(რეზონანსი) საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავებაზე აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს. ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს.
„მიმდინარე სეზონის დასაწყისში FIBA-ს რეკომენდაციით ჩამოყვანილიია მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი, რომლის ფუნქციაშიც შედის არა მარტო თამაშების ხარისხის მონიტორინგი, არამედ ახალგაზრდა მსაჯთა კონტინგენტის გაზრდა და მათი შემდგომი ინტეგრირება საქართველოს და საერთაშორისო ფედერაციების ეგიდით გამართულ მატჩებში. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა, ფედერაციის წესდებისა და ზოგადად სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება და არ შეეგუება საკალათბურთო სამყაროში არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის", - განაცხადა პაატა გურასპაულმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.
როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36 000 ლარი აიღეს.