"უსუფაშვილი-მარგველაშვილის ალიანსს ნათლ ფერებში ვერ ვხედავ, რადგან დაგვიანებულია. რაც შეეხება ოპოზიციას და მის ერთიან კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში, კარგი შედეგი ექნებათ, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება გამარჯვებისთვის", - ამბობს გია ხუხაშვილი, ვისაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.
"რეზონანსი": გიორგი მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, შეხვედრა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე არ გაიმართება, არამედ იმ მოსაზრებებზე, თუ როგორ ემსახურონ სამშობლოს. თქვენ როგორ შეაფასებდით მარგველაშვილი-უსუფაშვილის ტანდემს?
გია ხუხაშვილი: პრეზიდენტსა და უსუფაშვილს შორის შეხვედრა ადრეც უნდა შემდგარიყო, მაგრამ კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც შედგება. მართალია, უსუფაშვილი არ წარმოადგენს დღეს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, მაგრამ იგი, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, ყურადღებას იმსახურებს.
რაც შეეხება ამ ალიანსის პერსპექტივას, ნათელ ფერებეში ვერ ვხედავ, რადგან დაგვიანებულია. იმდენად ახლოს არის საპრეზიდენტო არჩევნები და იმდენად არ არის მობილიზებული რესურსები, რომ პერსპექტივას ვერ ვხედავ.
"რ": 10 ოპოზიციური პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის დასახელებაზე რას იტყვით, გამარჯვების რა შანსები აქვს?
გ.ხ: "ნაცმოძრაობის" მიერ იმდენად არის დაღდასმული ეს ყველაფერი, რომ ვინ იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ვაშაძე თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, საპრეზიდეტო არჩევნებში კარგი შედეგი ექნებათ, მეორე შედეგი, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ არის.
"რ": პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე. გამოკითხვაზე უკვე დაბარებული იყვნენ ამ უწყების ყოფილი მინისტრები. ოპოზიცია ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ დევნად და პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს. პრეზიდენტიც გამოეხმაურა ამ საკითხს და ამბობს, რომ ეს პროცესი არ უნდა დაემსგავსოს ტრაქტორებისა და კაბელების საქმეს. თქვენი აზრით, დაიწყო კუდიანებზე ნადირობა?
გ.ხ: როცა ქუმსიშვილი და ალავიძე თანამდებობებზე იყვნენ, ოპოზიცია მაშინ ამბობდა, ისინი დასაჭერები არიანო. პირადად მე და ალბათ თქვენც უკვე დავიღალეთ მათი არაადეკვატური განცხადებებით.
მე ამ საქმეში პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, როცა პროკურატურას აქვს კითხვები, ეს არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია და ნაადრევი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ.
"რ": ეს კითხვა შიდა პოლიტიკას არ უკავშირდება, თუმცა დღეს ყველაზე აქტუალურია. როგორ შეაფასებდით ტრამპი-პუტინის შეხვედრას?
გ.ხ: გარკვეული ძვრები არის არა შედეგის, არამედ განწყობების თვალსაზრისით. პოლიტიკური სტანდარტები იცვლება და უფრო ნაციონალური ინტერესები დომინირებს, რაც ჩვენთვის შეიძლება, კარგი არ იყოს. როცა პოლიტიკური ალგორითმების ტრანსფორმირება ხდება, ეს, უბრალოდ, სარისკოა.
"რ": ამ შეხვედრის შემდეგ, პუტინმა პირველი განცხადება საქართველოსა და უკრაინას მიუძღვნა, მან თქვა, რომ რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას...
გ.ხ: ეს არ არის პუტინის პირველი განცხადება და ასეთი განცხადებები სხვადასხვა რედაქციითა და კონტექსტით ბევრი მოგვისმენია. რუსეთის დამოუკიდებულება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიაებასთან დაკავშირებით დიდი ხანია, ცნობლია, ამიტომ ამ განცხადებაში განსაკუთრებულად ახალი არაფერი ყოფილა.