(რეზონანსი) სომხეთში რეფორმების დაანონსებისა და ყოფილი თუ ჯერაც მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებების კვალდაკვალ, ფაშინიანის ხელისუფლება არანაკლებ რისკიან საქმეს - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა.
"კვლავ პარალელები მეზობელ საქართველოსთან, გზა, რომელიც მეზობელმა ქვეყანამ 15 წლის წინ გაიარა და საკმაოდ წარმატებით. ვნახოთ, რა იქნება სომხეთში, სადაც ლამის ყველა ეზოსა და სადარბაზოში კრიმინალური ავტორიტეტი და "კანონიერი ქურდი ცხოვრობს..." - წერს სომხური მედია და ახალი ხელისუფლებაც სტარტს იღებს.
"ქურდებს სიცოცხლე და გამარჯვება!" - ეს არის ფრაზა, რომელიც სომხეთისთვის წლებია აქტუალობას არ კარგავს... მართალია, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოსახლეობაში კრიმინალური ავტორიტეტები შემცირდნენ, თუმცა, ქვეყანა ე.წ. ქურდების გარეშე არ დარჩენილა, - ბოლო წლებში სომხეთში ბიზნეს, პოლიტიკური თუ პირადი საქმეების "ქურდულად" გადაწყვეტა ჩვეულებრივი გახდა.
თუმცა, ბოლო მოვლენების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სომხეთში "აყვავებულ ქურდულ სამყაროს" წერტილი დაუსვას, - ქვეყანაში დიდი წმენდა იწყება" - წერს სომხური მედია და დასძენს, რომ მათ ალბათ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან წასული კრიმინალების მიერ გზა გაკვალული ექნებათ.
Ambebi.ge - ს ინფორმაციით, ადგილობრივი ჟურნალისტი ელენა ბაბაიანი ახლა იქ მიმდინარე პროცესებს განიხილავს და ამბობს, რომ ახლა პოლიცია ადგილობრივი ე.წ. კანონიერი ქურდების მდიდრულ სახლებში რეიდებს იწყებს.
"ნიკოლ ფაშინიანი 8 მაისს გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ზუსტად ათი დღის შემდეგ, პოლიციელებმა "თავაზიანი ვიზიტები" დაიწყეს მთელი ქვეყნის მასშტაბით "ქურდების" სახლში და მათ "პროფილაქტიკური გასაუბრებები შესთავაზეს... საუბრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა, ავტორიტეტებს აუხსნეს, რომ ახალ სომხეთში კოდექსი მათზე მორგებული ვერ იქნება," - წერს ჟურნალისტი.
მისივე ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ, ადგილობრივი ე.წ კანონიერი ქურდები ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში შეიკრიბნენ.