საცალო ქსელებში შაქარი მაღალი მოგებით იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის გაიაფება რეალურად შესაძლებელია, ფასი ბოლო 2 თვის განმავლობაში არ შეცვლილა. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში იმპორტიორები შაქრის ფასის 1 ლარამდე შემცირებას ვარაუდობდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა და თბილისის სუპერმარკეტებში ფასი უმნიშვნელოდ გაზარდეს კიდეც.
ამ დროს საერთაშორისო ბაზრებზე შაქრის გაიაფების პროცესი თვეობით გრძელდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს შაქრის ყველაზე დაბალი ფასია. კერძოდ, 1 ტონა შაქრის ღირებულებამ გლობალურ ბაზრებზე 322 დოლარი შეადგინა, ხოლო ბოლო 2 თვის საშუალო ფასი 330 დოლარს არ აღემატება.
2008 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, უცხოურ ბაზრებზე შაქარი 318 დოლარი ღირდა. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ფასი 312 დოლარზეც ჩამოვიდა და ამ დროისთვის უმნიშვნელოდ არის მომატებული.
არის შესაძლებლობა, რომ ფასი ადგილობრივ ბაზარზე შეიცვალოს, თუკი ბიზნესი შესაბამის ნებას გამოიჩენს, მაგრამ ასეთ ინიციატივას ჯერჯერობით არავინ იჩენს. ამიტომაა, რომ აქციის პირობებშიც კი, შაქარი 1,25 ლარზე იაფად არ იყიდება, როცა, სულ მცირე, 10-თეთრიანი კლებაა შესაძლებელი. ესეც უხეში გათვლით, რადგან შაქრის თვითღირებულება 80 თეთრია.
იმპორტიორებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი, რის გამოც პროდუქტის გაიაფება უჭირთ ხოლმე, სავალუტო კურსია, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მას პრობლემა არ შექმნია და ჯერჯერობით საკმაოდ სტაბილურადაც გამოიყურება.
მსხვილ საცალო ქსელებში შაქრის ფასთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებენ, ხოლო შედარებით წვრილ მაღაზიებში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ იმპორტიორებს პროდუქტი 1,20 თეთრზე ნაკლებად არ შემოაქვთ და ფასის შემცირება რეალურად არ შეუძლიათ.
დიდუბეში მდებარე სუპერმარკეტის მფლობელი დარეჯან გრძელიძე ფიქრობს, რომ შაქრის ფასი ამ ეტაპზე სეზონმაც განაპირობა.
"შესასყიდი შაქრის ღირებულება არ შეცვლილა, 2 თვის წინ რა თანხასაც ვიხდიდით, ახლაც იმ ფასში ვყიდულობთ. 1 კგ შაქრის ფასი, საშუალოდ, 1,20 ლარია, ჩვენ 10 თეთრს ვამატებთ. მიუხედავად ამისა, ამ სეზონზე შაქარი ყველაზე კარგად იყიდება. დიდია მოთხოვნა და ფასიც შესაბამისია. თუმცა, გაიაფების საშუალება თუ იქნება, ცხადია, პირველი მივიღებთ ზომებს. იმპორტიორები ჯერჯერობით არ გვაიმედებენ, მაგრამ ფასი ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს", - ამბობს დარეჯან გრძელიძე.
როგორც ვიცით, საერთაშორისო ბაზარზე შაქრის გაიაფება გახდა მიზეზი, რის გამოც კომპანია "აგარის შაქარმა" მიმდინარე წლის ივნისიდან წარმოების აღდგენა შეძლო. ბოლო წლების განმავლობაში კომბინატმა მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. მიზეზად კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. ქარხანა 6 თვეზე მეტ ხანს იყო გაჩერებული.
"შაქრის ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. გარდა იმისა, რომ პროდუქტის ფასი შემცირდა, ბაზარიც უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. რაც შეეხება ფასს, შაქრის თვითღირებულება 80 თეთრია, რასაც სხვა ხარჯიც ემატება. მთლიანობაში, პროდუქტის ფასი არ არის ისეთი, რომ შემცირება შევძლოთ. საქმე ისე მიდიოდა, რომ ველოდით, 1 ლარამდეც გაიაფდებოდა, მაგრამ უცხოურ ბაზრებზეც არამდგრადი ვითარებაა, რაც გაიაფების საშუალებას არ გვაძლევს. მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციისა და საერთაშორისო ბირჟებზე შაქარზე მაღალი ფასის გამო შეგვექმნა პრობლემა.
კონკურენციის მხრივ ბოლო პერიოდში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა. ნედლეულიც იაფი ღირს და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წარმოება არ გვიჭირს, მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად არ არის პირობა, რომ შაქარი გავაიაფოთ. ჯერ კიდევ უცხოურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციას ვაკვირდებით. თუ ფასი 320 დოლარზე დაბლა ჩამოვა, კლება აქაც შესაძლებელი იქნება", - აცხადებს "რეზონანსთან" ქარხნის დირექტორი ალხან ალიზადე.
სადღეისოდ, საქართველოში შაქარი უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ბრაზილიიდან შემოდის. იმპორტიორების ინფორმაციით, გაიაფების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც იმპორტიორ ქვეყნებს უკრაინა დაემატა.
იმპორტიორი ვოვა ჭიღლაძე ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ბიზნესი უცხოურ ტენდენციას ადეკვატურად ვერ მიჰყვება.
"ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა წელს, როცა ფასი დაბლა წამოვიდა. ორ თვეზე მეტია, ეს ტენდენცია გრძელდება. ვხედავთ, რომ საფასო დინამიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრენდს არ ცვლის და საკმაოდ დაბალი ფასი ფიქსირდება. საქართველოს შემთხვევაში, ეს პროცესი გარკვეულწილად უკრაინიდან შაქრის იმპორტის გააქტიურებას უკავშირდება.
როგორც წესი, უცხოური ბაზრის პროცესს ადგილობრივ ბაზარზეც ადეკვატურად ვპასუხობთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ხშირად არ არის. ეს ლარის კურსის ბრალიცაა, რის გამოც ხშირად ტენდენციას ბაზარი ადეკვატურად ვერ მიჰყვება. მართალია, ახლა კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, მაგრამ კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა. ასევე მაღალია ტრანსპორტირების ხარჯიც. ალბათ, უფრო ხანგძლივი ტენდენციაა საჭირო, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს და შაქრის გაიაფება რეალურად გახდეს შესაძლებელი", - აცხადებს "რეზონანსთან" ვოვა ჭიღლაძე.