პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ისევ ელოდება. მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ ქუმსიშვილის ინტერესებს უკვე ერთი თვეა, იცავს.
ადვოკატი ჯერ არ ჰყავს ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეს. იგი პროკურატურამ გასულ კვირას დაჰკითხა. ალავიძის საცხოვრებელი სახლი ვაკეში დაკეტილია. ის არ იმყოფება არც წავკისის აგარაკზე.
საქმე, რომელზეც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ გასულ კვირას დაჰკითხა, 710-მილიონიან პროექტს ეხება. ეს ფული საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგილოეთის 57-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია "ალტოკომს" რეგიონული განვითარების სამინისტრომ ფული წინასწარ მისცა, მაგრამ ამ კომპანიამ გზა ვერ ააშენა და 47 მილიონსაც, რომელიც ჩაურიცხეს, უკან აღარ აბრუნებს.
გამოძიებას კითხვები აქვს სამტრედია-გრიგოლეთის გზის იმ მონაკვეთთან დაკავშირებითაც, რომელსაც ორი ჩინური კომპანია აშენებს.
"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.