"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს. ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნომ მიიღო, რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" სამდივნოს ხუთივე წევრი აწერს: პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი გიორგი ვოლსკი, საერთაშორისო მდივანი თამარ ჩუგოშვილი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.
"გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლებითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.
"ქართული ოცნებისთვის" შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს.
"აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გარიცხოს "ქართული ოცნების" წევრი დავით ჭიჭინაძე", - ნათქვამია სამდივნოს განცხადებაში.
პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ეტყობა, "ქართულ ოცნებას" უჭირს სიმართლის მოსმენა და სწორედ ეს გახდა "ოცნების" პრობლემა, რომ ისინი ძალიან ჩაიკეტნენ.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც პარტიიდან მის გაშვებას ხელი მოაწერეს, არასდროს ყოფილან "ქართული ოცნება", "ქართული ოცნებაა" საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილი. მას ეჭვი ეპარება, რომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული ყოფილიყო.
"პარტია თავისუფალი ადამიანების შეკრება და ამომრჩევლის პოლიტიკური ნების განხორციელების ორგანოა. ჩემი ამომრჩევლის ნებას ვიცავდი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა, მორალური სახელმწიფო და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყოფილიყო.
"თუ ვინმეს სიმართლე არ მოსწონს და მხოლოდ შელამაზებული ამბები მოსწონს, ასეთი ბევრი პარტია მყავს ნანახი, ბევრი გამქრალა კიდეც. ქართველი ხალხის "ქართული ოცნება" რჩება და მე მათთან ერთად ვრჩები.
"თუ პარტიული დისციპლინა ირაკლი კობახიძეა, მისი უღირსი განცხადებები გაიხსენონ, რომელიც დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც პარლამენტარიზმისთვის შეურაცხმყოფელია", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე "პირველი არხის" ინფორმაციით.
რაც შეხება მის სამომავლო გეგმებს, იგი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებს და როგორც თავად ამბობს, "კოალიციაში ბევრი პარტიაა და დროებით რომელიმეში გადავა".
"ჩემს გზას გავაგრძელებ. იგრძნეს, რომ ვადამდელი არჩევნები ახლოვდება და მას მაინც ვერ გადაურჩებიან. საზოგადოება დამეხმარება, რომ ქართულმა პარლამენტმა ამ შემადგენლობით თავისი რეალური მხარდაჭერა და რეალური სახე დაინახოს.
"ჩემს ამომრჩეველს მოვთხოვ, რომ დაინახოს, ესენი რას წარმოადგენენ. პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ. ამაში ჩვენი საზოგადოება დამეხმარება", - ასეთი პასუხი გასცა დავით ჭიჭინაძემ მათ, ვინც პარტიიდან მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.