ავტომაგისტრალი რიკოთის გვირაბამდე შეიძლება, 2020 წელსაც ვერ მივიდეს
მარი ჩიტაია
18.07.2018

 გზების მშენებლობის ტემპი შენელებულია. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დროში ჭიანურდება, რის გამოც პროექტის დასრულების ვადა სამგზის შეიცვალა. თუკი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან პრობლემად ხშირად მშენებლობის სირთულე სახელდება, სპეციალისტები პროექტის ხარვეზად სატენდერო პირობების შეუსრულებლობასა და კონტროლის შესუსტებას მიიჩნევენ. მაგისტრალი, რომელიც 2019 წლამდე უნდა მისულიყო გვირაბამდე, აგარასთან გაიჭედა და წინსვლა ჯერჯერობით არ შეინიშნება.

თავდაპირველად ავტობანის მშენებლობის დასრულების ვადად 2018 წელი სახელდებოდა, ახლა კი პროექტის ექსპლუატაციის შესვლა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

როგორც საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა ამ ეტაპზე ორ ლოტად მიმდინარეობს. ერთ ლოტის დასრულების ვადა 2019 წლის ბოლომდეა, ხოლო მეორის - 2020 წლამდე. ასე რომ, პროექტი სრულად ექსპლუატაციაში 2020 წლისათვის შევა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დასრულების ვადა ცნობილია, სპეციალისტების ნაწილი მშენებლობის დასრულების თარიღის კიდევ უფრო გადაწევას ვარაუდობს. ასეთი ეჭვი ზოგადად ქვეყანაში გზების მშენებლობის ტემპის შესუსტებას უკავშირდება. ეს რომ ასეა, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ საგზაო ბიტუმის იმპორტი არის შემცირებული - დაახლოებით 15%-ით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მეორე კვარტალში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 33,6 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით, ანუ 16,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (40,1 ათასი ტონა).

აღსანიშნავია, რომ სანავთობო ბითუმის იმპორტმა კლება პირველ კვარტალშიც განიცადა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა შეადგინა 9,1 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (10,7 ათასი ტონა).

სპეციალისტები გზების მშენებლობაში ტემპის შესუსტებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მაგისტრალური გზების მშენებლობის მანკიერ პრაქტიკას არ ივიწყებს და "რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა შესაძლოა, ავტომაგისტრალსაც შეექმნას.

"კონკრეტულად რთულია იმის თქმა, როდის შეიძლება მივიდეს ავტობანი გვირაბამდე, მაგრამ ფაქტია, რომ გზების მშენებლობაში ძალიან დაბალი ტემპია. ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს, რაც ჯერ კიდევ წინა მინისტრისა და საგზაო დეპარტამენტის მმართველის პერიოდში დაიწყო. აფბა-მ ამაზე ინფორმაცია არაერთხელ გამოაქვეყნა.

ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, არასათანადოდ ხდებოდა ტენდერების ჩატარება, შემდეგ ხდებოდა ცვლილებები პირობებში და კომპანიებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, რადგან არავინ აკონტროლებდა მათ. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება არცკი სრულდებოდა. ამასობაში, სამუშაოები მიმდინარეობდა ძალიან ცუდად და ნელა.

ტენდერებს ხშირად იგებდნენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც მრავალი დარღვევა ჰქონდათ. მათი ნაწილი კვლავ აგრძელებს მუშაობას არაჯეროვნად, რის გამოც დღემდე არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. როცა დათქმულ ვადაში არ ხდება სამუშაოების შესრულება, ეს მრავალმხრივ პრობლემას ქმნის. ამაზე, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გზების დეპარტამენტმა უნდა გაამახვილონ ყურადღება. მხოლოდ მმართველების ცვლილება ვერ მოგვიტანს შედეგს, თუ ზედამხედველობა და კონტროლი სუსტია.

გარდა იმისა, რომ ხარისხიანად უნდა შესრულდეს სამუშაო, დათქმულ ვადებშიც უნდა ჩაეტიონ. როგორც ჩანს, ეს არასათანადოდ სრულდება და ამიტომაა, რომ ბევრი პროექტი შეჩერებულია ან დროში გაწელილი და პროექტების ნაწილი უხარისხოდ სრულდება. რაც შეეხება კონკრეტულად ავტობანს, დიდია ალბათობა, რომ მისი განხორციელების ვადა კიდევ გახანგძლივდეს", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ გზების მშენებლობის პროცესში ჯერ კიდევ მრავალი პრობლემა არსებობს.

მისი თქმით, კომპანიები პროექტის განხორციელებისას მუდმივად კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ, რათა ნაკისრი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულონ.

"საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა, როცა კომპანიები არღვევენ პირობას და დათქმულ ვადებში გაცილებით მარტივ მონაკვეთებზეც კი პროექტის დასრულებას ვერ ართმევენ თავს. თუკი ვინმე დათქმულ ვადაში არ ასრულებს სამუშაოს, უნდა დაჯარიმდეს კიდეც, რომ იგივე არ განმეორდეს მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროში გაჭიანურებული პროექტების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს ბიუჯეტიდან და იქ საჭიროა ძალიან მკაცრი კონტროლი. სხვანაირად ფული გაიფლანგება. თანაც, არსებულ ტენდერებში ხდებოდა ცვლილებები, გამარჯვების მერე კომპანიები სათანადოდ ირგებდნენ პროექტს. ახლა ნამდვილად არ ხდება, მაგრამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საქმიანობა უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, თუ გვინდა, რომ მდგომარეობა რეალურად გამოსწორდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×