(რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, - ამის შესახებ სუს-ის წარმომადგენელმა გიორგი ქურდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის გამოსავლენად.
"ანტიკორუფიცული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში ჩაატარეს ჩხრეკა შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებში: შპს „ენძელა"-ში, შპს „ნალი"-ში, შპს „ფარმა 2016"-ში, შპს „ფარმაგიდი +"-ში, შპს „მ.ქ. ფარმა"-ში, შპს „მულტი ვსლ"-ში, შპს „დათუჩა"-ში, შპს „სან ფარმა"-ში, შპს „ნინფარმი"-ში, შპს „იმედი +"-ში, „შპს „ნანფარმა"-ში, შპს „ფარმა-27"-ში, შპს „ნათი+"-ში, შპს „პოლისიფარმა"-ში და შპს „იმედი"-ში.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია" და აფთიაქების საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები. საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას", - აცხადებენ სუს-ში.