(რეზონანსი) ირანში საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო, ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „Al-Quds Al-Arabi"- ი ავრცელებს.
როგორც გაზეთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ირანის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის თანხმობით აიყვანეს. ამის მიზეზი გახდა პოლიტიკოსის განცხადებები, რომელიც მან ანტისამთავრობო აქციებზე გააკეთა.
როგორც გაზეთი იუწყება, ყოფილმა პრეზიდენტმა ქალაქ ბუშერში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ზოგიერთი მოქმედი პოლიტიკოსი ხალხის პრობლემებისგან შორს იმყოფება და არაფერი იცის საზოგადოებაში არსებულ სიტუაციაზე".
მან ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეები პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო არიან.
ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ირანში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.