(რეზონანსი) სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პირის ოჯახის წევრებისა და სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.
სახლახო დამცველის თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლები დაჭრილის ოჯახის წევრებს უკვე ესაუბრნენ.
"ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოჯახის წევრების განცხადება და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში მოხდა პირის დაჭრა, ურთიერთგამომრიცხავია. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩავერთვებით საკითხის შესწავლაში. ველოდებით გარკვეულ ინფორმაციებს და გვექნება შესაბამისი პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებთ", - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ხუთი მოქალაქე, ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი, დააკავა.