(რეზონანსი) პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" პოლიციის მხრიდან რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.
რატიანის ადვოკატები, ანა ნასრაშვილი და სოფო ვერძეული მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
გარდა ამისა, ადვოკატები გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, ვიდეოკამერების ჩანაწერები დროულად ამოიღონ ითხოვენ.
„ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება, ბატონ ზვიადისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. ამ ეტაპზე გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა, ის გარემოებები, რომლებზეც ზვიად რატიანი მიუთითებს, არის არასათანადო მოპყრობა და სწორედ ამ მუხლით უნდა წარიმართოს შემდგომში გამოძიება. ასევე, მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერების დროულად დაარქივება და შემდგომ ამოღება", - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.
საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი 24 დეკემბერს ღამით დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ პოეტი ნასვამი იყო, სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რითაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდა.