(რეზონანსი) 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას მოითხოვს.
გოგონამ კურიერთან საუბარში განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მასაც და მამამისსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ, მალევე გაათავისუფლა.
„სამი იარაღი აქვს - სანადირო თოფი, ეს პირადად მე მაქვს ნანახი. ქუთაისში, კარადაში აქვს შენახული და ერთი აქვს კიდევ ჩვეულებრივი ავტომატი. შევსწრებივარ ასეთ ფაქტს, რომ თავის მოკვლას ცდილობდა. ამ ავტომატითაც უცდია და სანადირო თოფითაც უცდია, ვითომ, თავის მოკვლა, ალბათ და რომ მოვიდეს ახლა და გუშინ თუ მუშტებით გამისწორდა, დღეს შეიძლება, ავტომატით გამისწორდეს," - განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.
გოგონას და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. კაცს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.