სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, რომ გაზრდილი აქციზი ძველ ნიშნულს დაუბრუნოს
მარი ჩიტაია
17.07.2018

 საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი არასდროს ყოფილა. მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ამის მიზეზი წელიწად-ნახევრის წინ აქციზის მკვეთრი მატებაც აღმოჩნდა. სპეციალისტები გადასახადის შემცირებასა და ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ. ასეთ შემთხვევაში საწვავი 25 თეთრით გაიაფდება.

თუკი საწვავზე აქციზი 2017 წლამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ეს დიდი შეღავათი იქნება ავტომფლობელებისათვის და არა მარტო მათთვის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გადასახადის კლება საგრძნობლად შეამცირებს ინფლაციის დონეს და გარკვეული პროდუქტების გაიაფებას გამოიწვევს. განსაკუთრებით ეს იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასებს დაეტყობა, რომელთა გაძვირება დიდწილად სწორედ ტრანსპორტირების მაღალ ხარჯსა და სამეურნეო საქმიანობისთვის ძვირი დიზელის გამოყენებას უკავშირდება.

დღგ-ისა და აქციზის გადასახადის წილი 1 ლიტრ ბენზინზე - 68 თეთრს, ხოლო დიზელზე 66 თეთრს შეადგენს. როგორც წესი, აქციზის გადასახადთან ერთად, საწვავის ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ლარის კურსიც. თუკი ლარიც სამომავლოდ ცოტათი გამყარდება, დიდია შანსი, რომ ქართველ მომხმარებელს საწვავი გაუიაფდეს. შესაბამისად, იმპორტზეც ნაკლები ფული დაიხარხჯება და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაც გაიაფდება. ამ ეტაპზე საცალო ქსელში 1 ლიტრი "რეგულარის" ფასი 2,40 ლარს აღემატება. საკმარისია, საწვავი მსოფლიო ბაზარზე კიდევ გაძვირდეს, რომ საქართველოში ფასი 3 ლარს მიუახლოვდება.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, საწვავზე აქციზის შემცირება ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რათა ფასების ზრდა და ინფლაცია შეაჩეროს.

თუმცა, აქციზის კლება მთავრობის სამოქმედო გეგმაში არ ჩანს. რატომ არ ამცირებენ ამ ტიპის გადასახადს, ფინანსთა სამინისტროში ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს და ეს არგუმენტი არც ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრისგან გახმოვანებულა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილს მიაჩნია, რომ, პირველ რიგში, აქციზის გადასახადი სწორედ დიზელის საწვავზე უნდა შემცირდეს, რომ ამან აგრარულ სექტორზე დადებითად იმოქმედოს და ხალხს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება გაუადვილდეს. აქციზის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას საწვავის, მინიმუმ, 20-თეთრიანი გაიაფება მოჰყვება, რასაც ნავთობპროდუქტების მომხმარებლები საკუთარ ჯიბეზე იგრძნობენ და ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

"2017 წლის იანვრიდან აქციზი, ბენზინის შემთხვევაში, 1 ტონაზე 250 ლარით გაიზარდა, ამავე მაჩვენებლით მოიმატა მან დიზელზეც. ორივე პროდუქტზე ამან, სულ მცირე, 20-თეთრიანი გაძვირება გამოიწვია. გადასახადი გაძვირებამდელ ნიშნულს რომ დაუბრუნდეს, დაახლოებით ამ მაჩვენებლით გაიაფდება საწვავი, შესაძლოა, 25 თეთრითაც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიზელის საწვავზე ფასი იყოს უფრო მოქნილი და დაბალი, რამდენადაც მისი მომხმარებლები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები არიან. გარდა ამისა, დიზელი აქტიურად გამოიყენება ენერგეტიკაში, სამშენებლო ინდუსტრიასა და რამდენიმე სხვა სექტორშიც.

აქციზის გადასახადის შემცირების გარეშე დღეს საწვავზე ფასის კლება წარმოუდგენელია. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია, არაპროგნოზირებადია და არავინ იცის, საით წავა. თვითღირებულება თუ შემცირდება, ეს კარგად იმოქმედებს საწვავის ღირებულებაზე და, გარდა ამისა, ინფლაციური პროცესების წამახალისებელი იქნება.

ცხადია, ქვეყნის ეკონომიკას დადებითად წაადგება და ეს ნაბიჯი მთავრობამ აუცილებლად უნდა გადადგას. დღევანდელ მოცემულობაში ისეთი ფასებია, რომ ნავთობპროდუქტების გაიაფება სხვა გზით რეალურად შეუძლებელია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მთვრალაშვილმა.

სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ მარტო აქციზის გადასახადის კლება საქმეს ვერ უშველის, თუკი ბაზარზე ოლიგოპოლია არ შესუსტდება და კომპანიები თვითნებობას არ მოიშლიან. ახლაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი მთავრობას სწორედ კონკურენციის სააგენტოზე კონტროლის გაძლიერებას ურჩევს.

ფინანსისტი თვლის, რომ საწვავის მაღალი ფასი ბაზარზე კომპანიების კარტელური გარიგებების შედეგია.

"ბოლო პერიოდში საწვავის ფასის თემამ წინა პლანზე წამოიწია და ეს კოლოსალურმა მატებამ გამოიწვია. აქტიურად მიდის საუბარი, რომ ეს განპირობებულია აქციზის ფასის ზრდით, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოს ვერ დავაბრალებთ. ცხადია, არის სხვა მიზეზიც. ბენზინის შემთხვევაში, როგორც ვიცით, 1 ლ საწვავის ფასი დაახლოებით 15%-ით გაძვირდა. როდესაც მსოფლიოში 1 ბარელი ნავთობის ფასი 115 დოლარს სცდებოდა, მაშინ უფრო იაფი ღირდა ჩვენთან საწვავი, ვიდრე დღეს, როცა 1 ბარელი საწვავი 75 დოლარის ფარგლებშია.

როცა ასეთი ვითარება გვაქვს, ყველაფერს აქციზის გადასახადს ვერ დავაბრალებთ, მიზეზი სხვაა. რასაკვირველია, სახელმწიფო აქციზის გადასახადს თუ შეამცირებს, ეს ბიზნესზე პოზიტიურად აისახება, მაგრამ იმის თქმა, რომ დღეს არსებული საწვავის ფასი მხოლოდ მთავრობის ბრალია, მცდარია. მას ბრალს დავდებდი, რომ ბაზარს ვერ აკონტროლებს. მთავრობის სისუსტე და ბრალეულობაა, რომ კონკურენციის სააგენტოს ქმედებებზე თვალს ხუჭავს.

არსებულ ოლიგოპოლიურ ბაზარზე აქციზის გადასახადის შემცირებას ექნება ერთჯერადი, მოსაჩვენებელი ეფექტი და კომპანიები ისევ არაჯანსაღად გააგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მეტი მოგება ექნებათ. ამ მიმართულებით ნაწილობრივ მოგებული დარჩება ეკონომიკა, მაგრამ იხეირებენ კომპანიები და მიზერულად ან საერთოდ შეიძლება, არ აისახოს რიგით მომხმარებელსა და საწვავის ფასზე", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ბაირახტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×