(რეზონანსი) მწერლებმა და გამომცემლებმა პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მწერლები იმ ვიდეომასალის გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელიც, მათი მტკიცებით, რატიანის ცემის ფაქტებს ასახავს.
მწერალი ლაშა ბუღაძე შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას „უტიფრულს" უწოდებს და იმ სამართალდამცველთა ვინაობის გამჟღავნებას ითხოვს, რომელთაც რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უტიფრული განცხადება იმის ფონზე, თუ როგორ აწამეს, როგორ იძალადეს პოეტ ზვიად რატიანზე. სრულიად გაუგონარი ფაქტი მოხდა და ის არის ძალიან მძიმე მდგომაროებაში. ჩვენ მას ვიცნობთ და ის ცნობილია საზოგადოებისთვის და საზოგადოებისათვის უცნობ ადამიან რას უზამდნენ. დღეს ახლა უცნობი ადამიანი იქნებოდა ჩაგდებული, კაცმა არ იცის და სად და პროკურატურა რა საქმეებს შეუკერავდა მას. უკვე წარმოდგენაც კი არ არის საჭირო, როგორ დაჩაგრავდნენ.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს მოძალადეები, რომელთაც, რასაკვირველია, ეს ალბათ პირველი შემთხვევა არ ყოფილა, 7-8 კაცი, რომელიც ასე გაუსწორდა ზვიად რატიანს, ამგვარივე ძალადობრივად ისინი მოქცეულან, ალბათ, ბევრჯერ. ეს 7-8 კაცი გამოჩნდეს, გვაჩვენონ ვინ არიან ისინი. ჩვენ ვიცოდეთ ეს მოძალადეები იმიტომ, რომ ძალადობა არ არის აბსტრაქტული ცნება," - განაცხადა ბუღაძემ.
„ადამიანი უმოწყალოდ არის ნაცემი. მას მძიმე ფორმის ტვინის შერყევა აქვს და კიდევ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის თურმე იგინებოდა. პოლიციის ფუნქცია არ არის იმის გაკონტროლება რა გვაცვია. ჩვენ არ გვყავს ზნეობრივი პოლიცია",- განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.
როგორც დატო ტურაშვილმა განაცხადა დღეს პოლიციაში „არაპროფესიონალი და არაკვალიფიციური" ადამიანები მუშაობენ.
"კრიმინალთან ბრძოლას ჭირდება განათლება, გონიერება, ლოგიკა და არა რეიდები. ფაქტია, რომ დღეს პოლიციაში არის უამრავი არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური, სრულიად გაუნათლებელი ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ადამიანის უფლებები.
„არშემდგად ძველ ბიჭებს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დაჩაგრონ, ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენონ. ამის მსხვერპლია ზვიად რატიანი. ზვიად რატიანი ცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ადვილად დასაჩაგრი, ისეთი ფერის ქურთუკი ეცვა. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი", - განაცხადა ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპოლიციო რეიდების დროს სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს.