"ოპოზიციას გამოსავალი არ აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადრევე უნდა ეფიქრა თავისი შედეგების გასაუმჯობესებლად. ადრევე უნდა გაერკვიათ, რატომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი.
"რა თქმა უნდა, წააგებენ, თუ არ ისწავლიან, რომ მარტო არჩევნების წინ არ უნდა იფიქრონ გამარჯვებაზე", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, ვისაც "რეზონანსი" მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
"რეზონანსი": 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა დაასახელა. ამ ფაქტს უკვე გამოეხუმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის ამბობს: "ნაცმოძრაობას" ჰქონდა იმის შანსი, რომ გაემეორებინა თავისი 17%-იანი შედეგი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძით 17%-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება". თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში?
რამაზ საყვარელიძე: გამიჭირდება კობახიძის ნათქვამის ინტერპრეტირება, სუსტი კანდიდატი წარმოადგინაო. "ნაცმოძრაობის" ყველა კანდიდატი იქნება სუსტი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "ნაცმოძრაობას" ამომრჩეველი ხმას არ მისცემს, თუ ამას გულისხმობდა, არ ვიცი.
მაგრამ, თავისთავად იმის თქმა, ვაშაძის ფიგურა სუსტია თუ ძლიერი, ძნელი სათქმელია, რადგან მეეჭვება, რომ წინასწარ ვინმემ თქვას, ვინ არის ძლიერი ან რას ნიშნავს სუსტი. თავისი ამომრჩევლისთვის ვაშაძე ძლიერი კანდიდატი იქნება, დანარჩენი ამომრჩეველი ისედაც არ მისცემს ხმას, ამიტომ მისთვის სულერთია, ის სუსტია თუ ძლიერი.
რაც შეეხება თავად ვაშაძის ფიგურას, იგი მისი გუნდიდან იმით გამოირჩევა, რომ კავშირში არ არის იმ მოვლენებთან, რომელთა გამოც საზოგადოება ამ გუნდის მიმართ არის უარყოფითად განწყობილი. გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ საგარეო ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული და ამაზე მუშაობდა.
ახლაც, ალბათ ამ გუნდმა იმიტომ წარმოადგინა, რომ საგარეო ურთიერთობების გამოცდილება აქვს და პრეზიდენტის ფუნქციაც ამ მიმართულებით განიხილება.
რაც შეეხება შანსებს, ვაშაძე ნამდვილად დამარცხდება, როგორც ქუთაისში დამარცხდა მერის არჩევნებზე. საზოგადოებას არ უნდა "ნაცმოძრაობა" და არც მისი კანიდატი.
"ნაცმოძრაობა" უნდა ჩამოშორდეს თავის წარსულს, ბოდიში უნდა მოიხადოს იმ განვლილ პერიოდზე და თუ საზოგადოებამ მიიღო ეს ბოდიში, მერე წამოაყენონ კანდიდატურაც და მერე დაიწყონ პოლიტიკური ბრძოლა. ამ ფონზე მათი გაყვანილი კანდიდატი ყოველთვის წააგებს.
"რ": "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" კი შეთანხმდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში თანამშრომლობაზე, მაგრამ მაინც კონკურენტებად რჩებიან. თქვენი აზრით, ვაშაძის საპირწონედ ვის კანდიდატურას დაასახელებს "ევროპული საქართველო"?
რ.ს: იყო ხმები, რომ დავით ბაქრაძის კანდიდატურა შეიძლება დაასახელონ. ბაქრაძეც ზომიერია, ისიც მუშაობდა საგარეო კუთხით და შეიძლება ითქვას, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფის მიერ წამოყენებული კანდიდატის ანალოგიური ფიგურაა.
ალბათ მოერიდებიან აგრესიული ფიგურის წამოყენებას, რადგან შეიძლება, ხალხმა ხმა მისცეს კი არა, აქეთ გამოავლინოს აგრესია არჩევნებზე ამ პარტიის მიმართ. არ გახსოვთ, მიშამ ამ აგრესიულობის გამო რამდენიმე მისი თანამებრძოლი ტელეეკრანიდანაც კი გაიყვანა.
