(რეზონანსი) იმედია სასამართლოს მიერ მოცემული ვადა საკმარისი იქნება და შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით, - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს.
ადვოკატის განმარტებით, მიცემული დრო არ იყო საკმარისი, გაცნობოდა საქმის მასალებს და მოემზადებინა დასკვნითი სიტყვა.
როგორც გოგლიჩიძემ აღნიშნა, საქმე რთული იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, განემარტა, რას გულისხმობდა საქმის სირთულეში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მასალები იყო ბევრი და ასევე ბრალდებულთან კომუნიკაცია ვერ მოახერხა.
მოსამართლემ ნაწილობრივ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და მხოლოდ სამდღიანი ვადა მისცა საქმის მასალების გასაცნობად და მოუწოდა, რომ საქმეს მეტი მობილიზებით მოეკიდოს.
შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალდებული სააკაშვილია, სასამართლოს სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება.
სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად და მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.