(რეზონანსი)პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით, საუბარი, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც პრეზიდენტის მხრიდან არასწორია.
„როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი მან შეარჩია, ის ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არასწორია. მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი - როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-თაა წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, მარტივად პრეზიდენტს ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი.
პრეზიდენტმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მან კომენტარებიც კონსტიტუციის შესაბამისად გააკეთოს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არასწორია, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში იტყუება. მას არავინ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება მარტივად აისახა გადაწყვეტილებაში, რომელიც მარგველაშვილს ფორმალურად უნდა მიეღო" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.