(რეზონანსი) შსს-მ თბილისსა და აჭარაში „ქურდული სამყაროს" წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. „კანონიერ ქურდ" მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ გააკეთა.
„რაც შეეხება ე.წ. „კანონიერი ქურდს" მინდია ლავასოღლის, ის საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას. ე.წ. „კანონიერი ქურდი" ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა". გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს", - განაცხადა საბანაძემ.