ევროკავშირი და საქართველო სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ.
ამასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხელი მოაწერეს სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების რისკის მართვის სფეროში კავშირების გაღრმავებაზე მიმართულ ადმინისტრაციულ შეთანხმებას.
როგორც ითქვა, შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას გააძლიერებს და თანდათანობით ქვეყანას ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმთან დააახლოებს.
ამისთვის კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, რა ვითარებაა საქართველოში კატასტროფებთან გამკლავების თვალსაზრისით, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად და როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად, "რეზონანსი" თბილისში ვიზიტით მყოფ ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის კომისარ ქრისტოს სტილიანიდისის გაესაუბრა.
"რეზონანსი": კომისარო სტილიანიდის, შეგიძლიათ, რამდენიმე სიტყვით გვითხრათ თქვენი ვიზიტის მიზნის შესახებ? რატომ შედგა ეს ვიზიტი ახლა? ეს საკითხი აქტუალური რამდენიმე დღის წინ ჭუბერში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის კონტექსტში ხომ არ გახდა. ფიქრობთ, რომ საქართველოს შეუძლია მსგავსი კატასტროფების გამკლავება?
ქრისტოს სტილიანიდისი: უპირველესად ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ, როგორც კომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისის მართვის საკითხებში, ძალიან კმაყოფილი ვარ თბილისში პირველი ვიზიტით.
მიმაჩნია, რომ ჩემი ვიზიტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისათვის, რათა უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, განსაკუთრებით - სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით.
საქართველო ბევრ სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლეში. ეს სფეროებია: ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოციალური განვითარება, კავშირი და მობილობა.
ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა და მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც რამდენიმე დღის წინ ჭუბერში მომხდარმა წყალდიდობამ დააზარალა. იმედი მაქვს, რომ იქ ცხოვრება ძალიან მალე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.
თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად ქებას იმსახურებენ ჩემი ქართველი კოლეგები, ვინც ამ კრიზისულ ვითარებაში ადამიანებს ეხმარებოდნენ. მათი ერთად მუშაობის უნარის დამსახურებაა ის, რომ შედეგი ეფექტიანი აღმოჩნდა.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გამოყენება იმისთვის, რათა შემდეგში ასეთ კატასტროფებზე რეაგირება უფრო მეტად გაუმჯობესდეს.
მე აქ საქართველოს კატასტროფების მართვის ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისის აღსანიშნად ვარ და ხელს ვაწერთ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიას შორის კატასტროფების რისკების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ შეთანხმებას.
მე ძალიან ვამაყობ ამით, რადგან ეს ხელმოწერა ნიშნავს განახლებულ და გაძლიერებულ თანამშრომლობას სამოქალაქო თავდაცვაში.
უფრო მეტიც, საქართველომ შექმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიიღო კანონი სამოქალაქო დაცვის შესახებ. ეს ორივე მიმართულება აუცილებლად გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს სტიქიური უბედურებების რეაგირებაზე, როგორიც იყო იგივე ჭუბერში და მინდა, ეს შესაძლებლობა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას.
"რ": ფიქრობთ, რომ კატასტროფების წინააღმდეგ ზომები უნდა იყოს უფრო მეტად პრევენციული და არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეაგირება მომხდარზე? რა ძირითადი პრობლემები აქვს საქართველოს შესაბამის უწყებებს ამ მიმართულებით - ტექნიკური აღჭურვილობა, პერსონალის მომზადება თუ კოორდინაცია? რა არის აუცილებლად გასაკეთებელი ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
ქ.ს: პრევენცია ყოველთვის უკეთესია, ვიდრე შემდეგ რეაგირება. ეს არის ჩვენი სამუშაო პრინციპი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პრევენცია და მზადყოფნა, მათ შორის - ადგილობრივ დონეზე, სიცოცხლის გადარჩენის გასაღებია.
მულტირისკების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების სისტემის, გადაუდებელი დახმარების დაგეგმვისა და ინფორმაციის გაზიარების განვითარებისთვის.
ეს უნდა განხორციელდეს, რამდენადაც შესაძლებელია, ეროვნული, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონული დონის მაქსიმალური ჩართულობით.
რისკების შეფასებისა და ცოდნის გაღრმავების ინვესტირება, აგრეთვე სამეცნიერო საზოგადოების მეშვეობით, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო შეთანხმებების მნიშვნელოვანი სვეტი, მაგალითად, როგორიცაა "კატასტროფის რისკის შემცირების ჩარჩო".
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, ახალი და გაძლიერებული სამოქალაქო დაცვის საშუალებით, შეძლებს უფრო ეფექტიან რეაგირებას სტიქიურ კატასტროფებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააგრძელოს კოორდინაციის გასაუმჯობესებელი ძალისხმევა პრევენციისა და მზადყოფნის მიმართულებით.
"რ": როგორ შეაფასებდით კატასტროფების რისკის მართვის სტანდარტებს საქართველოში, შეესაბამება თუ არა ევროკავშირის სტანდარტებს და რა არის თქვენი რეკომენდაციები?
