"პუტინის პასუხზე მეტად, მუქარის შემცველი მარიამ ზახაროვას რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო. მან პირდაპირ მიგვანიშნა, რომ რუსეთი არ იქნება გულხელდაკრეფილი", - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ყველაფრის მიმართ რუსეთს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ექნება.
"რეზონანსი": რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნატო-ს გადაწყვეტილებაზე პუტინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოსთან მიმართებაში?
ამირან სალუქვაძე: მან უბრალოდ შეფასება გააკეთა, რომ რუსეთის დამოკიდებულება ნეგატიური იქნება. როგორც წესი, ის მუქარის შემცველ ღია მინიშნებებს არ აკეთებს, მით უმეტეს - უკრაინის მოვლენების შემდეგ.
პუტინმა მშვენივრად იცის, რომ დასავლეთი ჩასაფრებულია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებაში და ნებისმიერი განცხადება მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
ამ განცხადებაში მას ვერავინ შეედავება - იგი იტყვის, რომ რუსეთი ამ თემაზე ყოველთვის საუბრობდა და მან პირდაპირ მიანიშნა, რომ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთისკენ არის რუსეთისთვის საფრთხის შემცველი.
რუსეთი არ უკვირდება იმას, თუ რატომ ილტვოდნენ ნატო-ში გასაწევრიანებლად აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ამჟამად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საქართველო და უკრაინა. რუსეთის პოლიტიკა არის აგრესიული და მისგან საფრთხე არსებობს.
ეს მრავალჯერ გამოიხატა საქართველო-რუსეთის ომით; დაწყებული 1992 წლიდან-დღემდე: ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით, ორმაგი სტანდარტებით, ისტორიის გადაწერით და ა.შ.
"რ": ამ შემთხვევაში, საქართველო რუსეთისაგან რას უნდა ელოდოს?
ა.ს: სულ მცირე, ძველი პოლიტიკის გაგრძელებას უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ასევე, რამე ახალ მუხანათურ სცენარს; თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელს, ბევრი პუტინს ტაშს უკრავდა და აღტაცებული იყო მისი გაქექილობით მსგავს შეხვედრებზე.
"რ": თუ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდა, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია?
ა.ს: მათი მხრიდან არანაირი რეაქცია არ იქნება გამოხატული; როგორც წესი, უკმაყოფილებას, შეშფოთებას გამოხატავენ, როგორც ეს იყო აღმოსავლეთ ქვეყნების მიმართებაში. ჩვენ ნატო-ს მიახლოებული ვართ, უბრალოდ, ევროპული პარტნიორების უფრო მეტად გააქტიურება გვჭირდება.
რაც მეტად გაწელავენ ამ პროცესს, რაც უფრო მეტად გაუწევენ ანგარიშს რუსეთის ფაქტორს, უფრო ცუდად დაუბრუნდება თვით ევროპას.
ნუ გვგონია, რომ, რუსეთის მუქარისა და ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი უსაფრთხოებას უფრო მეტად უზრუნველყოფენ. ის ფასეულობები, რომელთა ირგვლივაც არის გაერთიანებული ევროპა და განსაკუთრებით, ჩრდილოატლანტიკური ბლოკი, ეს ფასეულობები ბოლომდე უნდა დაიცვან. ეს ღია კარის პოლიტიკა უნდა გააგრძელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასეულობების დასასრული იქნება.
მათ უნდა გააგებინონ რუსეთსა თუ მსოფლიოს, რომ საქართველო ნატო-ში არ წევრიანდება ვინმეს წინააღმდეგ, არამედ მას სურს, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს და იყოს ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ ნატო-ზე კი არ ამოგვდის მზე და მთვარე, ჩვენ, უბრალოდ, გვჭირდება უსაფრთხოება.
"რ": თქვენი აზრით, საქართველო როდის გახდება ნატო-ს წევრი?
ა.ს: სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ 2021 წელსაც და მანამდეც ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ. ეს გართულდება პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ; არა მგონია, რომ უახლოეს ერთ წელიწადში სერიოზულ ძვრებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით.
2019 წელი, ფაქტობრივად, ბოლო წელია ტრამპის პრეზიდენტობისა. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უნდა ველოდოთ ჩვენ ნატო-ს გაფართოების შემდგომ ტალღებს. ამ ვადებზე აქცენტირება არც არის ჩვენთვის საჭირო, რადგან ზედმეტი საფრთხის შემცველია. რუსეთისთვის რაც უფრო შორეულ ვადას ვიტყვით, მით უკეთესია.