აკაკი ჩარგეიშვილი: "შევუმციროთ მათ საშემოსავლო გადასახადი და 20%-დან დავიყვანოთ 10%-მდე"
თამარ მუკბანიანი
18.07.2018

 ხელფასის დაბეგვრის მოდელთან დაკავშირებით მსჯელობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის ინიციატივა 2500 ლარს ზემოთ 30%-ით დაბეგვრის შესახებ სპეციალისტების დიდმა ნაწილმა ქონებრივ დისკრიმინაციად მიიჩნია, მეორე ნაწილს კი აქვს რეკომენდაცია, 600 ლარს ქვემოთ შემოსავლის მქონე პირებმა გადაიხადონ ნაკლები გადასახადი, ხოლო მრავალშვილიანებმა, 20%-ის ნაცვლად, საერთოდაც - 10%, რაც დემოგრაფიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს. ამიტომ 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

"შემოვიღოთ ახალი პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონები, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ შემოსავლებზე გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე გადასახადი იყოს 30 პროცენტი", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

2500 ლარამდე შემოსავალი საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა (ვინც ხელფასს იღებს) 90%-ს აქვს, 4-5 ათას ლარამდე - 5%-ს, ამაზე მაღალი შემოსავალი კი ასევე 5%-ს აქვს. მათგან 1.3%-ს - 8 ათას ლარზე მეტი, ხოლო 0.4%-ს, ანუ დაახლოებით 3600 ადამიანს კი თვეში 16 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი დეპუტატის მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ საშემოსავლოს გადასახადის დიფერენცირების თაობაზე თავისი შეხედულება გააჩნია. მისი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათი.

"რეზონანსი": რამდენად რეალურია პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის ინიციატივა, 2500 ლარს ზემოთ თვიური შემოსავლის მქონე პირთა განსხვავებული წესით დაბეგვრასთან დაკავშირებით?

აკაკი ჩარგეიშვილი: "ზოგადად გადასახადების შესახებ ასეთი განცხადებები კეთდება ხშირად, რაც ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის მოდელს, სადაც არ არსებობდა ეკონომიკური თავისუფლება, არ არსებობდა პირადი საკუთრება, ამ აზროვნებას მივყავდით იქამდე, რომ არსებობდა უშვილობის გადასახადიც კი. დაახლოებით ამ აზროვნების ნაწილია ბატონი ჟორჟოლიანის განცხადება და უფრო მეტად ამძაფრებს პრობლემას, რომელსაც მდიდრების სიძულვილი ჰქვია. ის, ვისაც ბევრი ფული აქვს, კიდევ უფრო რომ დავბეგროთ, ეს ალოგიკურია, მით უფრო - დღევანდელ პირობებში, როდესაც 40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ისედაც იხდიან ქონების გადასახადს.

ჩემი რეკომენდაციაა მსგავსი ინიციატივების ავტორებისათვის, რომ ჯოხით კი არ უნდა დასდევდნენ მდიდრებს, პირიქით, უნდა მისცენ საშუალება, საქმე აკეთონ. რაც მეტი მდიდარი იქნება ქვეყანაში, მით მეტი ხელფასი დაიბეგრება იმავე პროპოციით, რასაც ითხოვენ ამ შემთხვევაში.

ჩვენ წყალივით გვჭირდება ეკონომიკური ურთიერთობების მიმართ მაქსიმალურად შემოსავალზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც სიმდიდრე სირცხვილი არ იქნება, ჟორჟოლიანის ინიციატივა კი ამ საფრთხეს შეიცავს.

"რეზონანსი": მიგაჩნიათ თუ არა, რომ მცირე შემოსავლის ადამიანები უნდა იხდიდნენ განსხვავებულ გადასახადს, რათა მათ ცოტა უფრო მეტი თანხა დარჩეთ საარსებოდ?

აკაკი ჩარგეიშვილი: თავისთავად სისტემა გადასახედია. უნდა მოხდეს სამომხმარებლო კალათის მიხედვით მინიმუმის დათვლა, რითიც თვიდან თვემდე ცხოვრება შესაძლებელია და ამის მიხედვით უნდა ხდებოდეს დაბეგვრაც. რასაკვირველია, არ უნდა იბეგრებოდეს იმ ადამიანის ხელფასი, თუ ის სწორად დათვლილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

აქვე საჭიროა, გატარდეს დემოგრაფიული ხასიათის პოლიტიკაც, რაც გულისხმობს მრავალშვილიანებისათვის დაბეგვრის განსხვავებულ სისტემას. იგი არ ქმნის სოციალურ უთანასწორობას, პირიქით, აბალანსებს ვითარებას. მეორე მხრივ, ქვეყანა ახდენს დემოგრაფიული ზრდის წახალისებას.

უამრავი გამოხმაურება, რეკომენდაცია და სხვა ქვეყნის მაგალითი არსებობს. კარგი იქნება ასეთი მოდელი: თუკი არის მრავალშვილიანი ოჯახი, შევუმციროთ მათ საშემოსავლო გადასახადი და 20%-დან დავიყვანოთ 10%-მდე. ეს მათთვის სტიმული იქნება, ეკონომიკური აქტივობის მეტი საშუალება განჩდება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. ამგვარი წახალისება დემოგრაფიულ ზრდასაც გამოიწვევს.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, სწორედ ამ თემებზე გაკეთდეს აქცენტი იმ სოციალისტური ბანაკის მიერ, რომელიც მსგავსი ინიციატივებით გამოდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×