ყოფილი მინისტრები ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურამ დაჰკითხა - საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მოხდეს გიორგი კვირიკაშვილის დაკითხვაც და არ არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ ხმაურიანი დაკავებებიც ვიხილოთ.
მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაძლო დარღვევებსა და კორუფციულ სქემებზე საუბრობს.
ასევე მალევე გახდა ცნობილი, რომ სწორედ ამ მიზნით, ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შექმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ამ კორუფციული სქემების შესწავლით იყო დაკავებული.
კულუარული ინფორმაციით, სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილისა და ყოფილი პრემიერის, კვირიკაშვილის დაპირისპირების მიზეზი ეს კორუფციული სქემები გახდა. ასევე საზოგადოებასა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა ქუმსიშვილს "ბიუჯეტის ვირთხა" უწოდა.
მთავარ პროკურატურაში "რეზონანსს" დაუდასტურეს, რომ გამოძიების ფარგლებში ქუმსიშვილი და ალავიძე დაჰკითხეს. მათი თქმით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.
"გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ საქრთველოს მთავარ პროკურატურაში.
რას შეიძლება ედავებოდეს გამოძიება და პროკურატურა ყოფილ მინისტრებს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები წელს 1.8 მილიარდი ლარია, ეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებაა.
სამინისტროს კუთვნილი სსიპ-ების საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის სავარაუდო ფაქტები იკვეთებოდა. სავარაუდო სქემა, რომლითაც სამინისტროს მიერ კონკრეტულ კომპანიებზე ტენდერების განაწილება და მათი შესრულება ხდება, გამოიყურება ასე: 1) მაღალჩინოსნები, რომლებიც სატენდერო კომისიების წევრები არიან, გადადიან იმ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოსტებზე, რომელთა გამარჯვებასაც ხმა მისცეს; 2) იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ტენდერებს იგებენ, სამუშაოდ სამინისტროში გადადიან.
საზოგადოებას კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაფიქსირდა უხარისხო გზების დაგების ფაქტები (თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, ქობულეთის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი).
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექსვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. ასევე, აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.
აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ უაცილებელია, ჯერ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. ხუხაშვილი ამბობს, რომ ფაქტია, ამ ადამიანების მისამართით გარკვეული კითხვები არსებობს და ამას პროკურატურაც ადასტურებს, თუმცა მას რომ კონკრეტული ინფორმაციებიც ჰქონდეს, გამოძიების დასრულებამდე ამაზე ვერ ისაუბრებს. მისი აზრით, ეს სქემა თუ კვირიკაშვილამდე მივა, საკმაოდ გასაკვირი იქნება, რადგანაც მისთვის დაუჯერებელია, რომ ყოფილი პრემიერი პირდაპირ კორუფციულ გარიგებაში იყოს მონაწილე.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის შეიძლება, ირიბად პასუხისმგებელი იყოს, მაგრამ პირდაპირ მის დანაშაულს გამორიცხავს.
"არ ვიცი, მან ამ სქემების შესახებ რა იცოდა, თუმცა თუ არ იცოდა, ეს მეორე უბედურებაა. როცა პრემიერი ხარ და შენ ცხვირწინ ამხელა თანხებს იპარავენ, რა თქმა უნდა, ამის გამოც პასუხისმგებელი ხარ.
"თუმცა, ჯერჯერობით ასე პირდაპირ ვერც ქუმსიშვილისა და ვერც ალავიძის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ. არც ის არის გამორიცხული, რომ გამოძიება სხვა პირებზეც გავიდეს. კულუარული საუბრები ბევრია და თავს უფლებას ვერ მივცემ, ამაზე ღიად ვისაუბრო. დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერს ნათელი მოეფინება", - აცხადებს "რეზონანსთან" ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, წინასაარჩევნოდ ხმაურიანი დაკავებები ვიხილოთ და "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებაში არსებული ნეგატიური ფონი გარკვეულწილად ამით გადაფაროს.
ანალიტიკოსის აზრით, ეს დროებითი იქნება და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგანაც მოსახლეობა მაინც ყველაფერს ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს.
"თუკი ვინმე კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს, თუმცა რთულია წინასწარ რამე კონკრეტულზე საუბარი. ფაქტი ერთია, ამ ადამიანების მიმართ გამოძიებას კითხვები აქვს.
"არც იმას გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნოდ გარკვეული ხმაურიანი დაკავებები მოხდეს, თუმცა "ოცნებას" საერთოდ არაფერში სჭირდება ასეთი რამ, რადგანაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მაინც მისი კანდიდატურა გაიმარჯვებს.
"ალბათ, ამას უფრო საზოგადოებაში დაგროვილი ნეგატიური ფონის გადასაფარად გამოიყენებენ, თუმცა ეს დიდხნიანი არ იქნება. მაინც საზოგადოება ყველაფერს ივანიშვილს დააბრალებს და მას დიდხნიანი ეფექტი არ ექნება", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".
"ქართული ოცნების" წევრი დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ვინმე ხალხის ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს, არ აქვს მნიშვნელობა, ის ვინ იქნება.
მისი განცხადებით, გამოძიებას ალბათ აქვს კონკრეტული ფაქტები, რის გამოც ყოფილი მინისტრების დაკითხვა გახდა აუცილებელი. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას ნათლად უკვე აჩვენა, რომ ის ხალხის ფულის მითვისებას არავის აპატიებს და ამაში გასაკვირი არაფერია.
"თუ კვირიკაშვილის დაკითხვაც გახდა აუცილებელი, რა თქმა უნდა, ისიც უნდა დაიკითხოს. გამოძიებას აქვს კითხვები? ამაზე პასუხი უნდა იქნას გაცემული. ხალხის ფულის მოპარვა არავის უნდა შერჩეს. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვინ არის. ქურდი ქურდია და ხალხს არ აინტერესებს, მას რა თანამდებობა ეკავა.
"სწორად არც ის მიმაჩნია, რომ ბოლო დროს რაღაც მიზანმიმართულად კვირიკაშვილის წინააღმდეგ ყველა ამხედრდა. ადრე რომ მისი ხელქვეითი იყავი და მის მზეს ფიცულობდი, ახლა აღარ ვარგა? არ შეიძლება ასე, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეც გადადგეს, ის რა, არ იყო პასუხისმგებელი? წასულ კაცზე ასე ხელების შეწმენდა არ გამოვა", - აცხადებს ჭიჭინაძე "რეზონანსთან".