას კავშირი აქვს პოროშენკოსთან "ფარულ შეთანხმებასთან", რომელზეც უკრაინული მედიის ნაწილი პოროშენკოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

რამდენიმე დღეა, სააკაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსადმი მიწერილი წერილი დიდი სპეკულაციების საგანია და ორივე მხარე ერთმანეთს პროვოკაციაში სდებს ბრალს.

პოროშენკოს ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს აქციების შეწყვეტას და შერიგებას სთავაზობდა, რაზეც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ჯერ განაცხადა, რომ წერილი არ მიუწერია, შემდეგ თქვა, რომ წერილი იყო, მაგრამ მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა, შეთავაზება იყო მხოლოდ საჯარო მოლაპარაკებაზე, როგორ უნდა მოხდეს ოლიგარქიული სისტემიდან თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლა.

გუშინ კი უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პეტრო პოროშენკოს მისწერა.

"მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არ მაქვს არანაირი აგრესიული განზრახვები. თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ და კარგად გესმით ჩემი. ჩემი დადანაშაულება ფსბ-სთან არა მხოლოდ სრული აბსურდია, უფრო მეტიც, ახარებს უკრაინის მტერს.

"რაღა თქმა უნდა, მე დავუშვი და ვუშვებ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, საჭიროა დეესკალაცია და არ უნდა დავუშვათ სიტუაციის დესტაბილიზაცია. მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს და ყველაფერი განვიხილოთ", - ნათქვამია წერილში.

როგორც ცეგოლკო ამბობს, "შერცხვენილმა პოლიტიკოსმა" პირობა დადო, რომ დესტაბილიზაციას არ მიმართავდა, თუმცა ამ წერილის შემდეგ, კვირას, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დარბევამ და შტურმმა აჩვენა, რომ ბატონმა სააკაშვილმა სიტყვა არ შეასრულა. ცეგოლკოს თქმით, წერილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მან ჟურნალისტების თხოვნის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წერილის შინაარსით მანიპულირების გამო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კიევში კვირას, 17 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციის - "იმპიჩმენტის მარშის" შემდეგ ოქტომბრის სასახლესთან ინციდენტი მოხდა, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები სასახლეში შეჭრის მცდელობაში დაადანაშაულა, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

მოხდება თუ არა მორიგება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის და შეწყვეტს თუ არა სააკაშვილი აქციებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი იგი რუსი ოლიგარქის დაფინანსების მიღების საქმეზე 22 დეკემბერს ისევ დაკითხვაზეა გამოძახებული და მოლოდინია, რომ თუ ამჯერადაც უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, შესაძლოა, შინა პატიმრობა მიესაჯოს.

ამასთანავე, ისევ გააქტიურებულია მისი საქართველოში ექსტრადიციის თემაც. "ტვიტერზე" უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნაზე იურიდიული პროცედურები ტარდება და ჯერ ვერ იტყვის, რით დასრულდება პროცესი.

"შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ აღნიშნული მოთხოვნის განხილვის გადადების ყველა შესაძლო ინსტრუმენტი სააკაშვილის ადვოკატებმა უკვე გამოიყენეს", - წერს პეტრენკო.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ პოროშენკოსა და სააკაშვილის შერიგება გამორიცხულია, რადგან ეს ორივესთვის წამგებიანია.

"თუ შეთანხმება მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ორივე მომხრეების გარკვეულ ნაწილს დაკარგავს. მორიგება პოლიტიკურ ღირსებას არც ერთს არ შემატებს. ისინი უკვე კლასიკური პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან, პოროშენკო სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობასა და მტერთან კავშირში სდებს ბრალს, სააკაშვილი კი პოროშენკოს ბრალს სდებს მექრთამეობაში, ოლიგარქიულ სისტემაში, სასამართლო სისტემის იგნორირებაში, თითქმის დიქტატორობაში. მათ შორის უბრალო შეხვედრაც კი ძნელია. სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და მას ესმის, რომ მორიგებით წააგებს", - ამბობს ცინცაძე.

მისი თქმით, ასევე, უცნაურია უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებაც, რომელიც არ ამბობს, ექსტრადიცია იქნება თუ არა და უეჭველია, რომ იგი პოროშენკოს მითითებას ელოდება. უკრაინაში სიტუაცია აჭრილია, პოროშენკოს დიდი სურვილია, სააკაშვილი თავიდან მოიშოროს, მაგრამ დასავლეთის "რეკომენდაციებს" ელოდება. "სააკაშვილიც ცალი თვალით დასავლეთისკენ იყურება და მათ რეაგირებას ელოდება", ამიტომ რა მოხდება, ამის პროგნოზი ძალიან ძნელია.

"ერთი რამ ცხადია, პოროშენკო ბოლო წერტილამდეა მისული, მაგრამ დასავლეთიდან რეკომენდაციებს ელოდება. მან შეპირებული ტრანში უნდა მიიღოს და ელოდება, დასავლეთი რა პირობებს წაუყენებს. ერთი რამის ვარაუდი შემიძლია, სააკაშვილს დასავლეთიდან მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, მისი ეს ისტორია აქამდე დამთავრებული იქნებოდა, მაგრამ დასავლეთიც მძიმედაა, უკრაინაში ოპოზიციური ლიდერი არ ჩანს", - აღნიშნავს ცინცაძე.

ცინცაძისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებს შორის მორიგება ყოველთვის შესაძლებელია.

"ჩვენ არ ვიცით, რა ძალები დგას სააკაშვილის უკან. ფაქტია, რომ კულტურის სახლის შტურმისკენ მან მოუწოდა მომხრეებს და შემდეგ ისევ თავად შეაჩერა. როგრც ჩანს, ვიღაც ჩაერთო მის მოქმედებაში და ამ პროცესის შეჩერება მოსთხოვა. შთაბეჭდილება რჩება, რომ სააკაშვილი აისბერგის თავია მხოლოდ და სანამ ეს აისბერგი არ გაიშიფრება, პროგნოზი რთულია.

"თუმცა აქციების მორატორიუმი უფრო იმისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ სააკაშვილმა ამ ეტაპზე შეწყვიტოს ბრძოლა და ახალი გზები და საშუალებები მოძებნოს. ახლა ქუჩაში დარჩენა მისთვის დაღუპვაა, რადგან მთელი უკრაინა ალბათ ერთი თვე ახალ წელს ზეიმობს და მგონია, რომ ამ შეწყვეტის მიზეზი რესურსების გამოლევაა. ფინანსურ რესურსებს იმდენად არ ვგულისხმობ, რამდენადაც პოლიტიკურ და ადამიანურ რესურსებს და პოლიტიკური რესურსის გამოლევა იყო მისი წერილიც. დიდი ალბათობით, აქციების შეწყვეტის მიზეზი ან ამ რესურსების შევსებაა, ან არენიდან წასვლის ღირსეული ხერხია", - მიიჩნევს საყვარელიძე.

საყვარელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ახლა, როდესაც მისი ექსტრადიციის თემა ძალიან გააქტიურებულია, ცდილობს, მეტად აღარ გააღიზიანოს პოროშენკო და უფრო ფრთხილი იყოს, რათა უკრაინამ არ მიიღოს მისი საქართველოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება.

"საქართველოს ციხე მისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. მან ძალიან ბევრი რამ იცის ბევრი ძლიერი პოლიტიკური ძალის შესახებ, ციხეში კი, დიდი შანსია, ალაპარაკდეს, ამიტომ შეიძლება ამ ძალებმა ის ციხემდე არც მიუშვან და მისი სიცოცხლეც კი აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე", - ამბობს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×