ტატა შოშიაშვილი
18.07.2018

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ნატო-ში საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე და ცალსახად აღნიშნა, რომ მისი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება.

მისი თქმით, ნატო-ს ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ქვეყნისთვის პირდაპირი და უშუალო საფრთხის შემცველია.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინს ახალი არაფერი უთქვამს ინტერვიუში. უბრალოდ, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მსოფლიო მიახვედრა, რომ ამ პოზიციებს ყოველ მიზეზ გარეშე დაიცავს.

ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა "ალტერნატიულ გზაზე", რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა შეუძლია მათი ალიანსში გაწევრიანების გარეშე, ორმხრივ ფორმატში.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთში ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2015 წელს იყო საუბარი და სამხედრო დოქტრინით მკაცრად განისაზღვრა, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ტერიტორიებზე სამხედრო საფრთხედ იქნება მიჩნეული.

"პუტინს არაფერი ორიგინალური არ უთქვამს. ეს ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში მიღებულ რუსეთის სამხედრო დოქტრინისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ აღინიშნა, რომ ნატო-ს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე სივრცეში ჩაითვლება პირდაპირ სამხედრო საფრთხედ.

"ასე რომ, პუტინმა, ფაქტობრივად, გაიმეორა თავისი ქვეყნის დოქტრინაში ჩადებული საკითხი, რომელიც დაფიქსირებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც", - ამბობს მაისაია.

თორნიკე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა ის, რაც წარსულში არაერთხელ უთქვამს და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აქვთ გაწერილი.

"ახალი მას არაფერი უთქვამს. რუსებს ეს უწერიათ ყველა თავიანთ ოფიციალურ დოკუმენტში, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ყველგან წერია. ეს არის ულტიმატუმი ნატო-სთვის, რომ ეს ქვეყნები არ შეიყვანონ ალიანსში, თორემ რეალურად იმუქრება ომით", - აღნიშნა შარაშენიძემ.

"რეზონანსთან" საუბრისას მაისაიამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ღიად წაუყენა ულტიმატუმი ამერიკას, ნატო-ს შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებს, საქართველოს და აღნიშნა, რომ მისი საპასუხო ნაბიჯები შესაძლოა, ნეგატიური იყოს.

 "რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები პირდაპირი ულტიმატუმია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ულტიმატუმი იყო თვითონ კონტრდოკუმენტში ასეთი პუნქტის ჩადება და დაფიქსირება.

"რუსეთმა გვიჩვენა, რომ მას შეუძლია საომარი მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. 2008 წლის ომის დროს დაასუსტა საქართველოს სამხედრო პოტენციალი, მთლიანად გაგვინადგურა საზღვაო ფლოტი, ასევე საბრიგადო მართვის ცენტრები და დაემუქრა ჩვენს დედაქალაქს ოკუპაციით. რომ არა სარკოზის ჩარევა, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი, არავინ იცის", - თქვა სამხედრო ექსპერტმა.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ნატო-ს წევრ ქვეყნებს.

"გააჩნია, რა რეაგირება მოჰყვება ამას ნატო-ს ლიდერების მხრიდან. თუ შეეშინდებათ, მაშინ კიდევ უფრო გართულდება ჩვენი ნატო-ში შესვლა. სხვათა შორის, დიდი შანსია იმისა, რომ შეეშინდეთ კიდეც. ფაქტია, რომ პუტინი ომით იმუქრება. შესაძლოა, უშუალოდ ომი არც უნდოდეს და უბრალოდ იმუქრება, მაგრამ დაშინებას ცდილობს, ფაქტია", - ამბობს შარაშენიძე.

მაისაია ფიქრობს, რომ ნატო-სთვის იმის შეთავაზება, რომ არაწევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში ითანამშრომლოს, არის მცდელობა იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარ გაფართოვდეს და ყველანაირად აღმოფხვრას იმის შანსი, რომ საქართველო ან უკრაინა შევიდეს ორგანიზაციის შემადგენლობაში.

"როგორც ჩანს, აქ იგულისხმა, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხი არ უნდა იდგეს. ფაქტობრივად, უკვე ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ახლა რჩება მხოლოდ ბოსნია და ჰერცოგოვინა, რომელსაც, სავარაუდოდ, შემდეგ სამიტზე მიიწვევენ და მთლიანად დასრულდება ნატო-ს გაფართოების თემა.

"როგორც ჩანს, რუსეთმა ნატო-ს წაუყენა ულტიმატუმი, რომ მომავალში აღარ მოხდეს ნატო-ს გაფართოება, განსაკუთრებით - პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებით.

"საქართველოსა და უკრაინის წევრობის საკითხი, როგორც ჩანს, ძალიან მკაცრად არის დაყენებული და გულისხმობს იმას, რომ ეს ორი ქვეყანა არ უნდა შევიდეს ნატო-ს შემადგენლობაში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×