"რ": ამ დღეებში შეიძლება, კიდევ ერთი ალიანსის მოწმენი გავხდეთ - გიორგი მარგველაშვილი აპირებს, შეხვდეს დავით უსუფაშვილს და საუბარი იქნება არა მხოლოდ ერთიან კანდიდატზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ემსახურონ სამშობლოს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, შედგება მარგველაშვილი-უსუფაშვილის ტანდემი?
რ.ს: ვერ გეტყვით, რა საუბარი ექნება ამ ორ პოლიტიკურ ფიგრას ერთმანეთთან და არც ის ვიცი, კონკრეტულად მარგველაშვილი დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, არც ერთ პარტიას არ დაკავშირებოდა.
გახსოვთ, თვითმმარველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილსაც შესთავაზეს პარტიებმა გაერთიანება, მაგრამ მან უარი თქვა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან.
მოსახლეობა ძალიან კრიტიკულია პარტიების მიმართ და დამოუკიდებელი კანდიდატისთვის ყოველთვის მომგებიანია, ასოცირებული არ იყოს რომელიმე პარტიასთან. მარგველაშვილს აქვს იმის რესურსი, რომ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი ამ არჩევნებში.
"რ": "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავაც მოუწოდებს არასაპარლამენტო ოპოზიციას, შეთანხმდნენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე.
რ.ს: ვერ გეტყვით, ვინ შეუერთდება კუკავას მოწოდებას. როგორც ჩანს, ნათელაშვილი დამოუკიდებლად აპირებს, გავიდეს არჩევნებზე. ტრადიციულად, იგი ყოველთვის მარტო მოქმედებდა და მის სტილს გამართლება აქვს.
დანარჩენი პარტიების გაერთიანების მოწოდებაზე შემიძლია გითხრათ, რომც გაერთიანდნენ, შედეგს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ამბობენ, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ.
"რ": პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ოპოზიციას ორი ვარიანტი რჩება - ან ცალ-ცალკე გავიდნენ არჩევნებზე და შექმნან მეორე ტურის ვარიანტი, ან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს...
რ.ს: ბოიკოტი რამდენჯერმე ითქვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის - საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ პარტიებში, ხან ნათელაშვილი აცხადებდა ბოიკოტს, ხან - "მემარჯვენეები", მაგრამ, როგორც ვნახეთ, ეს ბოიკოტი შედეგიანი არ იყო. ახლა ამის თამაში, ეს მანევრი ჩავაყენოთ, ხელისუფლებისთვის ადვილად გასაშიფრი იქნება.
ოპოზიციას გამოსავალი არ აქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ მათ არ გააუმჯობესეს თავისი შედეგები, არაფერი გამოუვათ, ამაზე კი ადრე უნდა ეფიქრათ. ისიც უნდა გაერკვიათ, რატომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი. ახლა ყველა იძახის, მაღალი რეტინგი მაქვსო.
გაჯიუტების ფონზე, რა თქმა უნდა, წააგებენ, თუ არ ისწავლიან, რომ მარტო არჩევნების წინ არ უნდა იფიქრონ გამარჯვებაზე.
"რ": "ოცნების" გამარჯვების შანსებზე რას იტყვით?
რ.ს: "ქართულ ოცნებას" ერთი თავისებური მომენტი აქვს, მისთვის თითქოს არაფრის მომტანი არ არის საპრეზიდენტო არჩევნები.
ძალაუფლების თვალსაზრისით, პრეზიდენტი დიდი ფიგურა არ არის, მაგრამ მარცხი სერიოზული მოვლენა იქნება "ქართული ოცნებისთვის" და ამ ფაქტს აიტაცებს საზოგადოება, რომ "ოცნება" დამარცხდა.
"რ": რამდენად დიდია მეორე ტურის ალბათობა, სწორედ მეორე ტურის ჩატარებაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია.
რ. ს: რაც შეეხება პირველ და მეორე რაუნდებს, რაც არ უნდა ქნას ოპოზიციამ, ხელისუფლება მეორე რაუნდის საშუალებას არ მისცემს. ბრძოლა იქნება იმაზე, რომ ყველაფერი პირველივე რაუნდში დასრულდეს.