(რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს ჩარატებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხუთი პირი ახმედ ჩატაევს და მის თანამზრახველებს საქართველოში უკანონს შემოსვლაში, ბინის ქირაობაში და იარაღის მოძიებაში დაეხმარნენ. ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფნგზე სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.
უწყების ცნობით, ჩატაევის და მისი თანამზრახვეწლების მიზანი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა", - განაცხადა გიორგობიანმა.
სუს-მა დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს ხუთი მოქალაქე, ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი, დააკავა.