(რეზონანსი) თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განცხადებით, , სასტუმრო „რუმს თბილისში" ხანძარი მე-5 სართულის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, სადაც საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები და გამწოვებია განთავსებული.
მისივე თქმთ, სასტუმროს საცხოვრებელ ნომრებში ხანძარი არ ყოფილა.
„შეტყობინება ხანძრის შესახებ 00:31 საათზე შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მათ შორის - სამი სამაშველო და ორი მექანიკური. დაახლოებით 3-4 წუთში ადგილზე გამოცხადდა პირველი ორი დანაყოფი, რომლებმაც მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ეს პროცესი ძალიან სწრაფად ჩატარდა. დაახლოებით 5 წუთში მცხოვრებლები შენობის გარეთ იყვნენ. ხანძრის შედეგად მეხუთე სართულის სასხვენო გადახურა იწვოდა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. დაშავებული არავინაა", - აღნიშნა გელაშვილმა.
როგორც სასტუმროს დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ თქვა, სასტუმრო დღესვე დაიწყებს ფუნქციონირებას.
„არავინ დაშავებულა - არც სტუმარი და არც თანამშრომელი, რადგან ძალიან სწრაფი რეაგირება მოხდა როგორც სახანძრო სამსახურის, ასევე, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან“, – აღნიშნა დირექტორმა.