კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას თითქმის მთლიანად, ჰექტრობით ითვისებენ უცხოელები. იგივე მდგომარეობაა წავკისში, ნელ-ნელა კი კახეთის ტერიტორიების ათვისებაც ხდება. შემდეგ ამ მიწებს 300-300 კვადრატულ მეტრებად ყოფენ, არეგისტრირებენ, რომ გაყიდონ ისევ უცხოელებზე. მიწის ამზომველი კომპანიის ხელმძღვანელი როსტომ კირკიტაძე „ინფო ფოსტალიონთან“ ამბობს, რომ ძირითადი მყიდველები ირანელები, არაბები და თურქები არიან.
"გაიყიდა საქართველო, ეს უბედურება დროზე თუ არ შეჩერდა, არ ვიცი რა გვეშველება. წავკისი, ტაბახმელა, კიკეთი, კოჯორი, კახეთშიც დაწყებულია პროცესი. სააკაშვილის დროს გლეხების მიერ გაჩეხილი ვენახები იყიდეს და ახლა არაბებმა გააშენეს ვაზი. ცოტა ხნის წინ კოჯორში რვა ირანელმა 1 ჰა მიწა გაიყვეს თანაბარწილად და ახლახანს მშენებლობის ნებრთვაც აიღეს.
სააკაშვილის მიერ მიცემული მოქალაქეობა გამოიყენეს და ყველაფერი დაუბრკოლებლად იყიდეს, ხოლო რაც დარჩა გასაყიდი, იმის შეძენაში ეს მთავრობაც კარგად უწყობს ხელს. იყიდიან ჰექტრობით მიწებს კაპიკებში და მერე ნაწილს ისევ ქართველზე ყიდიან უკვე დიდ ფასად, თუმცა თავისთვისაც ბევრს იტოვებენ. ახლა კარგ ხერხს მიმართეს, მოიყვანენ ცოლად ქართველს და უადვილდებათ შეძენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ გადაყავთ არასასოფლო დანიშნულების მიწებზე, ამაში ფულს იხდიან და ყოველ დღე ხდება გასხვისება", - აცხადებს კირკიტაძე.