ქ.ს: საქართველომ, შარშანდელი ბორჯომის ტყეების ხანძრის შემდეგ, მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ხელისუფლებამ გამოავლინა ვალდებულების ძლიერი შეგრძნება და განსაზღვრა, რომ გაძლიერდეს კატასტროფებზე რეაგირება, უფრო უკეთ და ეფექტიანად დაიცვას მოქალაქეები.
კერძოდ, ახლახან მიღებული ახალი კანონი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნა აჩვენებს, რომ საქართველო ზრდის ძალისხმევას, რათა კრიზისების მართვისა და ყველა დონეზე უკეთ კოორდინაციისთვის გაუმჯობესდეს შესაძლებლობები, ცოდნა და უნარი.
რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს ძალისხმევა იმისთვის, რომ გააძლიეროს რეაგირების შესაძლებლობები. ამავე დროს, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ ძალისხმევას. ეს არის ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლებისთვის.
"რ": არის თუ არა საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობა სტანდარტების სათანადო, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბუნებრივი კატასტროფების დროს? როგორც ვიცი, უკვე წლებია, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ამ სფეროში. დღეს თანამშრომლობა რა ეტაპზეა და კონკრეტულად რას ითვალისწინებს?
ქ.ს: ბოლო 9 წლის განმავლობაში ევროკომისია მხარს უჭერს საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამებს. ევროკომისიის კატასტროფების მზადყოფნის პროგრამა ვ|ზუსრწ-მ ხელი შეუწყო ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ დასახლებებში მოწყვლადობის შემცირებასა და მზადყოფნის გაზრდას.
მაგალითად, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, ესწავლათ, თუ როგორ უნდა იცავდნენ საკუთარ უსაფრთხოებას კატასტროფების დროს. ჩვენი მიზანია, რომ ვ|ზუსრწ პროგრამის მეშვეობით ან ჩვენი მხარდაჭერით სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების მართვის მიმართულებით, მოსახლეობა უკეთ იყოს დაცული ყველგან.
საქართველომ ასევე ისარგებლა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმით, რაც გამოიხატება პრევენციისა და მზადყოფნის პროექტების განხორციელებაში, წვრთნებისა და ტრენინგების ჩატარებასა და ექსპერტების გაცვლაში.
აქვე ვიტყვი, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში. 2015 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ნაყოფიერად განხორციელდა რისკების შეფასებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რამაც ხელი შეუწყო თქვენი ამჟამინდელი სისტემის განვითარებას.
გარდა ამისა, საქართველომ მონაწილეობა მიიღო მოლდოვაში 2017 წელს და ბულგარეთში მიმდინარე წელს გამართულ პროფესიონალიზმისა და ვალდებულების საჩვენებელ წვრთნაში.
საქართველოს მიერ კიდევ ერთი დიდი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, წარმოადგენს სრულმასშტაბიან პრაქტიკულ წვრთნას სიმულირებულ მიწისძვრასთან, ზვავსა და მეწყერთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, 2019 წელს განვითარდეს.
რეგიონულ დონეზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამებში, რომელიც ეფუძნება ურთიერთგაგებას, ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე.
"რ": გასულ წელს მომხდარი ტყეეების მასშტაბური ხანძრების დროს ხანძარსაწინააღმდეგო მართვის მაგალითებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კატასტროფების რისკის მართვა გაუმჯობესდა?
ქ.ს: წარსულმა გამოცდილებამ გამოიწვია საქართველოში კატასტროფების რისკის მართვის გაუმჯობესება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნა ძლიერი ნიშანია იმისა, რომ საქართველო იყენებს ახალ მიდგომას კატასტროფების მართვაში და მისი მოქალაქეების უფრო ეფექტიან დაცვაში.
ამავე დროს, ყოველთვის არსებობს სივრცე სხვების გამოცდილების გასათვალისწინელად და ევროკავშირი მზად არის, საქართველოს სწორედ ამ ძალისხმევაში დაეხმაროს.
"რ": ვიზიტის დროს თქვენ ხელი მოაწერეთ თანამშრომლობის შეთანხმებას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრთან თანამშრომლობით. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს შეთანხმება და რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ?
ქ.ს: ადმინისტრაციული შეთანხმების ხელმოწერა არის ნდობისა და გაძლიერებული თანამშრომლობის მკაფიო ნიშანი საქართველოსა და ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს შორის. ამ მექანიზმის ფარგლებში საქართველოს უკვე აქვს წვდომა მთელ რიგ ისეთ აქტივობებზე, როგორებიცაა: ტრენინგები, წვრთნები, პროექტები და ა.შ.
2019 წლისთვის ჩვენ გამოვყოფთ კონკრეტულ რესურსებს საქართველოსთვის ჩვენი ახლო პარტნიორისთვის, რომელთანაც ხელი მოვაწერეთ ადმინისტრაციულ შეთანხმებას.
მომავალ წელს სამი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ისარგებლებს უფრო მეტი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამით, 1.5 მილიონი ევროს ოდენობით.
ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, რათა ერთობლივად ვიმოქმედოთ და საქართველოში კონკრეტულ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა ახალ ეტაპს გახსნის ჩვენს თანამშრომლობაში სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერებისა და საქართველოს მოქალაქეების დაცვის კუთხით.