(რეზონანსი) პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს და სცემეს, ცოტა ხნის წინ ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
რატიანის საქმეში პოლიციელის სავარაუდო დანაშაულზე დღეს განცხადება შსს-მ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოეტის დაკავების ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს, პირველადი შესწავლის შედეგად კი, ორივე მხარის პასუხისმგებლობა იკვეთება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს ამ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ამ პოლიციელს. ზვიად რატიანი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
როგორც დროებითი მოთავსების იზოლატირიდან გამოსულმა რატიანმა განაცხადა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რვა სამართალდამცავმა სცემა.
„სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 8 სამართალდამცველი მირტყამდა, ძირითადად თავის არეში. სხეულზეც მაქვს დაზიანებები. ყელში მიჭერდნენ, მეც ვუწევდი წინააღმდეგობას. დაახლოებით ორი საათი ვიყავი მანქანაში. იარაღით მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ხელკეტი ჰქონდათ. საათობით გაგრძელდა ჩემი წვალება. როცა მიმიყვანეს დაკავების იზოლატორში, აქ კარგად მექცეოდნენ, ექიმიც მოვიდა",- აცხადებს რატიანი.
მისივე თქმით, „შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ".
პოეტის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173 წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საპოლიციო რეიდების დროს სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს.