ვაშაძე, მარგველაშვილი, ბაქრაძე - ვის აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ოპოზიციიდან
თამარ შუკვანი
18.07.2018

 "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების შედეგად შეიქმნა. მან საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. ახალი მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ ოფიციალურად წარადგენს.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატი სხვა პარტიებისთვის მიუღებელი იქნება.

"ქვეყანაში, სადაც 240-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული და თითქოსდა 10 პარტია უმრავლესობას ვერ მოიმკის, სინამდვილეში, ამ პარტიებისგან შემდგარი ერთობა არის რეალური. ამიტომ, მათი სურვილი არ შეიძლება იყოს რამე ციდან ჩამოფრენილი გზავნილი.

"ისინი, დიდი ალბათობით, რეალობას არიან ჩაჭიდებული, როდესაც საუბარია ერთ პიროვნებაზე, რომელიც მათ უნდა საკუთარი ხმების მიცემით წარმოადგინონ, მაგრამ ამ 10 პარტიიდან რომელიმე ერთი დანარჩენებისთვის ნამდვილად მიუღებელი იქნება", - აღნიშნა მან.

ის აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ვინც არ დაექვემდებარა ერთ კონკრეტულ პირს, მსგავსი პერსონა შესაძლოა, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყოს.

"საქართველოს პრეზიდენტი წლების განმავლობაში თითქმის ერთადერთია, ვინც არ დაექვემდებარა ერთი პირის მიერ პრივატიზაციას. ასეთად მე მეორე მხოლოდ უჩა ნანუაშვილი მიმაჩნია", - აცხადებს ის.

ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველოს" წევრ დავით ბაქრაძეს აქვს გამარჯვების რეალური შანსი, რადგან მან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" კანდიდატს, მისი თქმით, "ოცნება" დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, რომელიც "ამ სავარძლისთვის უკვე თვალსაჩინოდ იბრძვის".

"დავით ბაქარაძე - ჩემი აზრით, სწორედ მასზეა საუბარი "ევროპული საქართველოს" სივრცეში. მას, რასაკვირველია, გააჩნია ყველა შესაბამისი გამოცდილება და შემთხვევითი არ არის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

"ჩემთვის უფრო რეალურია, რომ "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს არც ერთი პარტიის წევრს, ქალბატონ სალომეს, ვინც თავისი პროფესიული წარსულითა და შესაძლებლობებით შესაძლოა, ახალი კონსტიტუტიის პირობებში ამ თანამდებობას ყველაზე კარგად იყოს მორგებული. ყველაზე ნეიტრალური ისევ და ისევ იქნება ქალბატონი სალომე, ვინც ამ სავარძლისთვის იბრძვის უკვე თვალსაჩინოდ", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ერთ საერთო კანდიდატს არ დაასახელებენ, მათ გამარჯვების შანსი არ ექნებათ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა კანდიდატი, მეორე ტური არ ჩატარდება, რადგან პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი მოიგებს.

"ვაშაძესა თუ სხვას, ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციიდან, ეს არ იქნება ერთადერთი, რომელიც დაუპირისპირდება ხელისუფლებას, ამიტომაც მას გამარჯვების შანსი არ აქვს. მათ გამარჯვების შანსი აქვთ იმ შემთხვევაში, თუ დაასახელებენ ერთ კანდიდატს.

"თუ ბევრი კანიდატი იქნება დასახელებული და არა ერთი, არც მეორე ტური არ იქნება, პირველივე ტურში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

"ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ამოცანა; არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იბრძვის გამარჯვებისთვის. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ოპოზიციურ პარტიებში გამოვლინდეს, ვინ არის პირველი და ვინ - მეორე.

"ოცნება" ვისაც დაასახელებს და მხარს დაუჭერს, ის აუცილებლად მოიგებს. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი, იმის ფონზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ფაქტობრივად, განულდა, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, არ ექნება მნიშვნელობა.

"მათ შუეძლიათ, მხარი დაუჭირონ ზურაბიშვილს და მშვიდად ჩაატარონ არჩევნები, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. მათი კანდიდატი თუ იქნება პირდაპირი კანდიდატი, ამას შეიძლება მოჰყვეს არაჯანსაღი აჟოტაჟი ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს არჩევნები გააყალბეს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×