ერთი კვირის წინ, თბილისში, სადისტურად მოკლული 22 წლის ახალგაზრდა გევორქ სარქისიანის საქმეზე პოლიცია 2 ახალგაზრდას ეძებს. სარქისიანის მკვლელობაში ძმები არიან ეჭვმიტანილები, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან.
სამართალდამცველებს ამოღებული აქვთ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ აყენებენ 22 ჭრილობას ახალგაზრდა მამაკაცს. ასევე დაკითხულები არიან გარდაცვლილის მეზობლები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები იყვნენ.
გეორგ სარქისიანის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, სიტყვიერი დაპირისპირება გახდა, რომელიც ერთი თვის წინ ინტერნეტის მეშვეობით დაიწყო.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმების მამა "რეზონანსთან" მკვლელობის მოტივზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთი თვის წინ დაიწყო.
შელაპარაკება ახალგაზრდებს შორის მათ საცხოვრებელ სახლთან უმისამართო სროლის გამო მოხდა. მისმა შვილმა, ერიკ ხითარიანმა, მოკლულ გეორგ სარქისიანს, ჰაერში გახსნილი ცეცხლის გამო, მეზობლებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ძებნილი ძმების მამა აცხადებს, რომ გარდაცვლილმა მის შვილს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა სადისტური მკვლელობის მოტივიც. მისი თქმით, მოკლული ხშირად მონაწილეობდა ინტერნეტგარჩევაში, რომელიც სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში ხდებოდა.
გევორქ სარქისიანის და კი "რეზონანსთან" ყვება, რომ მისი ძმა, 10-მა თავდამსხმელმა საკუთარ სახლთან გამვლელების თვალწინ აჩეხა. დანით მიყენებული 22 ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მისი თქმით, მეზობლებმა კარგად დაინახეს, როგორ მივიდნენ თავდამსხმელები 2 ავტომობილით სარქისიანის სახლთან. ცივი იარაღით შეირაღებულმა პირებმა, მას ჩასაფრება მოუწყვეს. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ თავდამსხმელთა ჯგუფი გევორქ სარქისიანს უთვალთვალებდა.
ოჯახმა ზუსტად არ იცის რა გახდა მკვლელობის მოტივი. თუმცა ძებნილი ძმების მამის ვერსიას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ სასტიკი მკვლელობა შესაძლოა, რამდენიმე თვის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
სარქისიანებმა მხოლოდ ის იციან, რომ კონფლიქტში უბნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მეზობლები ყვებიან, რომ დაჭრილი შველას ითხოვდა. მეზობლებმა ისიც დაინახეს, როგორ დატოვეს შემთხვევის ადგილი თავდამსხმელებმა, თუმცა, მათი ამოცნობა ზუსტად არ შეუძლიათ.
"სასტიკად დაჩეხეს 20-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, 10 ადამიანი მივარდნილა და ჩემს ძმას გამუდმებით სერავდნენ. მეზობლებმა ყველაფერი დაინახეს. არ ვიცით რა გახდა ასეთი სასტიკი მკვლელობის მიზეზი. ამბობენ ერთი თვის წინ უბანში ჩხუბი მომხდარა და იქ მოხდა რაღაც. ოჯახს წარმოდგენა არ გვაქვს ჩემი ძმა ასე რატომ გაიმეტეს," - აღნიშნავს მოკლული ახალგაზრდის და.
გარდაცვლილის მეზობელი ამბობს, რომ თავდამსხმელები იმდენად გამწარებულები იყვნენ, იქვე მყოფ მეზობლებსაც არ მოერიდნენ. ისინი ყვიროდნენ, რომ პოლიცია მოდიოდა, მაგრამ მათ ახალგაზრდების ჯგუფი ყურადღებასაც არ აქცევდა და სარქისიანს დანით გამეტებით სერავდნენ.
"შველას ითხოვდა სასტიკად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მაშინვე კივილი დავიწყეთ, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, მანამდე დანმაშავეებს არც გამოუხედავთ ჩვენსკენ. ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. შემდეგ ორ ავტომობილში ჩასხდნენ და გაიქცნენ," - აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კამერების ჩანაწერები, სამართალდამცველები არ ამბობენ, არიან თუ არა იდენტიფიცირებულები თავდამსხმელები.