უკვე მეხუთე დღეა, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი იაფდება. ცვლილებას ქართველი მომხმარებელიც ელის, მაგრამ ლოდინს, მინიმუმ, 2 კვირა დასჭირდება. იმპორტიორების ვარაუდით, დაახლოებით ეს პერიოდია საჭირო, რომ საწვავი ადგილობრივ ბაზარზეც გაიაფდეს.
დაახლოებით 1 კვირის წინ ნავთობპროდუქტების ღირებულება 77 დოლარამდეც იყო გაზრდილი, მაგრამ ამ ეტაპზე 71 დოლარამდე ჩამოვიდა და რეალურად არის შანსი, რომ კიდევ გაიაფდეს. საქართველოში ცვლილება ჯერ მხოლოდ საბითუმო ბაზარს შეეტყო.
ნავთობის ფასის კლება ბოლო დღეების განმავლობაში განპირობებულია, ძირითადად, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების ზრდით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მატულობს აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგი. ქვეყანას აქვს ამბიცია, 2019 წელს ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს შორის ლიდერი გახდეს. დადებითი სიგნალია ლიბიიდან, რომელმაც სრულფასოვნად განაახლა ბაზარზე "შავი ოქროს" მიწოდება.
მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, საქართველოში ჯერ გაიაფებას არ ფიქრობენ. ამ ეტაპზე საბითუმო ბაზარზე 1 ლ ბენზინის ფასი 2,08 ლარია, ხოლო ამავე მოცულობის დიზელი 2,04 ლარად იყიდება. საცალო ბაზარს ცვლილების ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ეტყობა.
რაც შეეხება "პლატცს", იქ 1 ტონა ბენზინი 678 დოლარი ღირს, ხოლო დიზელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 631 დოლარს შეადგენს.
კომპანია "სენტას" დამფუძნებელი, იმპორტიორი ზაალ იაკობიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს საცალო ბაზარზე საფასო ცვლილება დაახლოებით 2 კვირის შემდეგ არის მოსალოდნელი, თუმცა იგი ადასტურებს, რომ საბითუმო ბაზარზე საწვავი უკვე გაიაფდა.
"რამდენიმე დღეა, რაც საწვავი უცხოურ ბაზრებზე იაფდება. ამ ცვლილებას ჩვენი მომხმარებელი 2-3 კვირის შემდეგ იგრძნობს, მაგრამ საბითუმო ბაზარს უკვე შეეტყო. მცირედით გაიაფდა როგორც დიზელი, ასევე ბენზინიც და ეს ტენდენცია გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, ამ ბოლო პერიოდში საუდის არაბეთმა მოპოვება გაზარდა და ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე სწრაფად აისახა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ტენდენცია. ვარაუდის დონეზე, ეს ტენდენცია კლების მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, მაგრამ 100%-ით ამის პროგნოზი რეალურად შეუძლებელია. საბითუმო ბაზრის შემდეგ, ცვლილება საცალო ქსელსაც დაეტყობა, მაგრამ ცოტა მოთმინება გვმართებს, რომ მყარი ტრენდი ჩამოყალიბდეს", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.
იმპორტიორი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტ გავლენას, საერთაშორისო ფასთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსიც მოახდენს.
"ცხადია, თითოეულ კომპანიას თავისი საფასო პოლიტიკა გააჩნია. მნიშვნელოვანია კონკურენცია, რაც გარედან არ ჩანს. გარდა ამისა, დღეს ვართ ისეთ რეალობაში, როცა ფასით მანიპულირებაზე არავინ წავა. საწვავზე მთელი ინფლაციური პროცესებია მიბმული და ყველა დაინტერესებულია, რომ გააიაფონ ნავთობპროდუქტები, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
ლარის გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურ ნიშნულზე დაბალანსდა. ვფიქრობ, ესეც კარგი მოცემულობაა ბიზნესისთვის, რაც სამომავლოდ საწვავის გაიაფების შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნავს იაკობიძე.
საცალო ბაზრის მთავარ მოთამაშეებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. კომპანია "ლუკოილის" წარმომადგენელი შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ საწვავი ქართულ ბაზარზეც გაიაფდება, მაგრამ რა ფასად შესთავაზებენ მომხმარებელს, ამაზე ჯერჯერობით საუბარი რთულია.
"ჩვენი გადაწყვეტილება საერთაშორისო ტრენდის ადეკვატური იქნება. რა პერიოდია საჭირო, ეს ლოგისტიკურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ვიღაც შედარებით გაიაფებულ პროდუქტს იღებს 2 დღეში, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ზოგიერთი კომპანია ახალ მარაგს 2 კვირის შემდეგ იღებდეს. ვის როგორც გამოუვა, ისე უნდა შეძლოს ფასის შემცირება.
მოხარული ვიქნები, თუკი "ლუკოილიც" ამ მოწინავეთა რიცხვში აღმოჩნდება. ნავთობის ფასი დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე. პროგნოზის კეთება "ოპეკის" წევრ ქვეყნებსა და მათ ლიდერებს უჭირთ, ჩვენთვის მით უფრო შეუძლებელია. თვალყურს ვადევნებთ და ვხედავთ, რომ ნავთობპროდუქტები ხან ძვირდება, ხან იაფდება.
სასიამოვნოა მიმდინარე ტენდენცია, მაგრამ კიდევ უფრო გაგვიხარდება, თუ იგი გაგრძელდება, რაც ქსელში საწვავის გაიაფების შესაძლებლობას მოგვცემს. რაც იაფია, მით მეტია რეალიზაცია, ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ფასის შემცირება შევძლოთ", - აღნიშნა მიშველაძემ "რეზონანსთან" საუბრისას