(რეზონანსი) ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ხილვით. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთის გვჭირდება მხარდაჭერა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დავძლევთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს -ტერიტორიული პრობლემები
უწმინდესმა, ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საქართველოში პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე აღინიშნებოდა და ეს წლები მოსეს მიერ ებრაელი ერის აღთქმული მიწისკენ წინამძღოლობას შეადარა. მისი უწმინდესობის თქმით, „ეს იყო ძალინ რთული 40 წელი".
თავის მხრივ სომხეთის პრეზიდენტმა, ილია მეორეს თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ ინტრონიზაციის 40 წლის იუბილე და კიდევ ერთხელ ავღნიშნო თქვენ მიერ 40 წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი სამუშაო. მადლობას გიხდით სომეხი ერის სახელით ლოცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის.
„მე მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები, გვაკავშირებს ათასობით წლის მეგობრობა და მადლობა ღმერთს, ამ წლების განმავლობაში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო ჩვენი ურთიერთობის დარღვევა.
„ჩვენ აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ, ამ ისტორიულ საფუძვლებზე. ჩვენი სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ღრმავდება და გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.
სარგსიანი საპატრიარქოში მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება. შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე და სხვა სასულიერო პირები ესწრებიან.