(რეზონანსი) თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება. ალილო „ვარდების მოედნიდან" 14:00 საათზე დაიწყება და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება.
ალილოს მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლიან.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდებიან. აქვე მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემენ. ტკბილეულით გზადაგზა მათ მოსახლეობაც დაასაჩუქრებს.
ალილოს მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპატრიარქოსკენ გაემართება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიულოცავს. ალილოს მონაწილეები მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივლენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.