(რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის ორ სოფელში სპეცოპერაცია ჩაატარა.
ომალოსა და დუისში 04:00 საათზე დაწყებული სპეცოპერაცია, რომელშიც დაახლოებით 50 სპეცრაზმელი მონაწილეობდა, სამი ადამიანის დაკავებით დასრულდა.
ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა. ომალოში ბადო ჩოფიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობის იარაღი ამოიღეს.
არსებული ინფორმაციით, ჩოფიკაშვილი აჰმედ ჩატაევის რაზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებითაა დაკავებული.
რაც შეეხება სოფელ დუისს, სუს-ის სპერცაზმელებმა ვახო მაჩალიკაშვილის სახლი გაჩხრიკეს და ძმები მაჩალიკაშვილები დააკავეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაციის დროს ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღნიშნული სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.
მომხდარზე სუს-ში სპეციალური ბრიფინგი დაინიშნა, რომელიც 12:00 საათზე გაიმართება.