ტყიბულში მინდელის სახელობის შახტი შეიძლება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს. ტრაგედიათა სერიების ფონზე ამ დრომდე კომპანიის არც ერთი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. შსს-ში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. რა მოჰყვება გამოძიებას, არავინ საუბრობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2 თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და შეიძლება, ისინი დააკავონ კიდეც.
მინდელის სახელობის შახტში, ბოლოს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომლის შედეგადაც 6 მუშა დაშავდა, 4 კი გარდაიცვალა, საწარმოს დახურვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეშახტეებს კომპანია სამუშაო ადგილზე ჩასვლას აიძულებს, მიზეზად კი პრევენციული სამუშაო სახელდება, რათა არ წარმოიქმნას ხანძრის ახალი კერები. მეშახტები ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან, ამიტომ "საქნახშირს" სხვა ადამიანების დაქირავება მოუწევს აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად.
ვრცელდება ინფორმაცია კომპანიის ორი თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. "რეზონანსი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მოკვლევა მიმდინარეობს და ექსპერიტიზის პასუხს ელოდებიან. ამ ეტაპზე არავის ბრალეულობის საკითხი არ იკვეთება.
"ველოდებით ექსპერიტიზის პასუხებს, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი. დღესდღეობით სამართლებრივი დევნა ამ საქმეთან დაკავშირებით არც ერთ კონკრეულ პირზე არ მიმდინარეობს", - განუცხადეს "რეზონანსს" შსს-ში.
ამ დრომდე უცნობია, "საქნახშირის" რომელი რანგის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როგორც წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, ადამიანების გარდაცვალებას არც ერთი ხელმძღვანელის დაკავება არ მოჰყოლია. განსხვავებული იქნება თუ არა ბოლო შემთხვევა და პასუხისგებაში მიეცემიან თუ არა შახტის დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლდინგი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" საქართველოს მთავრობასათან აპირებს მოლაპარაკების დაწყებას კომპანია "საქნახშირის" სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის პროცედურებზე. მანამდე "საქნახშირის" საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება.
კომპანიის გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აღნიშნავს, რომ დასაქმებულების დალუქულ შახტებში ჩაშვება და ქვანახშირის მოპოვება არ მოხდება, საუბარია მხოლოდ სალიკვიდაციო სამუშაოებზე.
"სამუშაოებში იგულისხმება პრევენცია - ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების სამუშაოები უნდა გავატაროთ. გაჩერებულ შახტს უფრო მეტად უნდა მოვლა, ვიდრე მუშა მდგომარეობაში მყოფს. აქ მუშები დასაქმდებიან მხოლოდ წყალსაქაჩზე. ყოველ საათში დაახლოებით 350-400 კუბ/მ წყლის შედინება ხდება შახტში და ეს თუ არ ამოვიღეთ, ყველაფერი დაიტბორება. დღეს არ მიმდინარეობს არავითარი სამუშაო პროცესი და ასეც გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შესაბამისი ნებართვა", - განაცხადა ჯაყელმა.
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ აუცილებელია, სახემწიფოს მხრიდან დადგინდეს ყველას ბრალეულობა, ვინც კი ადამიანების სიცოცხლის მოსპობაში რამე ფორმით მონაწილეობდა და დააკლო მათ უსაფრთხოებას.
"კომპანიის ადმინისტრაცია ამბობს, რომ საუბარი შეეხება მხოლოდ ავარიის შემდგომ სალიკივიდაციო სამუშაოებს. მეშახტეებში დაბნეულობა და გაუგებრობაა. როცა პრემიერი ამბობს, რომ შახტები დაკონსერვებულია დროებით, რატომ აძალებს "საქნახშირი" მუშებს იქ ჩასვლასა და თუნდაც მინიმალური სამუშაოს გაწევას, მით უფრო იმ ფონზე, როცა ტრაგედიიდან რამდენიმე დღე არის გასული და ადამიანებს მძიმე ემოციური ფონი აქვთ. ფსიქოლოგიური ფაქტორია, მათ იქ მეგობრები დაკარგეს. ნახეს, რომ ადამიანები ჯანმრთელები ჩავიდნენ შახტში და იქ დაიხოცნენ, შესაბამისად, არის შიშის ფაქტორიც, მათ არ იციან, რა მოხდება კიდევ.
მეშახტეები ჩემთან პირად საუბარში კატეგორიულად აცხადებენ, რომ შახტში ჩასვლას არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ, თუნდაც გაწმენდითი სამუშაოები იყოს.
ამ ეტაპზე აუცილებელია, მოხდეს სამმხრივი შეხვედრა პრემიერის, კომპანიისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა ჩართვით და მეშახტეებთან ერთად ხელი მოეწეროს მემორანდუმს, სადაც გაიწერება დეტალები. რამდენი ხნით იხურება შახტი, ვინ და რამდენით აანაზღაურებს მუშების განაცდურს, როდის აღდგება მუშაობა და ა.შ.
იქამდე, სახემწიფოს მხრიდან უნდა დადგინდეს ყველას ბრალეულობა, ვინც კი ადამიანების სიცოცხლის მოსპობაში რამე ფორმით მონაწილეობდა და რამე დააკლო მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე გამიჭირდება საუბარი, ვის და როგორ წაუყენებენ ბრალს. ფაქტია, ისევ დაბალი რანგის თანამშომლებზე ხელის შეწმენდა აღარ გამოვა", - განუცხადა "რეზონანსს" დოლაბერიძემ.