საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის უეცარმა წასვლამ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა - რატომ წავიდა გიორგი კვირიკაშვილი და გააგრძელებს თუ არა ის პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუნდაც - ოპოზიციურ პარტიაში, - ეს საკითხი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს აინტერესებს.
ამ თემასთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის შიგნით და საზოგადეობასა და პარტიას შორის დაპირისპირებით უკმაყოფილო იყო, ამაზე პასუხისმგებლობა კი გიორგი კვირკაშვილს ეკისრებოდა.
"კვირიკაშვილი იმ მოტივების შედეგად წავიდა, რომლებითაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა. ივანიშვილი უკმაყოფილო იყო იმით, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირებები იყო და ასევე, დაპირისპირება არსებობდა პარტიასა და საზოგადოებას შორისაც.
"შიდა დაპირისპირებებზე პასუხისმგებელი პარტიის თავმჯდომარე იყო, საზოგადოებასთან ხელისუფლების დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა კი პრემიერ-მინისტრს ეკისრებოდა", - აცხადებს ის.
მისი თქმით, გიორგი კვირკაშვილი უნდა იყოს ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში, რადგან ის ჯგუფი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ "ქართული ოცნებიდან" წავიდა, ამის შესაძლებლობას აძლევს.
"გიორგი კვირიკაშვილი კიდევაც უნდა ყოფილიყო ახალი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ის ჯგუფი, რომელიც "ოცნებიდან" წავიდა, ძალიან სერიოზული ჯგუფი იყო. ის ქართულ პოლიტიკაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც თავად განაცხადა, პოლიტიკურ საქმიანობას თავი დაანება და თუ დაანებებს თავს, ვერავინ აიძულებს, რომ პოლიტიკაში დარჩეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას "ტრაგიკომედია" უწოდა და აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ მან მოღვაწეობა გააგრძელოს პოლიტიკაში.
"ის სახლში წავიდა. მის პოლიტიკურ აქტივობაზე საუბარი, ეს სასაცილოა, რადგან თუ ის ამას გადაწყვეტს, ეს ტრაგიკომედია იქნება. მას არანაირი პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია იმისთვის, რომ ვინმესთვის საინტერესო იყოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი აცხადებს, რომ არც კვირიკაშვილი და არც სხვა დანარჩენი პირები, ვინც ივანიშვილის გუნდში იყვნენ, ოპოზიციაში არ წასულან, რადგან მის მოწინააღმდეგე პარტიაში მომავალი არ აქვთ.
"კვირიკაშვილის გამოჩენას ოპოზიციაში გამოვრიცხავ. ივანიშვილის ახლობლები, ვინც ივანიშვილმა მოიშორა, არც ერთი ოპოზიციაში არ წასულა. ეს შემთხვევითი არ არის.
"გიორგი კვირიკაშვილი უმუშევარი არ იქნება. ალბათ, რაღაც კავშირები აქვს, ყოველ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი იყო, ვთქვათ, პურის ფული ექნება. ეს ადამიანი არ არის ოპოზიციაში წამსვლელი.
"ივანიშვილის გუნდიდან ოპოზიციაში არავინ მიდის. კარგად იციან, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში მათ პერსპექტივა არ აქვთ, თანაც, ივანიშვილის ხასიათიც იციან, დიდი შემწყნარებლობითა და ტოლერანტობით არ გამოირჩევა", - აღნიშნა მან.
მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილის წასვლის ზუსტი მიზეზი უცნობია და მისი წასვლის მიზეზად არ შეიძლება ეკონომიკური საკითხები დასახელდეს და მისი თქმით, კვირიკაშვილი "შემთხვევით მოხვდა პოლიტიკაში".
"ჩვენ არ ვიცით კვირიკაშვილის წასვლის ზუსტი მიზეზი. ლაშა ნაცვლიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვა მომხრეების ინფორმაციას დავეყრდნოთ, პროცენტებში ჩვენ ჩინეთს გავუსწარითო. ამ დროს რატომ არის შიმშილი ქვეყანაში - მისი წასვლის მიზეზი ეს იყო? ეს კვირიკაშვილის დროს არ მომხდარა, ეს მანამდეც იყო.
"კვირიკაშვილი ბარიკადებზე ამსვლელი ადამიანი არ არის. ასეთი არც ღარიბაშვილი იყო და არც სხვები, ვინც ივანიშვილის გუნდში უშუალოდ იყო. ამიტომაც, მათ ურჩევნიათ მშვიდი ცხოვრება.
"თავად კვირიკაშვილიც პოლიტიკისთვის დაბადებული არ არის, ისევე, როგორც ღარიბაშვილი და ბევრი სხვა. ისინი გარემოებათა გამო, შემთხვევით მოხვდნენ პოლიტიკაში", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.